"ველოდებით, რომ მთავრობა იტყვის საბოლოო სიტყვას სიტუაცია, ფაქტობრივად, მომწიფებულია"
ქეთო გოგოხია
27.03.2023

ავტომფლობელებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის უქონლობის გამო  სახელმწიფო ყოველწლიურად 40 მილიონ  ლარამდე კარგავს. ცალკე პრობლემაა ის ზარალი, რასაც ჩვენი მოქალაქეები როგორც სამედიცინო სერვისების მიღების, ასევე მატერიალური ზარალის კომპენსაციის კუთხით განიცდიან. როგორც აღმოჩნდა, მრავალი წლის ყოყმანის შემდეგ მთავრობაც უფრო უფრო გაბედულ ნაბიჯებს დგამს და ფაქტობრივად, ყველა წინაპირობაა, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა დაკანონდეს, ეს საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებშიც აქვს ნაკისრი.

ჯერჯერობით მხოლოდ სურვილი არსებობს, კონკრეტულად რა ნაბიჯები გადაიდგმება და რა ზომების გატარება გახდება საჭირო, რა კრიოტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ მოქალაქეებს, დეტალები ბოლომდე გარკვეული არ არის.

დიდი ალბათობით, სადაზღვევო ინდუსტრიის მოთხოვნას პარლამენტი გაითვალისწინებს და „ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა“ სავალდებულო გახდება.

როგორც ,,ბიზნეს-რეზონანსთან" პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა განაცხადა, აღნიშჭნულ საკითხს პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს.

„საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამო ბიუჯეტი დიდ რესურსს კარგავს, მასშტაბური  პრობლემაა და  სისტემურ გადაწყვეტას მოითხოვს. ეს არის საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა შეგვესრულებინა. ამ მიმართულებით ხელისუფლების მხრიდან  უკვე დაწყებულია და საკითხს საგაზაფხულო სესიაზე განვიხილავთ.

რა ნაბიჯების გადადგმა გახდება სასჭირო, როგორი მოთხოვნები და სტანდარტები შეიძლება დაწესდეს, ჯერ ვერაფერს ვიტყვით. დამატებითი დეტალებია, რაზეც ბოლომდე არ ვართ ჩამოყალიბებული. ბევრი ნიუანსია შესასწავლი და გასაანალიზებელი, რის შემდეგაც საკითხი პარლამენტის სტრუქტურებში დალაგდება და კენჭისყრაზე გავა.

მიგვაჩნია, რომ ცვლილების მისაღებად საჭირო და კარგი დროა. არსებული  გამოწვევა დაძელვადია, რაც გვაფიქრებს, რომ ქვეყანა აღებულ ვალდებულებას შეასრულებს“ - აღნიშნა სონღულაშვილმა.

სადაზღვევო სექტორში ფიქრობენ, რომ ნიადაგი მზადაა და ახლა მთავრობას, წესით, არაფერი უშლის ხელს კანონპროექტის მისაღებად. სადაზღვევო ასოციაციის თავმჯდომარის დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, საქართველოს ავტოპარკიდან გამომდინარე, წელიწადში ქვეყანაში 150 000 ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება, რომლის დიდი ნაწილი არ ხმაურდება.

,,ავტოსატრანსპორტო შემთხვევების 7-10%-მდე ზარალი სამედიცინო კუთხითაა. კანონპროექტის ამუშავების შემთხვევაში მარტო ამ მიმართულებით სახელმწიფო ჯამში დაახლოებით 40 მილიონ  ლარს დაზოგავს და ათასობით ადამიანს დიდი შეღავათს გაუწევს, როგორც სამედიცინო სერვისების მიღების, ასევე მატერიალური ზარალის კომპენსაციის კუთხითაც.

სამწუხაროდ, ავარიების დიდი რაოდენობა, ფაქტობრივად, არ ანაზღაურდება. ამ დროს დანაკარგი ფიდია როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ვინაიდან მრავალი ადამიანი შრომის უნარს კარგავს. შეიძლება ითქვას დიდ პრობლემას ვაწყდებით და  სამომავლოდ ეს სიტუაცია უნდა დალაგდეს.  მთელი მსოფლიო განიხილავს ავტოდაზღვევას, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს და საქართველოც ამ ქვეყნების რიგს უნდა შეუერთდეს", - განაცხადა ხეჩინაშვილმა და დასძინა, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა კარგი გადაწყვეტილება იქნება სადაზღვევო კულტურის ამაღლების მხრივაც, რაშიც ქვეყანა ჩამორჩენილია.

,,ველოდებით, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება სადაზღვევო კულტურა, შრომის უუნარობის შემთხვევაში კომპენსაციები გაიცემა და მატერიალური ზარალის ანაზღაურებასაც მოახდენენ. მრავალმხრივ აუცილებელი ვალდებულებაა. აღმოსავლეთ ევროპაში 8%-ზე მეტი, ხოლო მეზობელ ქვეყნებში 10%-ზე მეტია ავტოსაგზაო შემთხვევების სიხშირე. ჩვენი ავტოპარკიდან გამომდინარე ეს შეიძლება იყოს 150 000 ავტოსაგზაო შემთხვევა წელიწადში, რომლის დიდი ნაწილი ახლა არ ჩანს.

მესამე პირის სავალდებულო დაზღვევა იძლევა შესაძლებლობას, რომ ადამიანებისთვის დიდი ფინანსური ზიანის ანაზღაურება მოხდეს სწრაფად და ხარისხიანად. ველოდებით, რომ მთავრობა იტყვის საბოლოო სიტყვას ევროკავშირის მოთხოვნებიდან გამომდინარე. სიტუაცია, ფაქტობრივად, მომწიფებულია", - უთხრა ,,რეზონანსს" დევი ხეჩინაშვილმა.

მისივე თქმით, აფრიკის რამოდენიმე ქვეყნის და ავსტრალიის გარდა,  ყველგან სავალდებულოა მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა.

,,საქართველოში 1,5 მილიონი მანქანაა რეგისტრირებული და მათ მფლობელებს არავინ ავალებს მანქანის  დაზღვევას, მაგრამ 1 მილიონი მოქმედი მანქანიდან 150 000  ავტოსაგზაო შემთხვევა წელიწადში, საკმაოდ დიდი ციფრია. მნიშვნელოვანია, რომ დაზღვევის პირობებში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე მოხდება ანაზღაურება და ის არ იქნება დამოკიდებული მძღოლის შესაძლებლობაზე", - დასძინა დევი ხეჩინაშვილმა.

ცნობისთვის, ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევის შემოღების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ჯერ კიდევ 2018 წლის 31 დეკემბერს დარეგისტრირდა. მას შემდეგ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება ვერ მოხერხდა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×