არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში სებ-ს წლის განმავლობაში 2 მლრდ დოლარის ამოღება მოუწევს ბრუნვიდან, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია
ქეთო გოგოხია
08.05.2023

ეროვნულ ბანკს ლარის გამყარების ტემპის შესანელებლად, ფაქტობრივად, რესურსი არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ დოლარი ბაზრიდან ამოიღოს.  სპეციალისტები პარალელურად ურჩევენ სებ-ს, რომ არა გაცვლითი კურსი, არამედ ეფექტური კურსის შენარჩუნებაზე იზრუნოს, რაც ეკონომიკაში დაკრედიტების მაჩვენებელს გაზრდის. ის, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, ამაში ეჭვი არავის შეაქვს. ანალიტიკოსების გათვლით, კურსი 2,40 -იან ნიშნულს თავისუფლად მიაღწევს და ალბათ ჩამოსცდება კიდეც.

ცნობილია, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სებ-მა მიმოქცევიდან 500 მლნ დოლარი  ამოიღო და მსგავსი ღონისძიებით ახერხებს, რომ კურსი არანორმალურად არ გამყარდეს. რეალურად თუ დანარჩენ 3 კვარტალშიც მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა (რაც სავსებით რეალურია), ლარის თავბრუდამხვევი რევალვაციის შესჩერებლად, ცენტრალურმა ბანკმა წლის განმავლობაში მიმოქცევიდან 2 მილიარდი დოლარი უნდა ამოიღოს, რაც შეუძლებელია, თანაც ვერც ამდენ ლარს გაუშვებს ბრუნვაში ინფლაციის მაღალი რისკის გამო. საერთოდ კი დიდ ეფექტს ვერც ეს იძლევა, რადგან სებ-ი ამდენ ჭარბ დოლარს იღებს ბრუნვიდან და მაინც 42023 წლის იანვარ-აპრილში ლარი 24 პუნქტით გამყარდა.

ფინანსისტ გიორგი ცუცქირიძის გათვლით, 2,40-იანი ნიშნული ის მაჩვენებელია, რასაც ლარი გამყარება არ უნდა გასცდეს. ტურისტების ზრდა, ექსპორტი, ინვესტიციები, გადაზიდვებზე გაზრდილი მოთხოვნა და რუსეთ-უკრაინის ომი - ყველა მოცემულობა, რაც ლარს ამყარებს - შენარჩუნებულია და სავარაუდოდ,  წლის ბოლომდე სიტუაცია ამ მიმართულებით არ შეიცვლება.

"ობიექტური რეალობა არის წმინდა ეკონომიკური ფაქტიორი: გაზრდილი ექსპორტი, ტურიზმიდან შესავლები, რამაც მარტში 2019 წლის მაჩვენებლებსაც კი გადააჭარბა. მესამე ფაქტორია არანაკლებ მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციებია, რასაც მზარდი ტენდენცია აქვს. გამორიცხულია ინვესტიციები იზრდებოდეს და ეკონომიკა - არა. ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ეკონომიკური ზრდისა და ლარის გამყარებისთვის სწორედ შემოსული უცხოური კაპიტალი წარმოადგენს.  მეოთხე მიზეზი ფულადი გზავნილებია, რომელიც მატულობს როგორც რუსეთიდან, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდანაც. აქედან გამომდინარე, ყველა ეს ფაქტორი სავალუტო ბალანსზე აისახება.

მეორე საკითხია, ექსპორტზე შექმნილი ვითარება. არსებობს არის ასეთი განზომილება, ლარის გაცვლითი კურსი არა  დოლართან, არამედ ეფექტური კურსი!   სებ-ის ამოცანაა არა მხოლოდ გაცვლით კურსზე თვალის მიდევნება, არამედ ეფექტური კურსის რეგულირება. კურსის გამყარება ქმნის პრობლემას, ამიტომ სებ-ი  მიმართავს ინტერვენმციებს და ბაზრიდან გააქვს დოლარი, რათა ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა შემცირდეს", - აღნიშნა ცუცქირიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ეკონომისტმა ყურადღება გაამახვილა, ინფლაციაა. ბოლო 2 წლის განმავლობაში მაღალი ინფლაცია იყო, რაც ეკონომიკის რეალურ ზრდაზე და მოსახლეობის შემოსავლებზე უარყოფითად მოქმედებს. რეფინანსიერების  განაკვეთის ზრდაც ამით არის განპირობებული, ამას მოჰყვა საბანკო სერვისების გაძვირება, რაც თავის მხრივ ეკონომიკის დაკრედიტებას ანელებს.

