
ფუძნარის ღვთისმშობლის ეკლესია, რომელიც დუშეთში, ბოდავისხევის თავზე მდებარეობს, მთიულეთში ყველაზე ძველი გუმბათიანი ნაგებობაა. ტაძარი მე-13 საუკუნით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, ეკლესია ლაშა-გიორგის არაოფიციალურ მეუღლეს, დავით ულუს დედას, ხათუნს აუგია.
ამას ადასტურებს ეკლესიის სამრეკლოს ქვეშ, ქვიშაქვის სამ ფილაზე არსებული ასომთავრული წარწერა: „სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმინდისა დედამან ასულმან ხათუნაყ აღვაშენე წმინდა ღვითმსშობელსა სალოცავად სულთა ჩვენთვის შვილთა და მომავალ შვილებად ჩვენთა ეკლესია“.
იმას, რომ ლაშა გიორგისა და მის არაოფიციალურ მეუღლეს წვლილი მიუძღვის ამ ფუძნარის ეკლესიის აგებაში ადასტურებს უნიკალური ფრესკაც, სადაც გამოსახულია ლაშა-გიორგი ხათუნთან ერთად.
ფუძნარის ეკლესია ერთ-ერთი გამორჩეული იყო იმითაც, რომ მას თავს ედგა იმ დროისათვის უიშვიათესი გუმბათი, რომლის ყელშიც ჩაშენებული იყო თორმეტი სარკმელი.
ეკლესია „ჩაწერილი ჯვრის“ ტიპისაა. კედლები და კამარები წვრილი ნატეხი ქვითაა ნაგები. გუმბათქვეშა ბურჯები, პილასტები - აფრები კი შირიმის ქვით. ეკლესია მხატული იყო უნიკალური ფრესკებით და ქტიტორთა პორტრეტებით.