ია აბულაშვილი
11.04.2021

„საძეგურის ჩრდილოეთს არს მონასტერი ლარგვისი წმინდის თეოდორესი, შემკული ყოველარს“ - ასე აღწერს ვახუშტი ბატონიშვილი ქართული ხურთომოძვრების ერთ-ერთ უნიკალურ ძეგლს ლარგვისის მონასტერს.

ისტორიული ცნობებით, ლარგვისის მონასტერი, რომელიც დღეს ახალგორის რაიონში მდებარეობს, აუგიათ მდინარე ქსნისა და ჭურთის წყლის შესართავთან. შუა საუკუნეებში ქსნის ხეობას ერისთავები მართავდნენ და ლარგვისის მონასტერი პირველად მოხსენიებულია „ძეგლი ერისთავთაში“. 

მონასტერი რამდენჯერმე დაინგრა და ხელახალ ააშენეს. პირველად წყალდიდობის დროს, შემდეგ თემურ ლენგის მეექვსე ლაშქრობის დროს.

ლარგვისის მონასტრის აგების შესახებ ცნობებს გვაწვდის დღემდე მოღწეული ღვთისმშობლის ხატის ასომთავრული წარწერა, რომლის თანახმად ეკლესია აუგია ერისთავ დავითს და მის დედას ქეთევანს. 

ეკლესია თბილისის სიონისა და ბარაკონის ღვთისმშობლის ეკლესიების ანალოგია. განსაკუთრებულ მნიშვნელობას კი მას სძენს ორსართულიანი სადგომები - ე.წ. „სამალავები“, რომელიც საგანძურის შესანახად იყო გამიზნული, თუმცა ამ „სამალავებს“ თავდაცვითი დანიშნულებაც ჰქონდათ, რადგან იმ დროს საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა ჯურის დამპყრობელი დათარეშობდა.

ლარგვისის მონასტრის უნიკალურობა იმაშიც მდგომარეობს, რომ ოდითგანვე ქართული მწიგნობრობის და კულტურის კერა იყო, სადაც მოღვაწეობდნენ გამოჩენილი ქართველი მწიგნობრები. მათ შორის ცნობილი მწიგნობარი ავგაროზ ბანდაის ძე, „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი. ავგაროზის საქმიანობა ლარგვისის მონასტერში განაგრძო  მისმა ვაჟმა გრიგოლმა, რომელმაც აღწერა თემურ ლენგის ლაშქრობები საქართველოში. 

მონასტრის უნიკალური ბიბლიოთეკიდან ჩვენამდე მოაღწია რამდენიმე ძვირფასმა ხელნაწერმა და საეკლესიო სიწმინდემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2023 by Resonance ltd. . All rights reserved
×