რეზონანსი
13.05.2021

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იმერეთსა და ლეჩხუმში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 9 ფაქტი გამოავლინეს. ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკანონო ტრანსპორტირების 8 ფაქტია გამოვლენილი იმერეთში: ქალაქ ქუთაისში მოქალაქე საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას ვადაგასული ცნობით ახდენდა. ავტომანქანის ძარაზე მას განთავსებული ჰქონდა აკაციისა და რცხილის სახეობის დაახლოებით 0,3 კუბური მეტრი საშეშე მერქანი.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლევში, მოქალაქე დაახლოებით ნახევარი კუბური მეტრი თხმელისა (მურყანი) და წაბლის სახეობების საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას ახდენდა.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვანსა და ღორეშაში, მოქალაქეები, ჯამში 5 ერთეული წიწვოვანი სახეობის მორის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდნენ.

ხონის მუნიციპალიტეტში, ლეხაინდრაოს ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამოწმების მიზნით გაჩერებულ მოქალაქეს, ავტომანქანის ძარაზე 2 კუბური მეტრი წიფლის სახეობის დახერხილი ხე-მასალა ჰქონდა განთავსებული. მოქალაქე ხე-ტყის ტრანსპორტირებას ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახდენდა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში მოქალაქეს ავტომანქანა აკაციის სახეობის ხისგან მიღებული ბოძებით (40 ერთეული) ჰქონდა დატვირთული. ტრანსპორტირება ხორციელდებოდა შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ წევაში კი, მოქალაქე, ავტომანქანით, აკაციის ხისგან დამზადებული 180 ბოძის უკანონო ტრანსპორტირებას ახდენდა.

ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 1 ფაქტი გამოვლინდა ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში - ავტომანქანის ძარაზე მოქალაქეს კაკლის სახეობის 2 დაუფირნიშებელი მორი ჰქონდა განთავსებული.

ჯამში ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 7 მორი, 220 ბოძი და დაახლოებით 3 კუბური მეტრი დაჭრილი ხე-მასალა.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანები და ხე-ტყე დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმები შეადგინეს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადააგზავნეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×