"ეკონომიკური და ფინანსური შეზღუდვები მოსალოდნელი არც არის და თუკი ასეთი სანქციები მაინც იქნება, გავაგრძელებთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას"
ქეთო გოგოხია
23.09.2024

აშშ-ის მხრიდან სანქციების შესაძლო დაწესება ქართულ ეკონომიკას ვერ დააზარალებს. ყოველ შემთხვევაში, სპეციალისტები მსგავს პროგნოზს არ აკეთებენ. ეს არ ნიშნავს, რომ ეკონომიკა სანქციებს ვერ იგრძნობს, თუმცა ნამდვილად არ იქნება ისეთი გავლენა, რამაც შეიძლება ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას. თუკი რაიმე კუთხით მოსალოდნელია ნეგატიური შედეგი ეს, პირველ რიგში, სავალუტო ბაზარსა და სავაჭრო ურთიერთობებზე აისახება, რასაც ორივე სექტორი ადვილად გადაიტანს. 

როგორც ცნობილია, აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში "ქართველი ხალხის აქტს" საბოლოო შესწორებისთვის 25 სექტემბერს განიხილავენ, ხოლო შემდეგ კანონპროექტს კენჭს სენატში უყრიან. ამის შმდეგ არჩევნებს დააკვირდებიან და შესაძლო სანქციებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას.

რაც არ უნდა იყოს, ეკონომისტების ვარაუდით, ფინანსურ ორგანიზაციებზე სანქციები მკვეთრად ვერ იმოქმედებს, მას უფრო ლარის კურსი იგრძნობს, მაგრამ ისიც მოკლევადიან პერიოდში. 

ამდენად, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, პანიკა უსაფუძვლოა და ეკონომიკურ სტაბილურობას საფრთხეს ვერ შეუქმნის. მით უმეტეს, ყველასთვის ნათელია რუსეთის მაგალითი. სანქციების მიუხედავად, ჩრდილოეთში ეკონომიკური ზრდაა, ნავარაუდევია, რომ წელს 3%-მდე გაიზრდება რუსეთის ეკონომიკა და უკვე აღარც რუბლს ემუქრება რაიმე. 

აკადემიკოს ავთო სილაგაძის მოსაზრებით, ვითარება ეკონომიკურ სანქციებამდე არ მივა და რომც მივიდეს, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ გარემოზე და მით უმეტეს, საფინანსო ბაზარზე ვერ იმოქმედებს.

,,ერთია პოლიტიკოსების მიმართ დაწესებული სანქცია და  მეორეა ეკონომიკური სანქციები, რომელიც სავაჭრო ურთიერთობებს შეეხება. ეკონომიკური სანქციები გამორიცხულია, ამას ვერ გააკეთებენ, შესაბამისად, არ ველოდები ვითარების დამძიმებას და საფინანსო ბაზარზე რყევებს, ამისთვის სექტორი სკმაოდ მდგრადია. სანქციების ოფიციალურ დონეზე დაწესება მთელ პროცედურას მოიცავს, თანაც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, პრობლემას რეალურად ვერ გამოიწვევს. ქართული კომპანიების აქციები არ გაუფასურდება, არც ლარის კურსს ემუქრება საფრთხე. 

მთავარია, ფრთხილად ვიმოქმედოთ, რაღაც დონეზე შეზღუდვები  მოსალოდნელია, რომელიც ეკონომიკაზეც გავლენას მოახდენს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ იქნება", - აღნიშნა აკადემიკოსმა და დასძინა, რომ ყველაფერს გადაწყვეტს სამართლიანი არჩევნები, ხოლო სანქციების დაწესების შემთხვევაში გამოინახება ალტერნატიული გზაც, რაზეც ხელისუფლებამ ზომები წინასწარ უნდა მიიღოს.

,,ვერ ვიტყვი, რომ არაფერი მოხდება, გარკვეული დანაკარგი მოსალოდნელია, მაგრამ როგორმე უნდა იქნას კომპენსირებული შიდა და გარე რესურსით. არ მინდა მოვლენებს გავუსწროთ, სანამ არჩევნების შედეგი არ გვეცოდინება. ვიმედოვნებ, შედარებით მარტივად გამოვალთ ამ სიტუაციიდან, ყველაფერი დიდწილად პოლიტიკაზეა დამოკიდებული. 

