გასაყიდ ბინებზე მოთხოვნამ იკლო, რაც იმის საწინდარია, რომ თანდათან ფასიც დაბლა დაიწევს
გვანცა წულაია
21.03.2023

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნამ შედარებით იკლო, შესაბამისად, ბინები ცოტათი გაიაფდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ღირებულება მკვეთრად შეიცვალა. ფასთაშორის სხვაობა არც ისე თვალში საცემია, თუმცა ტენდენცია, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე დაიწყო, დადებითია. დღევანდელი გადმოსახედიდან უახლოეს მომავალში ასეთი ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა საინტერესოა, რა იქნება საშუალოვადიან პერიოდში?

კატასტროფული სიძვირის შემდეგ, მიმდინარე ეტაპზე არსებული ვითარება შედარებით სტაბილურია. გასაყიდმა ბინებმა, როგორც იქნა, გაიაფება დაიწყო, რადგან მკვეთრი მოთხოვნა აღარ შეინიშნება და დღევანდელი გადმოსახედიდან აღარც იქნება, რადგან დადასტურდა, რომ რუსეთში დამატებით მობილიზაციას აღარ გამოაცხადებენ, შესაბამისად, საქართველოს მიგრანტების მორიგ ნაკადთან გამკლავება აღარ მოუწევს.

უძრავი ქონების სააგენტოს „სიგმას" დირექტორი ზურაბ ლაჩაშვილი ადასტურებს, რომ ბინების შეძენის ტემპმა მოიკლო. შესაბამისად, როდესაც მოთხოვნა მცირდება ღირებულებაც იაფდება, ვითარება დასტაბილურებისკენ მიდის.

"რაც შეეხება საშუალოვადიან პერსპექტივას, პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, რადგან ეს ყველაფერი რაღაც სტაბილურ ფაქტორებზე არ არის დამოკიდებული. კარგად მოგვეხსენება, რომ ფაქტორები, რომლებიც დამოკიდებულია უძრავი ქონების გაძვირებასა და გაიაფებაზე, დღესდღეობით არასტაბილურია.

არავინ ელოდა ბინების ასეთ გაძვირებას, მაგრამ უძრავი ქონების ბაზარზე იმგვარი სიტუაცია და მოთხოვნა შეიქმნა, რომ მნიშვნელოვნად გაძვირდა ყველაფერი. ახლა არ ვიცი, რამდენად გამართლდება ჩემი შეხედულება, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ვფიქრობ, მაღალი ფასების შენარჩუნებაზეა საუბარი ბინების მფლობელების მხრიდან”, - განუცხადა "რეზონანსს” ლაჩაშვილმა.

ამის პარალელურად გამოიკვეთა ერთი ასეთი გარემოება, რომ საქართველოში დარჩენილი მიგრანტები დაქირვებული ბინებიდან გამოდიან, თავად ყიდულობენ ფართებს და შემდეგ სხვებზე აქირავებენ. ამგვარი შემოსავლის გაჩენის წყაროს „სიგმას" დირექტორიც ადასტურებს.

"არ ვიცი საქართველოში დარჩენილი მიგრანტები რას ფიქრობენ, როგორ მოიქცევიან, მაგრამ ის შემიძლია გითხართ, რომ არსებობს გარკვეული ტენდენცია, რომ აქ დარჩენილი მიგრანტები იძენენ ბინებს და შემდეგ თავადვე აქირავებენ, თუმცა ეს რამდენად ბევრია და როგორ იმოქმედებს ბაზარზე, ცოტა ძნელი საპროგნოზოა”, - დასძინა "რეზონანსთან” ზურაბ ლაჩაშვილმა.

შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ბაზარმა პანიკური ეტაპი გადალახა. ახლა ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი იმისთვის, რომ ხელოვნურად გაზრდილი ფასები ბინის მფლობელებმა კიდევ უფრო დაბლა დასწიონ, მაგრამ მათი დიდი ნაწილი ცდილობს მაღალი მაზანდა ბოლომდე ინარჩუნებს.

როგორც უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის მრჩეველთა საბჭოს წევრი, კომპანია „ნოუბლ რიალ ისთეითის" დამფუძნებელი ვაჟა მებაღიშვილი აღნიშნავს, სიტუაცია დიდად შეცვლილი არ არის და ჯერჯერობით არც იმის მოლოდინი არსებობს, რომ სექტორში რადიკალური ცვლილებები იქნება.

"ვერ გეტყვით, რომ რაიმე ხელშესახები ცვლილებაა ბინების რეალიზაციის ნაწილში. რაიმე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა და იგივე მოცემულობა გვაქვს. ბოლო კვლევები რაც გამოქვეყნდა, იქაც ჩანს, რომ პრემიუმ სეგმენტზე ისევ მაღალი მოთხოვნაა, ეკონომ კლასზე შედარებით ნაკლებია და მეორად უძრავ ქონებაზე შემცირებულიც კიას. საერთო ჯამში, დიდი ცვლილება არ არის წინა პერიოდთან მიმართებით.

რაც შეეხება პროგნოზს, ჯერჯერობით არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ რადიკალური ცვლილებები იქნება. ახლო მომავალში სტაბილურად გაზრდილი მოთხოვნით და გაძვირებული ფასებით იქნება წარმოდგენილი უძრავი ქონები ბაზარი”, - განუცხადა "რეზონანსს” ვაჟა მებაღიშვილმა.

მიგრანტების მხრიდან საქართველოში შემოსავლი წყაროს გაჩენას ვაჟა მებაღიშვილიც ადასტურებს.

"მართალია, რომ საქართველოში დარჩენილი მიგრანტები "ქირიდან გამოდიან" და ბინებს ყიდულობენ. მეტიც, ისინი რამდენიმე ბინას ყიდულობენ, რომლებსაც შემდგომში აქირავებენ და შემოსავლის წყაროს იჩენენ. ამის არაერთი შემთხვევაა თბილისში”, - განუცხადა "რეზონანსს” მებაღიშვილმა.

2022 წელს საქართველოსკენ მიგრანტების ორი ნაკადი დაიძრა. პირველი, მაშინ, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, მეორე კი მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყანაში მობილიზაცია გამოცხადდა. ორივე ფაქტორმა საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე დიდი მოთხოვნა გააჩინა და ბინები სულ მინიმუმ 60-70%-ით გააძვირა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×