რეზონანსი
13.05.2021

საქართველო ამერიკული ანტისატანკო სარაკეტო სისტემის - "ჯაველინის" ახალი პარტიის შესყიდვას გეგმავს - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ამჟამად აშშ-სთან ამ საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"რიცხობრივად და ტექნოლოგიურად უპირატესი მოწინააღმდეგის განეიტრალებისათვის მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ჯავშანსატანკო და მექანიზებული ქვედანაყოფების წინააღმდეგ ეფექტური საშუალებების შესყიდვა. ამ მიზნით, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან თანამშრომლობით იგეგმება ჯაველინების დამატებითი პარტიის შეძენა", - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის თქმით, თავდაცვის ძალების მაღალი მზადყოფნის შენარჩუნებისა და მისი კიდევ უფრო ამაღლების მიზნით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება განსაკუთრებით თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შეიარაღების დანერგვის გზით.

საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო სისტემა ჯაველინი პირველად 2018 წელს შეიძინა.

თავდაცვის სამინისტრომ FGM-148 Javelin-ის 72 გამშვებ მოწყობილობასა და 410 რაკეტაში $75 მილიონი დოლარი გადაიხადა.

ჯაველინს Raytheon & Lockheed Martin 1996 წლიდან აწარმოებენ. დღეის მდგომარეობით, 40 000 გამშვები მოწყობილობაა დამზადებული. ჯაველინის გამშვები სისტემის წონა 23 კილოგრამია, რაკეტის წონა კი 8.4 კილოგრამს შეადგენს. ელექტრონული საძიებო სისტემით აღჭურვილი რაკეტის სროლის მანძილი 4.75 კილომეტრია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×