რეზონანსი
11.05.2021

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პარლამენტის ახალი თავმჯდომარის გეგმებზე ისაუბრეს და აშშ-ის ელჩმა კახა კუჭავას სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კელი დეგნანი იზიარებს და მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის მზაობას, მოისმინოს ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელის პოზიცია და მაქსიმალურად ითანამშრომლოს მათთან. როგორც ელჩმა განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით მზად არის, კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთოს პარლამენტის საქმიანობაში. შეხვედრაზე საუბარი შეეხო საარჩევნო რეფორმის მიმდინარეობას. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს 2021 წლის თვითმმართველობისა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს განაცხადზე, რომელსაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე 2024 წელს გააკეთებს.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა ელჩს გამოხატული მხარდაჭერისთვის და იმ ურყევი, მტკიცე თანადგომისთვის, რასაც ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს მიმართ ყოველთვის იჩენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×