3-4 კვირის წინანდელი შეფასებები უკვე შეცვლილია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ
თიკა სიბოშვილი
30.01.2023

2022  წელი ქვეყანამ ისე დაასრულა, რომ საქართველოს ეკონომიკა, თითქმის ყოველთვიურად ორნიშნა ზრდას აჩვენებდა. შემდეგ კი გაჩნდა მოსაზრება, რომ აღებული ტემპი დავარდებოდა და მიმდინარე წელს მშპ-ს მაჩვენებელი განახევრდებოდა, თუმცა მოცემულობა სულ რაღაც 3-4 კვირაში შეიცვალა. ახლა უკვე დიდია ალბათობა იმისა, რომ 2023 წელსაც ეკონომიკურ ზრდა ორნიშნა ან მასთან მიახლოებული იქნება. ეს იკვეთება საერთაშორისო ინსტიტუტებისპროგნოზებშიც და ასევე ეკონომისტების შეფასებებშიც.

გაეროს კვლევის მიხედვით, საქართველოში ეკონომიკური ზრდის შეფასება და პროგნოზი გაუმჯობესებულია. კერძოდ, 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, ნაცვლად წინა ანგარიშში ნავარაუდევი 4,4 პროცენტისა, 10.8%-ით გაიზრდება, ხოლო 2023 წლის ეკონომიკური ზრდა კი 5.2 პროცენტის დონეზე იქნება, მაშინ როცა წინა პროგნოზი 4% იყო.

აშკარაა, რომ წლის დასაწყისში პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა შარშანდელი მაგალითის გათვალისწინებით სულაც არ არის გამორიცხული, რომ 2023 წლის შედეგი ორნიშნა თუ არა მასთან მიახლოებული მაინც იყოს. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, მიხეილ დუნდუა აღნიშნავს, საქართველოს შეუძლია გაცილებით უფრო მაღალი ტემპი  შესთავაზოს მსოფლიოს.

„თუ შევხედავთ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის პროგნოზებს და ასევე, გაეროს პროგნოზს, ვნახავთ, რომ სავალუტო ფონდის მოლოდინიც უკეთესია, ბოლოს გამოქვეყნებულ მსოფლიო ბანკის პროგნოზზე და მასზე უკეთესია გაეროს პროგნოზი. ეს მიანიშნებს, რომ რაც უფრო მეტი დრო გადის, უფრო ნათელი და ცხადი წარმოდგენა ექმნებათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და ორგანიზაციებს, რომ საქართველოს ეკონომიკური პერსპექტივა არის მყარი, ძლიერი და კარგი იმისათვის, რომ სწრაფი ეკონომიკური ზრდა გაგრძელდეს.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგნოზები, რომლებსაც საერთაშორისო ინსტიტუტები აქვეყნებენ, როგორც წესი, კონსერვატულია და უფრო მოკრძალებულია, ვიდრე რეალობა და ამას ადასტურებს ბოლო წლების ეკონომიკური ზრდის შედეგები. ასე რომ, საქართველოს შეუძლია გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა შესთავაზოს მსოფლიოს და აჩვენოს, რომ შეგვიძლია კარგად განვვითარდეთ“, - აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

არსებულ ვითარებას დადებითად აფასებს, ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე და ხაზს უსვამს, რომ ახლა დადებითი პარამეტრები შეინიშნება, რაც მცირე ეჭვის საფუძველსაც კი არ იძლევა.

„დღესდღეობით ეკონომიკის ზრდის მიმართულებით, ფაქტობრივად ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრები ისევე გაჯანსაღებულია, როგორც ეს იყო შარშან. ამიტომაც მოლოდინი იმისა, რომ რაღაც გაუარესების მიმართულებით უნდა შეიცვალოს, არ არსებობს.

ბუნებრივია, როდესაც ნარჩუნდება ყველა მიმართულებით დადებითი პარამეტრები, ვგულისხმობ ექსპორტის ზრდას, ფულის გადმორიცხვებს, ინვესტიციებს, ეს განაპირობებს, რომ კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესდა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები“, - აღნიშნა კაპანაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ თუკი ორგანიზაციები შეატყობენ, რომ ქვეყანაში მდგომარეობა უკეთესია, ვიდრე მათი პროგნოზი, თავიანთ მონაცემებს აუცილებლად შეცვლიან.

