"ვის რაში სჭირდება ამდენი დიპლომატი, ბიზნესის სპეციალისტი, იურისტი, სად უნდა წავიყვანოთ და დავასაქმოთ?"
ირმა ჩიტაია
03.07.2025

მიუხედავად იმისა, რომ  ეროვნულ გამოცდებს ყოველწლიურად ათეულ ათასობით აბიტურიენტი აბარებს, გარკვეულ სპეციალობებზე დეფიციტი მაინც იგრძნობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ აბიეტურიენტების უმეტესობა, ძირითადად, ერთსა და იმავე სპეციალობებზეა ორიენტირებული, როგორიცაა ბიზნეს ადმინისტრირება, იურისპრუდენცია, ჟურნალისტიკა და სხვა. 

ამ დროს, ისეთი სპეციალობები, რომელიც წესით, ეკონომიკის გამწევ ძალას უნდა წარმოადგენდეს და ქვეყანაში დოვლათს ქმნიდეს, ინტერესის მიღმაა. ეს ეხება გეოლოგიას, ენერგეტიკას, ვეტერინარიას, აგრონომიას, ინჟინერიას და სხვა. შესაბამისად, სპეციალისტები სწორედ დეფიციტური კადრების პრობლემაზე ამახვილებენ ყირადღებას და მთავრობას მდგომარეობის გამოსწორებისკენ მოუწოდებენ. 

გუშინ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ნინო წერეთელმა განაცხადა, რომ ცენტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა მშვიდი გარემო დახვდეთ აბიტურიენტებს. წელს 39 ათასი აბიტურიენტი 24 საგამოცდო ცენტრშია გადანაწილებული.

ყოველ წელიწადს საკმაოდ ბევრი აბიტურიენტი აბარებს მისაღებ გამოცდებს, თუმცა მათი დიდი ნაწილი პროფესიის გარეშე რჩება. სპეციალისტების აზრით, სახელმწიფომ უნდა გაატაროს მკაცრი პოლიტიკა და მოერგოს იმ სპეციალობებს, რაც მას განვითარებისთვის სჭირდება.

აკადემიკოსი ზურაბ ვახანია ,,რეზონანსთან" საუბრისას ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ უმაღლესი განათლება კომერციად გადაიქცა. ასეთი მიდგომით ამ ახალგაზრდების თითქმის 99% გზას სცდება. 

,,ის რაც დღეს განათლების სისტემაში ხდება, დანაშაულია. თვალსაჩინოებისთვის ერთ შედარებას მოვიყვან. კომუნისტების დროს ჩვენ დაახლოებით ორჯერ მეტი ახალგაზრდა გვყავდა, ვიდრე დღესაა და მაშინ ყოველწლიურად 8000 აბიტურიენტი ხდებოდა სტუდენტი. პროპორციულად, რომ გამოვიანგარიშოთ, დღეს სტუდენტი 4-5 ათასი აბიტურიენტი უნდა გახდეს. ეს ოპტიმალური რაოდენობა გახლავთ. საქართველოს მოსახლეობის გათვალისწინებით ამაზე მეტი სტუდენტი სახელმწიფოსთვის საჭირო არ არის. თანაც, არც პროფესორ-მასწავლებლები გვყავს იმდენი, რომ ამ არანაორმალურად გაზრდილ რაოდენობას ასწავლოს. 

ყველაზე დიდი უბედურება ისაა, რომ ასეთი განათლება არც ამ ახალგაზრდებს სჭირდებათ. ისინი მცდარ გზაზე დგანან. სინამდვილეეში იმ 4-5 ათასი გამონაკლისი სტუდენტის გარდა, დანარჩენი მაინც ვერ სწავლობს და მხოლოდ დიპლომს "ყიდულობს". გამოდის, რომ რამდენიმე წლის განმავლობაში უზარმაზარ თანხას იხდიან, ოჯახები ვალს იღებენ, წვალობენ და ბოლოს იყიდის ამ ფარატინა დიპლომს და მათი  99% თავისი სპეციალობით სამუშაოს მაინც ვერ იშოვის.

ასეთი მიდგომით, ისინი გზას აცდენილი ადამიანები ხდებიან. მათ საკუთარი თავი, მაგალითად, იურისტი ჰგონიათ და სახელმწიფოს დასაქმებას სთხოვენ. სინამდვილეში, ფაქტია, რომ არავის სჭირდება ამდენი იურისტი. ამიტომაც, საბოლოო ჯამში, ახალგაზრდები ხელმოცარულნი რჩებიან", - განუცხადა ,,რეზონანსს" ზურაბ ვახანიამ.

გამოსავალი ისააა, რომ მდგომარეობა სახელმწიფომ მართოს. მეცნიერულად შეისწავლონ სად რამდენი სპეციალისტია საჭირო და სასწავლებლებზე აკრედიტაციც ამის მიხედვით გასცენ.

,,საქმე მეცნიერულად უნდა შეისწავლონ და აკრედიტაციებიც შესაბამისად გასცენ. მთავარი უბედურება ისაა, რომ ჩვენთან განათლება სახელმწიფოებრივი საქმე არაა. ის ჩვეულებრივ კომერციად გადაიქცა. ამიტომაც, ამჟამად სფეროს მიმართ ნეოლიბერალისტური მიდგომა გვაქვს. ყველაფრისგან გვინდა ფული ვაკეთოთ. არც უმაღლესი სასწავლებელი, არც სამინსტრო და სახელმწიფო არ ფიქრობს იმ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ფარატინა დიპლომის მერე გაძვალტყავებული, ბანკის ვალიანი ოჯახები ხვდებათ. 

ძალიან ბევრი დეფიციტური საუნივერსიტეტო პროფესიები და დარგებია, რომლებიც პროფესიული კოლეჯების საქმეა. ამიტომაც, მკაფიოდ უნდა ითქვას, რომ განათლება კომერცია და ფულის კეთება არაა. აუცილებელია სახელმწიფოებრივი ზრუნვა ახალგაზრდებზე", - აღნიშნა ზურაბ ვახანიამ.

ფაქტია, განათლების სისტემა უნდა მოგოს ისეთ სპეციალობებს, რაც მას სჭირდება, თუმცა ჩვენთან პირიქით ხდება. ძველი სტერეოტიპების დამსხვრევა გვიჭირს და საზოგადოება მოდას, პოპულარობას აყოლილია. 

განათლების სფეროს ექსპერტი მუხრან გულიაშვილი აღნიშნულთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ აუცილებელია იმ მავნე სტერეოტიპების დანგრევა, რაც წლებია აზიანებს მომავალ თაობას. ამისათვის აუცილებელია საჯარო სკოლებში  დაიწყოს გარდატეხა და მოზარდებმა თავიანთი შესაძლებლობები მრავალმხრივ დაინახონ. 

,,ვფიქრობ, რომ ეს პრობლემასკოლის ფუნქციის არასწორად გააზრებისგან მოდის. სინამდვილეში სკოლის ფუნქცია არის ის, რომ ადამიანმა თავისი ბუნებრივი ნიჭი აღმოაჩინოს. მთავარია ნახოს რაშია კარგი. არაა აუცილებელი რომელიმე საგნის გაძლიერებული სწავლა გამოცდის ჩასაბარებლად და ა.შ. არც სასკოლო პროგრამაა კარგად შედგენილი. 

მნიშვნელოვანია სასკოლო განათლების სისტემის ფუნდამენტური ცვლილება. მასწავლებელი სასკოლო გარემოში უნდა აკვირდებოდეს მოზარდს და ურჩიოს მშობელს რა კუთხით არის მისი შვილი ძლიერი. არც დამატებითი თანხის გადახდა უნდა უწევდეს მშობელს. ყველა მოსწავლეს თავისი ნიჭის გამოვლენის შესძლებლობა უნდა ჰქონდეს და არ იყოს მშობლის სახსრებზე დამოკიდებული. თუ ეს პრობლემა მოგვარდება, შემდეგ არ მოხდება  პოპულარულ პროფესიებზე გასმოდევნება

ვის რაში სჭირდება ამდენი დიპლომატი, ბიზნესის სფეროს სპეციალისტები, იურისტები და ა.შ. ყოველწლიურად, ვთქვათ 5000 იურისტი ამთავრებს. სად გვაქვს ამდენი კომპანია, რომ ისინი სათითაოდ დასაქმდნენ? ეს ხომ აბსურდია. სამწუხაროდ, ყველაფერი აცდენილია ერთმანეთს. ეს ახალგაზრდებიც დროს კარგავენ", - აღნიშნა ,,რეზონანსთან" საუბრისას მუხრან გულიაშვილმა. 

მისი შეფასებით უმაღლესი განათლების მიღება ცუდი არაა, მაგრამ პრაქტიკული მიდგომა რომ გვქონდეს, მეტი ადამინი იქნებოდა ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი. სამწუხაროდ, წლიდან წლამდე მახინჯი ტენდენცია უცვლელია.

,,დღეს ტურიზმი, მეღვინეობა და მსგავსი მიმართულებები ვითარდება. დიდი მოთხოვნაა ხელობაზეც. საჭიროა სტატისტიკას დაუკვირდნენ და ადვილად დაინახავენ იმას თუ რეალურად ქვეყანას რა სჭირდება. ცუდია, რომ ეს მავნე ტენდენცია წლიდან წლამდე არ იცვლება. სადაც რეალურად კადრები გვჭირდება იქ უცხოელებს ვასაქმებთ. ვის უნდა ამდენი დიპლომატი ან იურისტი, ვერ ვხვდები რატომ არ იცვლება ეს პარადიგმა. დიდი სახელმწიფო კამპანიაა საჭირო ალბათ იმისათვის, რომ ცნობიერება შეიცვალოს.

განათლება, ზოგადად ცუდი არ არის, მაგრამ ცოტა პრაქტიკული მიდგომა რომ იყოს, ჩვენს ქვეყანასაც კარგად დაეტყობა. რაც მეტი ადამიანი იქნება დოვლათის მომტანი, მით მეტად გაიმართება წელში სახელმწიფოც", - განუცხადა ,,რეზონანსს" გულიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×