რეზონანსი
11.05.2021

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს საქართველოს მთავრობამ მხარი დაუჭირა. კანონპროექტის მიხედვით, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისთვის სასჯელი მკაცრდება.

1. წარდგენილი კანონპროექტით, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა 6-დან 10 წლამდე გაიზრდება;

2. 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება ის პირი, ვინც დიდი ოდენობით გაასაღებს ნარკოტიკულ საშუალებას;

3. მნიშვნელოვნად იზრდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის დადგენილი სასჯელი. კერძოდ, თუ დღეს მოქმედი რედაქციით აღნიშნული ქმედების ჩამდენი პირისთვის გათვალისწინებულია 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა, პროექტის თანახმად ეს ვადა 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს;

4. შემუშავებული ცვლილებების პროექტით, ასევე მკაცრდება სანქციები ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ბოლო პერიოდის პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ნარკოტიკული საშუალების გასაღებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დღეს მოქმედი სანქცია სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს შემაკავებელი ფუნქციის შესრულებას.

ნარკოტიკული საშუალების გასაღებით მიღებული მნიშვნელოვანი ფულადი სარგებელი, უმეტესად ხელს უწყობს ახალი დანაშაულის ჩადენას და ამ სფეროში არაერთი პირის ჩართვასაც. სწორედ ამ ფაქტორებითაა ნაკარნახევი სახელმწიფოს მხრიდან პოლიტიკის გამკაცრება ნარკოტიკების გამსაღებლების მიმართ.

წარმოდგენილი ცვლილებები სრულად იზიარებს საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას, მათ შორის ისეთი ქვეყნების, როგორიცაა გერმანია, ავსტრია, პორტუგალია, ესპანეთი, შვედეთი და ა.შ.” – ამბობენ უწყებაში.

შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×