მზღვეველებს ტარიფი ნორმალურად მიაჩნიათ, ფინანსისტებს კი ეძვირებათ
ქეთო გოგოხია
02.05.2023

ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის დასაწესებლად მთავრობა უკვე მზადაა. ამ დროისთვის ცნობილია ტარიფებიც, რის გადახდაც მძღოლებს კანონის ამოქმედების შემთხვევაში მოუწევთ. ინდუსტრიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ გადასახადი გონივრულია და 200 ლარი იქნება თანხა, რის გადახდაც მძღოლებს დაეკისრებათ. განსხვავებული მოსაზრება აქვთ ექსპერტებს, რომელთა შეფასებითაც, დიდი ალბათობაა, გადასახადი ხელოვნურად იყოს გაზრდილი, რაც ინდუსტრიის ინტერესებშია და მოქალაქეებს აზარალებს.

თუკი გავითვალისწინებთ სხვა ხარჯსაც (მაგალითად, ტექდათვალიერების ტარიფი), რასაც მძღოლები ახლა იხდიან, მათი წლიური დანახარჯი საკმაოდ გაიზრდება და თითქმის 300 ლარს გაუტოლდება, ხოლო ტაქსის მძღოლებისა და დიდი ზო მის სარანსპორტო საშუალებების (სატვირთო, ავტობუსი, მიკროავტობუსი) შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი იქნება.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის დავით ონოფრიშვილის ინფორმაციით, 4-5 წლის წინ, როდესაც შესაბამისი კანონპროექტი მომზადდა, საუბარი იყო წელიწადში 150-160 ლარზე, ახლა კი, სავარაუდოდ, 200 ლარის ფარგლებში იქნება, რაც დღეში 70-80 თეთრი გამოდის. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ნაწილში, ანაზღაურება იქნება 25-30 ათასი ლარის ფარგლებში და ეს თანხა საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტს გამოუთავისუფლდება. ქონების დაზიანების შემთხვევაში ლიმიტი 25 ათას ლარს მიაღწევს.

მისი აზრით, იმისთვის, რომ დაზღვევის სექტორი განვითარდეს, მნიშვნელოვანია დაზღვევის ისეთი სავალდებულო სახეობის შემოღება, როგორიცაა ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც, წესით 2024 წელს უნდა ამოქმედდეს. აღნიშნული პაკეტის შემოღების შემდეგ ბაზარი 30%-ით გაიზრდება.

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელის დევი ხეჩინაშვილის თქმით, კანიონმდებლობაზე მუშაობის დაწყებას წინ უძღოდა ბაზრის კვლევა, შესაბამისად, ყველა წინაპირობაა, რომ ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევამ გამართულად იმუშაოს და სარგებელი მიიღოს როგორც ინდუსტრიამ, ასევე მომხმარებლებმა, რომლებიც დაზღვევის უქონლობის გამო დღემდე  დიდ ზარალს განიცდიან.

,,ჩვენ სხვადასხვა პერიოდში ჩავატარეთ დიდი საინფორმაციო კამპანია. ყველამ იცის რომ კარგია, თუმცა აქამდე მაინც სიფრთხილით უდგებოდნენ და თავს იკავებდნენ. დღეს ამ ცვლილებისთვის როგორც სექტორი, ასევე ავტომფლობელებიც მეტ-ნაკლებად მზად არიან. ეს უკვე ადამიანების შეგნებისა და კულტურის ამბავია. მას შემდეგ, რაც ამ ტიპის დაზღვევა სავალდებულო გახდება, მათ არჩევანი აღარ ექნებათ და ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ ეს კეთდება უსაფრთხოებისთვის.

დიდ ზარალს განვიცდით ყოველწლიურად იმის გამო, რომ არ გვაქვს ამ ტიპის დაზღვევა, რაც ყოველთვის ეჭვს იწვევს ინვესტორებში, რადგან დიდი ხანია ელოდებიან ცვლილებას. როცა ვამაყობთ მაღალი ეკონომიკური ზრდით, ავტოდაზღვევის ბაზარიც უნდა იყოს განვითარებული, რის ვალდებულებაც ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი", - განეცხადა ,,რეზონანსს" დევი ხეჩინაშვილმა.