„როგორც წესი საერთაშორისო ორგანიზაციები არიან ძალიან მოზომილები თავიანთ პროგნოზებში. თუ შეატყობენ, რომ ქვეყანაში მათ პროგნოზთან შეარებით კიდევ უფრო უკეთესი სიტუაციაა, მხოლოდ შემდეგ ცვლიან ხოლმე. მაგალითად შარშანაც წლის დასაწყისში პროგნოზირებდნენ 5-6%-იანი შედეგს, თუმცა წლის ბოლოსთვის და დაახლოებით მესამე კვარტლიდან თითქმის ყველამ შეცვალა საკუთარი მოსაზრება და ორნიშნა მაჩვენებლამდე გაზარდა.

ჩვენ თუ შევინარჩუნებთ დღევანდელ დადებით სიტუაციას ქვეყანაში და მაკროეკონომიკური პარამეტრები კვლავ გაუმჯობესდება, წლის განმავლობაში კიდევ უფრო დადებითისკენ შეიცვალება საერთაშორისო შემფასებლების მოლოდინი“, - დასძინა კაპანაძემ.

პოზიტიური უყურებს 2023 წელს ანალიტიკოსი გიორგი ცუცქირიძეც. მისი აზრით, ქვეყანაში ყველა წინაპირობა არსებობს იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს.

„ფიჩი" არის ერთ-ერთი  წამყვანი კომპანია, რომლის შეფასებები არის თავისებური გზავნილი ინვესტორებისთვისაც და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც. პირველი შეფასება, რომელიც მისი მხრიდან გაკეთდა უკვე იანვარში, ასახავს იმ პერსპექტივებსა და ტენდენციებს, რომელიც არის ქართულ ეკონომიკაში.

ჩვენ არა მხოლოდ გაგვიუმჯობესდა ხარისხობრივი რეიტინგი, რომელიც იყო 2B, რასაც ჰქონდა თავისი შეფასება, რაც იყო სტაბილური და ახლა გადავიდა უკვე უფრო მაღალ მაჩვენებელზე, შედარებით უკეთესზე, რომელსაც ჰქვია 2B არა სტაბილური, არამედ უფრო მაღალი პერსპექტივით. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავარი ორიენტირი, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს სარეიტინგო შეფასებებში არის ის, რომ ჩვენ გადავიდეთ 2B-დან  საინვესტიციო რეიტინგზე, რომელიც ფაქტობირვად არის 3B.

საინვესტიციო რეიტინგი ნიშანვს იმას, რომ ქვეყანას აქვს გაცილებით დაბალი რისკები საშუალო და გრძლევადიანი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით და აქვს უფრო უკეთესი მაკროეკონომიკური პერსპექტივა. ხაზსგასმაა, როგორც საგარეო ფაქტორებზე, საგარეო მოწყვლადობაზე ასევე საუბარია ისეთ მნიშვნელოვან პარამეტრებზე როგორიცაა საგარეო ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელთან და ა.შ.  2020-წელთან შედარებით, ყველ ეს ფაქტორი არის გაუმჯობესებული“, - აღნიშნა ცუცქირიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ გასულ წელს ქვეყანამ შუალედური რეიტნგი გაიუმჯობესა, ხოლო ახლა მთავარი ამოცანა არის, რომ 2024 წლამდე საინვესტიციო რეიტინგი მივიღოთ.

„წინასწარი შეფასებები ყოველთვის კეთდება, რაც შემდეგ წლის განმავლობაში კორექტირდება, აქედან გამომდინარე თუ შევხედავთ, როგორი იყო ჩვენი შეფასება წლის დასაწყისში, მთლიანი შიდა პროდუქტისთვის იყო საშუალოდ 4%-მდე ხოლო ჩვენ დავასრულეთ 10,8%-ით, რაც არის ძალიან მაღალი მაჩვენებელი.

მთავარი ამოცანა არის 2024 წლამდე მივიღოთ საინვესტიციო რეიტინგი. რომელიც არის 3B და ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ინვესტორებსითვის, რომ აქ ჩაიდოს ინვესიტიცები და უფრო მეტი სტიმული მივცეთ ეკონომიკის განვითარებას.

2022 წლის საბოლოო მაჩვენებელი ჯერ არ არის გამოქვეყნებეული, მაგრამ ყველა პროგნოზით დეკემბერში იქნება ძლიან მაღალი ზრდა, რაც საშუალებას მოგვცემს  არა თუ 10%, არამედ უფრო მეტი იყოს. ჩვენ ყოველწლიურად გვეზრდება შანსი, რომ გავაორმაგოთ ქვეყნის ეკონომიკა“, - აღნიშნა ცუცქირიძემ „ბიზეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×