რეზონანსი
11.05.2021

ირაკლი კობახიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხი პარტიის გადასაწყვეტია, მმართველ გუნდს კი ეს საკითხი „არ ადარდებს და არ აწუხებს“. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისი პარტიისთვის პრიორიტეტული საპარლამენტო რეჟიმში მუშაობაა.

„ჩვენთვის ეს არ არის პრინციპული საკითხი, რაც უნდათ, ის გააკეთონ. ჩვენთვის მთავარია, საპარლამენტო რეჟიმში მუშაობა და ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ. რადიკალურ პარტიებს სურთ, საკუთარი დესტრუქციული დამოკიდებულება აჩვენონ ქვეყნისა და პოლიტიკური პროცესების მიმართ. რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ვხედავთ, რომ ერთმანეთთან აქვთ მკვეთრი და მწვავე დაპირისპირება, რაც ძალიან კარგია, რადგან ზღვარი იცვლება რადიკალურ და ნაკლებად რადიკალურ ოპოზიციურ პარტიებს შორის. საერთოდ არ გვაინტერესებს, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შემოვა თუ არა. ნიკა მელიას გირაოს გადახდით არაფრის ლუსტრირება არ მომხდარა, მელია რაც იყო, ის დარჩა - არის პოლიტიკური კრიმინალი, შესაბამისად შეუძლია, თავისი გეგმები ჰქონდეს, მაგრამ სახელმწიფოს ექნება თავისი გეგმები ყველას მიმართ, მათ შორის პოლიტ-კრიმინალების მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლა-არშესვლის თაობაზე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობაა და საერთო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად შიდაპარტიული კონსულტაციები იწყება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×