განსაკუთრებით სახიფათოა მიგრანტებიდან პირდაპირ "ხელზე მიღებული" კუპიურები
გვანცა წულაია
02.05.2023

საქართველოში ყალბი ფულის ბრუნვა საგრძნობლად გაიზარდა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ვალუტაში. 2022 წელს ქვეყანაში განსაკუთრებით იმატა ყალბი დოლარის ბანკნოტებმა, რაც ემიგრანტების შემოდინებას უკავშირდება. რა არის საჭირო პრევენციისათვის და როგორ უნდა გაფრთხილდეს ადამიანი რომ თაღლითობის მსხვერპლი არ აღმოჩნდეს?

საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ 2022 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა 2021 წელთან შედარებით 41.4%-ით გაიზარდა, ხოლო ლარის ყალბი მონეტების რაოდენობა - 2.7-ჯერ შემცირდა.

„2022 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა 41.4%-ით, ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა კი - 89.5%-ით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.1-ჯერ. სხვა უცხოური ყალბი ვალუტის ბრუნვამ მოიმატა 44.6 პროცენტით.

რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას, 2021 წელთან შედარებით შემცირდა 2.7-ჯერ"- აღნიშნულია სებ-ის ანგარიშში.

საბანკო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყალბი დოლარის განსაკუთრებული ზრდა მიგრანტების შემოდინებას უკავშირდება. როგორც ფინანსისტმა გოჩა თუთბერიძემ აღნიშნა, ყალბი ფულის გარჩევა ჩვეულებირივი მოქალაქასთვის ძნელია.

"ეს ძალიან რთული საკითხია, რადგან ფულის გაყალბება იმ დონეზე ხდება, რომლის შემჩნევა ჩვეულებირივი მოქალაქისთვის ძალიან ძნელია. შესაბამისი აპარატურა არავის აქვს, რომ ბანკნოტების გადამოწმება დაიწყოს.

მთავარია, მოქალაქეეებმა ფული მიიღონ ბანკებისგან, გადამცვლელი პუნქტებისაგან და ა.შ. და მოერიდონ უშუალოდ სხვადასხვა მოქალაქეებისგან მის მიღებას. ამ შემთხვევაში იგულისხმება უცხოური ვალუტა. ადამიანს მისი გადამოწმების საშუალება არ აქვს.

ძალიან ბევრი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და შემოდის, ასევე აფრიკის ქვეყნებიდან გვყავს მიგრანტები და როგორც წესი, მათ მოჰყვებათ ყალბი კუპიურებიც”, - განუცხადა "რეზონანსს” გოჩა თუთბერიძემ.

ყალბ ბანკნოტებს შორის ყველაზე მეტად 100-ლარიანებია გავრცელებული. 2022 წელს გამოვლენილ ყალბ ფულს შორის 65% სწორედ 100-ლარიანებზე მოდიოდა. 18% - 50-ლარიანებზე, 4% კი - 20-ლარიანებზე.

2022 წელს სულ 3003 ერთეული ყალბი ლარის; 1620 ერთეული - აშშ დოლარის და 156 ევროს ყალბი ბანკნოტი აღმოაჩინეს. ყალბი მონეტების რაოდენობა კი 378 ერთეული იყო.

საბანკო სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტის მიხეილ თოქმაზიშვილის აზრით, ამ მიმართულებით მხოლოდ ერთი ქვეყნის კონტროლი არ არის საკმარისი და საჭიროა საერთაშორისო კავშირების გამოყენებაც

"საიმიგრაციო კანონი მიგრანტს აძლევს იმის შესაძებლობას, რომ უცხოეთიდან საქართველოში შემოვიდეს და შემოიტანოს ფული. არავითარი შეზღუდვა არ არსებობს არც ფულის გადმორიცხავზე და არც ფიზიკური ფორმით მის შემოტანაზე. ამიტომ, ბუნებრივია, როდესაც მიგრანტების ტალღა ძალიან გაიზარდა და მათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, ვისაც ჰქონდათ ყალბი მონეტები, ის შემოიტანეს კიდეც.

აქ ერთი რამ არის, ეს საერთაშორისო დანაშაულია და მხოლოდ ერთი ქვეყანა არ არის ჩართული. საქართველოში არანაირი ვალუტა არ იბეჭდება. იგი  მზადდება უცხოეთში და შესაბამისად, ამაზე ინტერპოლი "ზრუნავს" ხოლმე. ის, რომ საქართველოში მიგრანტებმა ყალბი ფული შემოიტანეს და შემდეგ ქვეყანაში გავრცელდა, ამის მერე ისევ და ისევ მკაცრი ღონისძიბები უნდა იყოს გატარებული, თანაც საერთაშორისო მასშტაბით. უნდა დადგინდეს ყალბი ფულის წარმომავლობა. ასევე, რამდენია და როგორ აღმოჩნდა ქვეყანაში. როგორც გითხარით, აქ მხოლოდ ერთი ქვეყნის კონტროლი არ არის საკმარისი, საჭიროა, საერთაშორისო კავშირების გამოყენებაც”, - განუცხადა მიხეილ თოქმაზიშვილმა "რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×