შაბათ-კვირას დადიან და ყველგან ეძებენ თუკი სადმე რამე იყიდება
ქეთო გოგოხია
08.05.2023

თბილისში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობების ფონზე სულ უფრო და უფრო მატულობს იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც საცხოვრებლად ქალაქგარეთ დამკვიდრებას ცდილობენ. შესაბამისად, დედაქალაქის შემოგარენში, სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე მოთხოვნა და ფასებიც სწრაფად მატულობს. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში აცხადებენ, მოთხოვნა თითქმის ყველა რეგიონშია და როგორც საცხოვრებელ ფართებზე, ასევე კომერციული დანიშნულების ობიექტებზე.

ტენდენცის ნამდვილად მზარდია, თუმცა თბილისის შემოგარენსა და რეგიონებში ფასთან დაკავშირებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. სააგენტოების ნაწილი აცახდებს, რომ მიწის ნაკვეთების ღირებულება გაორმაგდება, რასაც სხვები არ იზიარებენ და ასეთ ინფორმაციას გაზვიადებულად მიიჩნევენ.

როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებით დიდია მოთხოვნა თბილისის ირგვლივ მდებარე დასახლებულ პუნქტებში, რაზეც ,,შინვუდის“  მმართველმა პარტნიორმა ნიკოლოზ ქევხიშვილმა ისაუბრა.

„ჩვენი კომპანია ყიდის  მიწის ნაკვეთებს ტყის შუაგულში. შემიძლია ვთქვა, რომ  მოთხოვნა ეტაპობრივად მზარდია. ჯერ  ერთი წელიც არაა, რაც დავიწყეთ რეალიზაცია და უკვე გაყიდული გვაქვს 70-მდე მიწის ნაკვეთი. მაღალ მოთხოვნასთან ერთად, თბილისის შემოგარენში, ფასებიც მზარდია და სამომავლოდაც იგივეს ველით.

ჩვენი პროექტი 2025 წლის ბოლოს სრულდება და ამ დროისთვის, ვფიქრობ, ფასები მიწის ნაკვეთებზე  შეიძლება გაორმაგდეს კიდეც“, - აღნიშნა  ქევხიშვილმა ,,ბიზნესპარტნიორთან“.

ფასებთან დაკავშირებით ასეთ  პროგნოზს  უძრავი ქონების ბაზრის დილერების ნაწილი არ იზიარებს.  კომპანია ,,სიგმას" დამფუძნებელი ზურაბ ლაჩაშვილი ადასტურებს, რომ მიწებზე მოთხოვნა ნამდვილად მომატებულია, მაგრამ ბუმი ნამდვილად არ არის, რის გამოც ფასების გაორმაგებაზე მოლოდინი აშკარად გადაჭარბებულია.

,,თბლისის შემოგარენში მიწის ნაკვეთებზე ფასები და მოთხოვნაც გაზრდილია, მაგრამ კოლეგების მოლოდინს ვერ გავიზიარებ. ის, რომ ფასი გაორმაგდება და გასამმაგდება, ასე არ არის, რადგან მოთხოვნა არ არის იმ დონეზე, რომ აქამდე მივიდეს საქმე. რამდენიმე წარმატებული "ქეისი" არ ქმნის ტენდენციას. ზოგიერთი შთაბეჭდილების ქვეშ იმყოფება, გაზვიადებული წარმოდგენა აქვს.

თბილისის შემოგარენში მიწებზე დიდი აჟიოტაში არ შეინიშნება. შესაბამისად, ის, რომ მკვეთრი საფასო ცვლილება მოხდეს, ასეთი განწყობა არ მაქვს. ერთი ან ორი თუნდაც კარგი შემთხვევა ტენდენციის ჩამოყალიბებისთის არასაკმარისია.

უფრო საყურადღებო მიმაჩნია ის გარემოება, რომ რეგიონებში კომერციული ფართების მიმართ გაიზარდა ინტერესი, რაც ადრე არ შეიმჩნეოდა. გარკვეული, კომერციული დანიშნულების ობიექტების მშენებლობა მიმდინარეობს, რეგიონებშიც გაიშალნენ, რაც ბაზრისთვის კარგი სიახლეა", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ლაჩაშვილმა.

რაც შეეხება ფასს, მისი ინფორმაციით, განსხვავებულია და არის შემთხვევები, როცა კონკრეტულ უბანზე 1 კვ/მ-ის ფასი 60 დოლარიც ღირს და 300 დოლარიც. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, კაპიტალიზაციის კოეფიციენტზე, მოთხოვნაზე და ა.შ.

უძრავი ქონების აგენტების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში 15-20%-ით გაიზარდა ნაკვეთების ღირებულება. დილერი სოსო გამყრელიძე ამბობს, რომ ეს ტენდენცია კვლავაც გრძელდება.

,,ზოგადად, გარეუბნებით დაინტერესების ტრენდი პანდემიის პერიოდს უკავშირდება. ადამიანები მაქსიმალურად ცდილობდნენ დედაქალაქს გარიდებოდნენ და შემოგარებში ყიდულობდნენ მიწის ნაკვეთებს. რაღაც პერიოდში მოთხოვნა შენელდა, ახლა ისევ გააქტიურდა და ეს ფასებზეც აისახა, ბოლო პერიიდში მიწის ნაკვეთები დაახლოებით 15-20%-ით არის გაძვირებული. გამიჭირდება ვარაუდი, კიდევ რამდენით შეიძლება გაიზარდოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ტენდენცია გაგრძელდება. ეს არ ეხება მხოლოდ დედაქალაქის შემოგარენს, სადაც საკმაოდ გაჯერებული ბაზარია.

რეგიონების მიმართულებითაც გადაინაცვლა ხალხმა. ამ მხრივ კახეთი მოწინავეა, სადაც ყველაზე მეტად ცდილობენ მიწის შეძენას. ასევე მცხეთა-მთიანეთის  მაღალ მოთხოვნას ინარჩუნებს. რაც შეეხება თბლისის შემოგარენს,  ტრანზაქციების რაოდენობის მხრივ თხინვალა, წავკისი და ტაბახმელა ლიდერობს", - განუცხადა გამყრელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

2023 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს მასშტაბით კერძო სახლებისა და მიწის ნაკვეთების შეძენაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, მიწის ნაკვეთებზე საშუალოდ ზრდა არის 66%, ხოლო კერძო სახლებზე - 70%.

2023 წლის მარტში მიწის ნაკვეთის შეძენის მსურველი იყო 555 845 ადამიანი, 2022 წლის მარტში კი ამ მაჩვენებელმა 311 617 შეადგინა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×