ფოთთან ახლოს სოფელ ჭალადიდში სახელმწიფო კორპორაცია უკვე ჭაბურღილის ბურღვას იწყებს
ქეთო გოგოხია
06.02.2023

საქართველოში გაზის საბადოების არსებობის საკითხი ისევ გააქტიურდა. სპეციალისტებს და ასევე სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეული ,,პერსპექტიული რესერსის" არსებობა არ აეჭვებთ, თუმცა მათი უმეტესი ნაწილი ფიქრობს, რომ მარაგი საყურადღებო არ არის. ოფიციალური მონაცემით, 50-მდე საბადოა, სადაც არის ნავთობისა და გაზის არსებობის პერსპექტივა. აქედან 10 შავ ზღვის შელფზე არსებული სტრუქტურებია, სადაც სავარაუდოდ არის ნავთობისა და გაზის მარაგები.

თურქეთში გაზის დიდი საბადოს აღმოჩენა ბადებს მცირე იმედს, რომ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, გარკვეული სტრატეგუიული მარაგი შეიძლება იყოს, რაზეც ნავთობისა და გაზის სააგენტოსაც არაერთხელ აქვს განცხადება გაკეთებული. ამ ეტაპზე უწყების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამეგრელოში, ხობის რაიონის სოფელ ჭალადიდში წელს სეისმური კვლევების დაიწყებას გეგმავენ.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ჭალადიდში ნავთობისა და გაზის მოპოვების მაღალი პოტენციალია. კვლევების პარალელურად დაიწყება ჭაბურღილის ბურღვაც.

„ეს ისეთი ადგილია, რომელიც ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაზვერეს, ნახეს იქ საკმაოდ მაღალი პოტენციალი. შემდეგ უკვე აღმოსავლეთ საქართველოსკენ გადმოერთო ყურადღება. სავარაუდოდ, იქ შერეული საბადოა და ნავთობთან ერთად, გაზიც არის. ვნახოთ რას გვაჩვენებს სეისმური კვლევა, რომელიც ზაფხულშია დაგეგმილი. პარალელურად ერთი ჭაბურღილიც გაიბურღება“ - განაცხადა ამ რამდენიმე დღის წინ ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა.

საქართველოს ტერიტრორიაზე გაზისა და ნავთობის მარაგების არსებობას ადასტურებს ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ტრანსკასპიური გაზსადენისა და „თეთრი ნაკადის" პროექტის განმახორციელებელი კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაყმაძე, რომლის თქმითაც, შედეგის მიღებამდე საკმაოდ დიდი ინვესტიციებია საჭირო, პროცესი გრძელვადიანია, ამიტომ ცნობილ კომპანიებს ურჩევნიათ უკვე გახსნილ საბადოებზე შევიდნენ.

,,ჩვენ დიდი იმედი გვქონდა შავი ზღვის შელფზე, მაგრამ იქ, თურქეთის მხარეს  ამ მარაგის არსებობა არ დადასტურდა.  წარმატებული რომ ყოფილიყო, ჩვენს მხარესაც მოახდენდნენ გაბურღვით სამუშაოებს. მიუხედავად ამiსა თურქეთში არის ტერიტრორიები, სადაც გაზის მარაგის არსებობა დადასტურებულია და ამაზე ქვეყანა დიდ იმედს ამყარებს. გარკვეულ მარაგს ვფლობთ ჩვენც, მაგრამ სტრატეგიულ საბადოებზე საუბარი ნაადრევია. მცირე საბადოები არის, რასაც საქართველოში ,,ფრონტერას" საქმიანობაც ადასტურებს.

ის, რასაც ნავთობისა და გაზის სააგენტო აცხადებს, საყურადღებოა, მაგრამ სათქმელი უნდა თქვას ინვესტორმა, ვინც ფულს გამოყოფს და გაბურღვას განახორციელებს. ყველაფერი შედარებითია. რაც ზედაპირზე დევს, არის საქართველოს ტრანზიტული ფუნქცია, რომელსაც  ბევრად მეტი დოვლათის მოტანა შეუძლია, ამ დერეფანმა, რაზეც ხელშეკრულებები გაკეთდა  ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, უკვე 10-მილიარდიანი სარგებელი მოუტანა ქვეყანას. მე პირადად ამ მიმართულებით მუშაობის გაძლიერება უფრო პრიორიტეულად მიმაჩნია, ვიდრე საბადოების აღმოჩენა" - აღნიშნა ვაშაყმაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

მან   ასევე აღნიშნა, რომ საქართველო უნდა შეეცადოს უფრო მიმზიდველი კანონმდებლობით და ხელსაყრელი პირობების შექმნით მსხვილი ნავთობკომპანიების შემოიყვანოს ქვეყანაში, ვინაიდან სექტორი რისკიანია და ცნობილ კომპანიებს ურჩევნიათ უკვე გახსნილ საბადოებზე შევიდნენ.