რაც შეხება კანონის ამოქმედების ვადას, მისი ვარაუდით, 2024 წელს არ გასცდება, რისთვისაც ყველა პირობაა შექმნილი.

"მართლაც იყო შემთხვევები, როცა კანონმდებლობის ამოქმედება არჩევნების გამო გადაიდო. ადრე საზოგადოების მზადყოფნაც არ იყო შესაბამისი, რაც აჭაინურებდა გადაწყვეტილების მიღებას, დღეს სხვა მოცემულობაა, მოქალაქეების დიდი ნაწილიც მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საკითხს და არ ველოდებით, რომ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ყოველ შემთხვევაში, აბსოლურტური უმრავლესობა მზადაა ამ სიახლის მისაღებად, ესეც გვაძლევს იმედს, რომ კანონის ამოქმედება კიდევ არ გადავადდება. რაც შეეხება გადასახადის ოდენობას, სავარაუდოდ ეს იქნება სტანდარტული ფასი 200 ლარი, სხვა ინფორმაცია ტარიფთან დაკავშირებით არ მაქვს", - დასძინა დევი ხეჩინაშვილმა.

ავტომფლობელთა მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაზღვევის მიმართ შენიშვნები აქვთ ფინანსისტებს, განსაკუთრებით ტარიფთან დაკავშირებით. ფინანსური ბაზრის მკვლევარის ვახტანგ ხომიზურაშვილის შეფასებით, 200 ლარი საკმაოდ მაღალი გადასახადია და სჯობს დაკორექტირდეს. იგი არ გამორიცხავს, რომ ტარიფი ხელოვნურად იყოს გაბერილი, რაც მომხმარებლების უკმაყოფილებასაც გამოიწვევს.

,,ბევრი ქვეყანა სარგებლობს ამ ტიპის დაზღვევით, მაგრამ ვფიქრობ, 200 ლარი  ხელოვნურად გაზრდილი ტარფია. სჯობს, დიფერენცირებული იყოს როგორც გადასახადი, ასევე სადაზღვევო ლიმიტიც. საკითხავია, რამდენად სწორად არის გაანგარიშებული. როგორც წესი, ხშირ შემთხვევაში, როცა იძულებითი  დაზღვევის მექანიზმი შემოდის, პრემია გაბერილია. სადაზღვევო შემთხვევების რაოდენობიდან  და  შესაბამისად მიყენებული ზიანის მოცულობიდან გამომდინარე, უნდა დაითვალოს ზუსტად გადასახადი. რა მეთოდით დათვალეს, ეს გაუგებარია", - განაცხადა ხომიზურაშვილმა და დასძინა, რომ უნდა დაისვას საკითხი, რა მონაცემებია გამოყენებული გადასახადის განსაზღვრის მიზნით, რაც ეჭვებს გააქარწყლებს.

,,უნდა ვიცოდეთ, რამდენად ოპტიმალურია ტარიფი, ამ შემთხვევაში მთავარია დათვლის მეთოდი, რა მონაცემს ეყრდნობიან. გადასახადი შეიძლება იყოს გადაჭარბებული და არაადეკვატური იმ სტატისტიკასთან მიმართებით, რაც  სადაზღვევო შემთხვევების გათვალისწინებით არსებობს.

რაც შეეხება ვადას. ნაკლებად მგონია, რომ ამ 2024 წლის არჩევნებმა მას ხელი შეუშალოს, საკმაოდ მომწიფდა ეს საკითხი. უფრო მაინც მთავრობის ინივიატივაზე არის დამოკიდებული, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არაპოპულისტურ ნაბიჯად ჩაითვალოს", - დასძინა ხომიზურაშვილმა ,,რეზონანსთან".

საქართველოში მთლიან შიდა პროდუქტში სადაზღვევო სექტორის წილი 1%-ზე ოდნავ მეტია, რაც აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნებთან შედარებით 2-3-ჯერ ნაკლები მაჩვენებელია. ევროპის განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების მშპ-ში კი დაზღვევის წილი 6-7%-საც კი უტოლდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×