სავაჭრო ბალანსი მნიშვნელოვნად არ არის მიბმული აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებზე და თუკი ამ მიმართულებით რაიმე შეზღუდვები იქნება, პარალელურად გავაგრძელებთ სხვა ქვეყნებთან ურთიერთობას. საქართველო, როგორც დერეფანი, ლოგისტიკური კუთხით დიდ შესაძლებლობას გვაძლევს და ეს არ შეიზღუდება. ჩვენი ეკონომიკის სიძლიერე ლარის კურსსა და საგარეო ვაჭრობაზეა დამოკიდებული და ორივე მიმართულებით სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ", - განიცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ავთო სილაგაძემ.

მართალია, დასანქცირებულ პირებს სხვადასხვა სახის შეზღუდვა შეეხებათ, თუმცა ეკონომისტები მიიჩნევენ, რომ ცალკეული მაგალითები ქვეყნის სტაბილურობას საფრთხეს ვერ შეუქმნის. სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ. 

,,ახლა მნიშვნელოვანია, თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს  პოლიტიკურმა პროცესმა ეკონომიკაზე. როცა პოლიტიკური პროცესი რადიკალიზაციისკენ მიდის, ბუნებრივია, რომ ეს სასურველი არ არის, რადგან მას ყოველთვის ახლავს უარყოფითი ეფექტი. საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ ევროკავშირსა და აშშ-სთან გაგრძელდეს მჭიდრო თანამშრომლობა. ამიტომ, პირიქით, დაძაბულობის მოხსნისკენ უნდა გადაიდგას ნაბიჯები. 

რაც შეეხება სანქციებს, იგი ქვეყნის ეკონომიკას არ შეეხება. არავინ არაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში ვითარება მეტად გართულდეს. ეს არც ევროკავშირის და არც ამერიკის ინტერესებში არაა. პრობლემას ვერც საფინანსო ბაზარზე გავლენის კუთხით ვხედავ. ყველა ძირითადი ბიზნესსტრუქტურისა და პირველ რიგში, ბანკების სააქციო კაპიტალის 90%-ზე მეტი არის უცხოური კაპიტალი. ისინი პირობითად არიან ქართული ბანკები, თორემ რეალურად, მისი მესაკუთრეები არიან უცხოელი იურიდიული პირები. ამის გარდა, ყველა მსხვილი ბიზნესსტრუქტურის, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია, დამფუძნებლების დიდი ნაწილი უცხოელები არიან. ძალიან მეეჭვება, მაგრამ ეს ორგანიზაციები თუ დასანქცირდებიან, გამოდის, რომ უცხოელები ისევ თავის თავს დაუწესებენ სანქციებს. 

ამდენად, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი არ გაღრმავდება. შეზღუდვები და აკრძალვები საქართველოს ბიზნეს ელიტას და ზოგადად ეკონომიკას არ შეეხება. ვიმეორებ, არავინაა დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში ვითარება მეტად გართულდეს. ეს არც ევროკავშირის და არც ამერიკის ინტერესებში არ შედის", - განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც ცნობილია, 2024 წლის მაისში სენატორებმა, ჯიმ რიშმა, ჯინ შაჰინმა, ბენ კარდინმა, პიტ რიკეტსმა, კრის ქუნსმა და ლინდსი გრემმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი - ქართველი ხალხის აქტი - რომელიც "ქართული ოცნების" წარმომადგენლების, ასევე ადამიანის უფლებათა დარღვევაზე, კორუფციასა და "გამჭვირვალობის კანონის" მიღებაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ სანქციებს ითვალისწინებს.

მას შემდეგ ვაშინგტონმა 40-მდე საქართველოს მოქალაქეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა, თუმცა მათი ვინაობა არ გახმაურებულა. რამდენიმე დღის წინ კი კიდევ 60-მდე ადამიანს შეეხო ამერიკული სანქციები, თუმცა კონკრეტული შეზღუდვების შესახებ ამჯერადაც ბევრი არაფერი თქმულა. ეკონომიკური საქნციების შესახებ კი მუქარა დასავლეთიდან კერ არ გახმოვანებულა. ყველა 26 ოქტომბრის მოლოდინშია, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული სისტემით პირველად უნდა ჩატარდეს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×