,,ეს არის საკმაოდ რისკიანი სფერო. გახსნილი საბადო უფრო იოლია, თუ ახალს გახსნიან, ცხადია, უნდა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. თურქეთმა რაც აღმოაჩინა კარგია, მაგრამ იქ ჯერჯერობით  არც დაუწყიათ მოპოვება, მხოლოდ ხმამაღალი განაცხადები ისმის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კომპანიებმა დაინახონ ამ დარგით სახელმწიფოს განსაკუთრებული დაინტერესება, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივებითაც", - დასძინა ვაშაყმაძემ.

რაც შეეხება სხვა საბადოებს, საქართველოში დღემდე აღმოჩენილია 16 საბადო და ჯამურად მოპოვებულია 27 მლნ ტონა ნავთობი და 3 მილიარდი კუბურ მეტრზე მეტი გაზი. ეს საბადოები აღმოჩენილია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში და ახლა ამ საბადოებიდან მოსაპოვებელი დარჩა დაახლოებით 5 მლნ ტონა ნავთობი და 4-5 მლრდ კუბური მეტრი გაზი.

ეკონომისტ სოსო სიმონიშვილის ინფორმაციით, შავი ზღვის შელფზე  გაზის გარკვეული მარაგები აღმოაჩინეს გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდგომ, მაგრამ მაშინ მათი გამოყენების ორგანიზება ვერ შეძლო ქვეყანამ კლანური დაპირისპირების გამო, რითაც საბოლოოდ ქვეყანა დაზარალდა.

,,საქართველო იყო პიონერი შავი ზღვის შელფზე ბუნებრივი გაზის საბადოების აღმოჩენასა და კვლევაში. ამ მიმართულებით კვლევების დაწყება  მეცნიერ  შოთა მესტვირიშვილის საქმიანობას უკავშირდება. მან  დაახლოებით 1995-1997 წლებში აღმოაჩინა, რომ შავი ზღვის ტერიტორიაზე იყო გაზის გარკვეული მარაგი, ორგანიზება გადაწყვიტა ექსპედიციისთვის, მოიძებნა სპეციალური აღჭურვილობით გემი, რომლის ხელსაწყო მეცნიერმა თვითონ შექმნა. მაშინ ითქვა, რომ ბათუმის მიმდებარე ტერიტორიაზე უზარმაზარი საბადოა, ძალიან მაღალი ხარისხის, წყალბადის მინარევით, რაც მას კიდევ უფრო აკეთილშობილებს. ბევრი დაიწერა იმჟამად პრესაშიც, თუმცა საბოლოოდ მოხდა შევარდნაძის და აბაშიძის კლანებს შორის დაპირისპირება. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია ,,ანადარკომ" გააგრძელა კვლევები, მაგრამ დაპირისპირების ფონზე ეს საქმე დაზარალდა. ვერც შემდეგომ წლებში წაიწია ერთი ნაბიჯითაც წინ.

ვერ ვიტყვი, რომ რესურსს ვერ ვიყენებთ, მაგრამ პროფესიონალების დიდი დეფიციტია, რაც ბევრ რამეში გვიშლის ხელს, ასე ხდება ზოგადად მადნების მოპოვების მიმართულებითაც, ვერ ვიყენებთ დოვლათს, რომელიც რეალურად არსებობს, ამ დროს უზარმაზარი სიმდიდრის წყაროა ქვეყანაში", - აღნიშნა სიმონიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ეკონომისტის შეფასებით რეგიონში გაზის დიდი მარაგია, რასაც სჭირდება სერიოზული ორგანიზება, რა მხრივაც დიდი პრობლემაა.

,,გაზის საბადო ბევრგან არის აღმოჩენილი შავი ზღვის შელფზე, მათ შორის უკრაინელებმა შეძლეს და ყირიმთან (როცაიგი უკრაინის შემადგენლობაში იყო) გაზის მოპოვება დაიწყეს. შემდეგ, როცა ეს მხარე რუსეთმაა მიიტაცა, გვახსოვს, უკრაინული მედია წერდა, რომ რუსული სამხედრო გემები ჭაბურღილის ჩრდილში იმალებოდნენო. ასევე დიდი რესურსია აფხაზეთში, თავისთავად თურქეთშიც,  ნავთობზე დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვი, თუმცა სადაც გაზია, იქ ნავთობიც შეიძლება იყოს, ამას დიდი ორგანიზება უნდა", - დასძინა სოსო სიმონიშვილმა.

რაც შეეხება თურქეთს, თურქულმა სააგენტო „ანადოლუმ“  2022 წლის 26 დეკემბერს გაავრცელა ინფორმაცია, საბადო ჩაიჯუმა 1-ში, 3023 მეტრის სიღრმეზე აღმოჩენილია 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მარაგი. შესაბამისად, შავ ზღვაში თურქეთის გაზის მარაგმა 710 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია.

მომავალ წელს მეზობელ ქვეყანაში აპირებენ ნავთობის მოპოვების გაზრდასაც - დღიური 80 ათასი ბარელიდან 100 ათას ბარელამდე. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საბოლოო მიზანია ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვება და კასპიის, ხმელთაშუა ზღვის და ახლო აღმოსავლეთის ენერგეტიკულ ცენტრად გადაქცევა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×