მომდევნო თვეებიც დეფლაციური იქნება და ფასები კიდევ დაიწევს
თიკა სიბოშვილი
03.05.2023

საქართველოში ინფლაცია უკვე რამდენიმე თვეა მცირდება. ეროვნული ვალუტის გამყარებამ და ეკონომიკის აქტიურად მუშაობამ ინფლაციის მოთოკვის მიმართულებით დადებითი შედეგები გამოიღო. 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, დეფლაცია დაფიქსირდა, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის დადგენილ მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს უკვე ჩამოსცდა.

ქვეყანაში, ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა, რაც უკვე ციფრებშიც აისახა. ბოლო დროს, ქვეყანაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა ზუსტად ფასების მოთოკვა იყო, რაც ასე თუ ისე მოხერხდა. ამის მიზეზი, ძირითადად, ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება, საწვავის გიაფება, ეკონომიკის აქტიური მუშაობაა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტის, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა.

"გალტ ენდ თაგარტში" ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 3.3% იქნება. აღსანიშნავია, რომ  აპრილში, მარტთან  შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი 0.7%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული იყო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ტრანსპორტის კატეგორიაში დაფიქსირებული კლებით.

ორგანიზაციის ანალიტიკოსის ლაშა ქავთარაძის აზრით, მაისში კიდევ უფრო დაბალ ინფლაციას უნდა ველოდოთ. საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პროდუქტი, ბინების გაქირავება, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ინფლაციაში 0.7%-იანი კონტრიბუცია შეჰქონდა, მოსალოდნელია, რომ განულდება და ამის გამო ინფლაცია ქვემოთ წამოვა.

ეკონომისტი ვარაუდობს, გამორიცხული არ არის, რომ წელს ინფლაცია 2%-ზე დაბალი იყოს. ამ ფონზე, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყოს და კვლევითი ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ 10 მაისს სხდომაზე ამ მხრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ არსებულ პოზტიურ ტენდენციაზე დადებითად იმოქმედებს სეზონიც, რის გამოც კიდევ უფრო კარგ შედეგს უნდა ველოდოთ. ამ მოსაზრებას ადასტურებს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.

„ინფლაციის მონაცემების მხრივ აპრილი აშკარად გამორჩეულია. ბოლო 5 თვის განმავლობაში უკვე მე-4 თვეა დეფლაციური (დეკემბერი, თებერვალი, მარტი და აპრილი). ეს აჩვენებს, ფასების ზოგად სტაბილურობას. მეორე მნიშვნლოვანი ფაქტორია, მკვეთრად შემცირებული წლიური ინფლაციური მაჩვენებელი, რომელიც პირველად მრავალი წლის შემდეგ ჩამოსცდა ეროვნული ბანკის მიზნობრივ (3%-იან) მაჩვენებელს.

თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სერიოზულად უნდა იმსჯელოს მონეტარული განაკვეთის შემცირების მიმართულებით. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ მიმოქცევაში მეტი ფული მოხვდეს და წაახალისოს ბიზნესი და ამის ხარჯზე ეკონომიკური ზრდის პირობების გაუმჯობესებასაც შეუწყოს ხელი“, - აღნიშნა არჩვაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ოპტიმისტურ სცენარს უდნა ველოდოთ.

„ბოლო 12-თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებელი ასევე ჩამოსცდა ორნიშნა მაჩვენებელს და მხოლოდ 9,6% შეადგინა, რაც ასევე წლების განმავლობაში თითქმის მიუღწეველი იყო. ეს შედეგია, ორი ძირითადი გარემოებისა - ეს არის ეკონომიკის საკმაოდ დამაჯერებელი ზრდა და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარება, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, შედარებით სტაბილური ან კიდევ გაიაფებული ფასით მოხდეს იმპორტირებული საქონლის შემოტანა ქვეყანაში.

მაისიდან დაწყებული ოქტემბრამდე, როგორც წესი, უფრო დეფლაციური თვეებია, ვიდრე ინფლაციური. ამიტომ იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტული ინდუსტრია აღმავლობის გზაზეა და ველოდებით ნაკადის მატებას, რასაც თავისთავად მოჰყვება ვალუტის შემოდინება, ესეც დადებით გავლენას მოახდენს ეროვნული ვალუტის გამყარებაზე და შესბამისად, ინფლაციაზეც. ფასების საერთო დონეზე მოქმედი ნეგატიური ფაქტორები იქნება მინიმუმამდე დაყვანილი. ამიტომ საშუალოვადიან პერიოდში  უნდა ველოდოთ საკმაოდ ოპტიმისტურ სცენარს, დაბალ ინფლაცის მაჩვენებელს და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობის ამაღლებას“, - დასძინა არჩვაძემ.

ინფლაციის შემცირებამ, როგორც ქვეყნის ეკონომიკაზე უნდა იმოქმედოს დადებითად, ასევე კარგად აისახება მოსახლეობაზე, ამიტომაც მნიშვნელოვანია არსებული ციფრების შენარჩუნება. აფბა-ს პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში რა იქნება რთული სათქმელია, მაგრამ ინფლაციამ მიზნობრივთან ახლოს უნდა იტრიალოს.

„ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ წელსვე, ასე სწრაფად ჩამოსცდა ინფლაციის მაჩვენებელი მიზნობრივს. დადებითია ისიც, რომ სურსათის, უალკოჰოლო სასმელებისა და ტრანსპორტის ჯგუფის მიმართულებით ფასები შემცირებულია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის ეს საკმაოდ მგრძნობიარე საკითხია. მაღალი ფასები ამ მიმართულებით ყოველთვის მძიმედ აისახება ხოლმე და კარგია, რომ სახეზეა ფასების შემცირება.

გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირება, ბუნებრივია, რთულია, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ელოდებიან, რომ წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს უნდა იტრიალოს ინფლაციამ.  დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად უნდა შევძლოთ, რომ ინფლაცია იყოს 3%-ის ფარგლებში.

ეროვნული ვალუტის კურსი გამყარებულია, საკმაოდ კარგი ეკონომიკური აქტივობაა ქვეყანაში, ასევე მკაცრი მონატარული პოლიტიკა გვაქვს, რომელიც ვფიქრობ, ნელ-ნელა შემცირდება, თუმცა არა სწრაფად. ყველა ეს თუ სხვადასხვა ფაქტორი მიუთითებს იმაზე, რომ ინფლაცია იქნემა შედარებით დაბალი და ფასების სტაბილურობას საფრთხე აღარ უნდა დაემუქროს“, - დასძინა „რეზონანსთან“ გიორგი კაპანაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×