რეზონანსი
26.02.2021

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ „ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში პანდემიის ერთი წელი შეაფასა. მინისტრის განცხადებით, მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, ჯანდაცვის სისტემამ სრულად უპასუხა გამოწვევებს.

„ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში პირველი კოვიდდადებითი პაციენტი დაფიქსირდა. უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს წელი იყო საკმაოდ რთული, ბევრი გამოწვევით. ეს იყო ასევე ძალიან დიდი შესაძლებლობების წელი. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ კარგად გაგვეანალიზებინა, თუ რამდენად სწორ გზაზე ვიდექით ჯანდაცვის სისტემის განვითარების მიმართულებით. ასევე ნათლად გამოიკვეთა, თუ რა ცვლილებები არის განსახორციელებელი იმისათვის, რომ მომავალში, თუ მსგავსი გლობალური პრობლემები დაფიქსირდება მსოფლიოს მასშტაბით, საქართველომ გაცილებით უფრო ეფექტურად, ნაკლები დანაკარგითა და რესურსების მაქსიმალური გამოყენებით შეძლოს ისეთი ცვლილებების განახორციელება, რომელიც ყველანაირ პასუხს გასცემს ამ გამოწვევებს“, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, მნიშნვნელოვანია აღვნიშნოთ ისიც, რომ მიუხედავად ძალიან ბევრი სირთულისა, ჯანდაცვის სისტემამ სრულად უპასუხა არსებულ გამოწვევებს.

„ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯებითა და გონივრული გადაწყვეტილებებით, ეფექტური და დროული მენეჯმენტით აღმოვჩნდით იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც საბოლოო ჯამში საკმაოდ დადებითი შეფასება მოიპოვა კოვიდ19-ის პანდემიის მართვის შეფასების კუთხით. მნიშვნელოვანია ასევე ისიც, რომ სისტემაში ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ და ამ რთული პროცესის მიუხედავად ძალიან ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვალა. მე ვგულისხმობ იმ ონლაინ-კლინიკების ჩამოყალიბებას, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. თავის მხრივ ისინი მოიცავენ ტელე-მედიცინის გარკვეულ კომპონენტებს. ამ კუთხით ჩვენ გვქონდა გარკვეული გეგმები, რომ შორეულ რეგიონებში ტელე-მედიცინის ინფრასტრუქტურულ გამართვაზე ვიმუშავებდით, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ჩვენ ამ პროექტების განხორციელებაში გარკვეული შეფერხებები გვქონდა. მიუხედავად ამისა, 2 აპრილიდან საქართველოში უკვე ფუნქციონირებდა ერთი ონლაინ-კლინიკა, რომელიც ტელე-მედიცინის სხვადასხვა კომპონენტის საშუალებით პაციენტებს კონსულტაციებს უტარებდა და შემდეგ უკვე ჩვენ ასევე ჩამოვაყალიბეთ სახელმწიფოს ბაზაზე არსებული 2 საკმაოდ მძლავრი ონლაინ-კლინიკა, რომლებმაც საკმაოდ დიდ დატვირთვას გაუძლეს. ჩემი აზრით, ეს იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც დღეს ჩვენს ჯანდაცვას პანდემიის შემდეგ მონაპოვრად დარჩა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფო საავადმყოფოების სრული აღჭურვა, მობილიზაცია და მათი მიმართებით სახელმწიფოს ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება. ამ ეტაპზე ესაა რუხის რეგიონული საავადმყოფო და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, რომლებიც ჰოლდინგის ფრთის ქვეშ არიან. ასევე მნიშვნელოვანია თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაცია, რომელიც დღესდღეობით უკვე 400-ზე მეტი საწოლით არის წარმოდგენილი საქართველოს ჯანდაცვაში. რა თქმა უნდა, ესეც სახელმწიფოსთვის და ჩვენი მოქალაქეებისათვის არის ძალიან დიდი მონაპოვარი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ რომ პანდემიამ, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი სირთულე შეგვიქმნა, სამწუხაროდ, გვქონდა დიდი დანაკარგი ჩვენი მოქალაქეების სახით, რაზეც ჩვენ ყოველთვის ვწუხვართ და ჩვენი ექიმები მუდმივად ცდილობენ თითოეული ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, მაგრამ ამის პარალელურად იყო ისეთი საინტერესო გამოწვევები და ისეთი შედეგები და მიღწევები, რომელიც არ შეიძლება რომ დავივიწყოთ და არ შეიძლება რომ არ აღვნიშნოთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )