
საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა, თუმცა დინამიკა დადებითია. მაისში დაფიქსირებული 7,5%-იანი მაჩვენებლით ქვეყნის მთავარი პარამეტრი გლობალურ ტენდენციას მნიშვნელოვნად აღემატება. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დინამიკა შენარჩუნდება, ნაწილიც ცოტა სკეპტიკურადაა განწყობილი და არ გამორიცხავს, მცირე კლება კიდევ გვქონდეს, თუმცა ასეთი შედეგიც უფრო გეოპოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე იქნება.
სტატისტიკოს სოსო არჩვაძის შეფასებით, 2025 წლის მაისში საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებდა სტაბილური განვითარების ვექტორს, რითაც ქვეყნის მშპ 7.5%-ით გაიზარდა, ხოლო წლის პირველ 5 თვეში - 8.8 პროცენტით, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება როგორც რეგიონის, ისე გლობალური ზრდის ტემპს. ინფლაციამ 2025 წლის მაისში, წინა წლის მაისთან შედარებით, 3.5 პროცენტი შეადგინა.
არჩვაძის შეფასებით, ეკონომიკის, ფულადი ტრანზაქციების, ექსპორტისა და რეექსპორტის ზრდა, ეროვნული ვალუტის მდგრადობა, დეპოზიტების ორნიშნა მატება, ლარიზაციის ზრდა და ინფლაციის დაბალი ტემპი წარმოაჩენს იმ პრეფერენციებს, რაც საქართველოს ეკონომიკას გლობალური კატაკლიზმების ფონზე პოზიტიურად გამოარჩევს.
,,2025 წლის მაისში, ისევე როგორც აპრილში, საგარეო სავაჭრო ბრუნვის მთელი მატება (0.4%) უზრუნველყო ექსპორტის მატებამ (15.9%) მაშინ, როდესაც იმპორტი შემცირდა 5.1 პროცენტით. ექსპორტის მატების ტემპი, ფაქტობრივად, 2-ჯერ აღემატებოდა საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპს, რაც ადასტურებს როგორც საქართველოს ეკონომიკის რეალური სექტორის და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ფუნქციის პოტენციალს, ისე სავაჭრო-ეკონომიკურ ექსპანსიას საქონლის გლობალურ ბაზრებზე", - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.
ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს დადებითად აფასებენ ეკონომისტებიც, თუმცა ყურადღებას ამახვილებენ გამოწვევებზეც, რაც წლის ბოლოს მონაცემებში ცვლილებას არ გამორიცხავს, ნაწილიც გაცილებით ოპტიმისურად არის განწყობილი და ფიქრობს, რომ 2025 წლის ბოლოს მშპ-ს ზრდა ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწევს, სწორედ ამას ვარაუდობს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.
,,მოგეხსენებათ, რომ 7,5% იყო ეკონომიკური ზრდა მაისში, რაც იმაზე მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე მთავრობა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია პროგნოზირებდა. ტენდენცია დადებითია, ხერხდება, რომ ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. ცხადია, მეტი იყო კოვიდის შემდგომ პერიოდში, მაგრამ მას თავისი ახსნა ჰქონდა. ეკონომიკა ყოველთვის ვერ გაყვება ერთ ტემპს, მაგრამ მნიშვნელოვანია ორნიშნასთან მიახლოებული ან ორნიშნა იყოს. ამის შესაძლებლობა და რესურსი ქვეყანას ნამდვილად აქვს" - განაცხადა კაპანაძემ და იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რაც ეკონომიკური შედეგებისთვის ხელისშემწყობი აღმოჩნდა.
,,მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფაქტორმა, რომ ბიზნესის სხვადასხვა სექტორი ვითარდება, მათ შორის ტურიზმი და "აიტი" მიმართულება. გარდა ამისა, ექსპორტის მხრივაც ძალიან დადებითი ტრენდია შენარჩუნებული. ქართული კომპანიების მიერ განხორციელებული ექსპორტი თვიდან თვემზე მატულობს. ზოგადად კარგი ეკონომიკური გარემოა ქვეყანაში.
გასაგებია, რომ ინვესტიციების კუთხით გარკვეული გამოწვევებია, კარგი იქნება, რომ გაიზარდოს. არსებობს პოლიტიკური პროცესების ნეგატიური გავლენაც ეკონომიკაზე. პროგნოზი რთულია, მით უმეტეს, ვხედავთ, როგორი გეოპოლიტიკური ვითარებაა, არა მარტო კონფლიქტური სიტუაციაა, ფაქტობრივად, ომებია გაჩაღებული და გლობალური მოვლენების გავლენაც დიდია. პოლიტიკურად თუ არ დაიძაბება ვითარება, ველოდები, რომ უკვე წლის ბოლოს ორნიშნასთან მიახლოებული ზრდა დაფიქსირდება", - აღიშნა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".
განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ წლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის ტემპი შეიძლება კიდევ შემცირდეს. ამის მიზეზად ის რამდენიმე ფაქტორს ასახელებს.
,,ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებელი კარგია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს. ჩვენ არ ვიცით, რომელი სფეროები იზრდება და კონკრეტულად რა ახდენს გავლენას მშპ-ს დონეზე, რაც ვიცით, "აიტი" სფეროს მიღწევებს უკავშირდება, რაც იქ მოღვაწე მიგრანტების აქტიურობით იყო განპირობებული. ეს რამდენად დადებითად მოქმედებს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ჯერ კიდევ სადავო საკითხია.
ჩემი აზრით, შემდეგ თვეებში ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდება. ფაქტობრივად ეკონომიკა იზრდება ინერციით, რეფორმა არ გაგვიტარებია, არ მოგვიზიდავს ინვესტიციები და რომელიმე მიმართულება ეკონომიკაში მაინც და მაინც არ განვითარებულა, ძირითადად გარე ფაქტორები ახდენდნენ გავლენას. ეს ფაქტორები კი თანდათან კლებულობს და შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპიც შეიძლება შემცირდეს. ამიტომ ვფიქრობ, დინამიკა კლებადი იქნება და შესაძლოა წლის ბოლოს მშპ-ს ზრდამ 5-6%-იან ნიშნულამდე დავიდეს", - განუცხადა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9,4% შეადგინა. 2025 წელს, იანვარ-აპრილში ეს მაჩვენებელი - 8,8%-ით, მაისში - 7,5%-ით განისაზღვრა. ამასთან, ცნობილია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 7,2%-მდე გაზარდა.