"ახლა მთავარი ამოცანაა, დაიწყოს რეფინანსირების განაკვეთის შემცირება. 11% მაღალია და 8%-მდე უნდა ჩამოვიდეს, რაც გააიაფებს საბანკო კრედიტს და სტიმულს მისცემს ეკონომიკას. ჩემი აზრით, ლარის გამყარება შეიძლება გაგრძელდეს და 2,40-მდე დავიდეს. ყველაფერს სეზონური ფაქტორიც ემატება, მატულობს ტურიზმი და გზავნილებიც. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ უპრიანია ეფექტური კურსის დაჭერა და არა გაცვლითი კურსისისთვის თვალის დევნება", - დასძინა ცუცქირიძემ.

ლარის კურსთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებისაა ანალიტიკოსი, ფინანსური ბაზრის მკივლევარი ნიკა შენგელია, რომლის ვარაუდითაც, გამყარების ტენდენცია ნოემბრიდან შიცვლება და ლარი გაუფასურებას დაიწყებს.

,,ქვეყანაში არის დიდი საბანკო შემოდინებები რუსი მოქალაქეების ხარჯზე, რომლებიც გადმოცხოვრდნენ საქართველოში. 20 000 კომპანია ოფიციალურად საქმიანობს, ამას ემატება ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხაც, რომელიც მუდმივად იზრდება. საგარეო ვალიც დოლარში 8,470 მილიარდი დოლარია, რაც 390 მილიონით მეტია პირველ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებით. ლარში კი ეს 21,690 მალიარდს შეადგენს და 3,3 მილიარდით არის შემცირებული კურსის გამყარების გამო.

მთავრობას ამ მომენტი აწყობს, რომ ნაკლები ლარი მოხმარდება საგარეო ვალის გასტუმრებას. მარტის  მონაცემით, საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-თან  41%-მდეა, როცა 2020 წელს 60,2% იყო,  აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ლარის კურსს, ალბათ შეიყვანენ 2,40-2,45-ის ფარგლებში და აქ გაჩერდება. მისი მეტი გამყარება უკვე ექსპორტს ძალიან უშლის ხელს.

ჩათვალეთ, რომ წელს ქვეყანა ხილს გაცილებით ნაკლები ფასით გაიტანს  ექსპორტზე, ვიდრე აქამდე ახერხებდა. პარადოქსული  შემთხვევაა, რომ ინფლაცია შემცირდა  და პროდუქტებზე ასეთი მაღალი ფასი შენარჩუნდებოდა. სამწუხაროდ ასე მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ლარი გამყარებულია, ფასები დაბლა არ იწევს", - განაცხადა ნიკა შენგელიამ და მოსალოდნელ ცვლილებაზეც დასძინა.

,,ოქტომბრის შემდეგ ლარის გაუფასურება დაიწყება, დაახლოებით  ნოემბრის 10 რიცხვიდან, რის ნიშნებიც არსებობს.კერძოდ, მაისში თურქეთში არჩევნებია და რომელმა კანდიდატმაც არ უნდა გაიმარჯვოს, არეულობა მოსალოდნელია, რაც სავალუტო ბაზარზეც მოახდენს ნეგატიურ გავლენას. რადგან თურქეთთან დოლარში ვვაჭრობთ, ფასების ზრდა მოსალოდნელი იქნება. ამასთან, რუსეთში აპირებენ წლის ბოლომდე მიმოქცევაში გამოუშვან ელექტრონული ფული, ეს მაქსიმუმ 2-3 თვის შემდეგ ინფლაციის ზრდას გამოიწვევს და იქაც გაიზრდება რისკები. ვინაიდან ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი და რუსეთი არიან, ჩვენ უკვე საქართველოში უნდა ველოდოთ ინფლაციური პროცესების გაღრმავებას.

რაც შეეხება ინტერვენციებს და სებ-ის რესურსს, მას ამ მხრივ არანაირი შეზღუდვა არ აქვს. ლარს შემოუშვებს ბრუნვაში, არაფერი უშლის ხელს! თუმცა გარე გაქტორების გავლენით დაიწყება გაუფასურება. არ არ უნდა გავიგოთ ისე, რომ ისევ 3,0-მდე ავარდება კურსი, ასე არ იქნება. ჩემი აზრით, 2,60-იან მაჩვენებელს ლარი არ გადააჭარბებს", - დასძინა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ნიკა შენგელიამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×