
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ნუზალის სამლოცველო, რომელიც ნუზალ-არღუანის სახელითაც არის ცნობილი, მდებარეობს რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, სოფელ ნუზალში. სამლოცველოს მოპირდაპირე მხარეს არის შუასაუკუნეების სასაფლაო და სამარხები. კლდეზე კი შემორჩენილია ნუზალის ციხის ნანგრევები.
ნუზალის სამლოცველო პირველად მოხსენიებულია ვახუშტი ბატონიშვილის მიერ, მანვე აღწერა და გადახატა ცხრა ძმის ეპიტაფია, რომელიც დღეს დაკარგულია. თუმცა ადგილობრივების გადმოცემით, ამ ცხრა ძმიდან ერთ-ერთი იყო დავით სოსლანი.
ნუზალის სამლოცველო განთქმულია თავის ფრესკებით, რომელზედაც გამოსახულია ღვთისმშობელი, წმინდა გიორგი, მიქელ გაბრიელი. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სამლოცველოს ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული ქტიტორთა ფრესკები. ერთ-ერთ პორტრეტზე არის ასომთავრული წარწერა „სოსლანი“.
ძეგლმა განსაკუთრებული ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო, როდესაც გასული საუკუნის 40-იან წლებში გავრცელდა ცნობა, რომ ნუზალში აღმოაჩინას დავით სოსლანის საფლავი. მკვლევარებმა სამლოცველოს სამარხში აღმოაჩინეს მეომრის ჩონჩხი, რომელიც სავარაუდოდ მე-12 საუკუნეს მიეკუთვნებოდა. ნუზალის სამლოცველოს კედლის მხატვრობისა და წარწერის საფუძველზე კი მიიჩნიეს, რომ ნუზალ-არღუანში დაკრძლული იყო თამარ მეფის მეუღლე დავით სოსლანი, თუმცა მოგვიანებით ეს ვერსია უარყოფილი იქნა.