ვახტანგ იობაშვილი: "სიტუაციას ალღო უნდა ავუღოთ. ვფიქრობ, ჩვენი კომპანიების დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ფეხი აუწყონ პროცესებს"
ქეთო გოგოხია
23.01.2023

2022 საქართველოში ნავთობპროდუქტების ბაზრისთვის მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის იმპორტი და შესაბამისად, მოთხოვნაც გაიზარდა, რაც ეკონომიკაში აღმავალ ტრენდს უკავშირდება. ამ პროცესს შიდა ბაზარზე სავალუტო კურსმაც საგრძნობლად შეუწყო ხელი, თუმცა საერთაშორისო ბაზრებზე რისკები ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, რამაც შეიძლება ნებისმიერ მომენტში შეცვალოს სიტუაცია.

მიუხედავად გამოწვევებისა, არსებული ვითარება აშკარად პოზიტიურია, მით უმეტეს, ადგილობრივი ბაზრისთვის, ვინაიდან, როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ამბობს,  ფასების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია და მოლოდინიც ასევე დადებითია.

,,2022 წელს ფასები ბენზინსა და დიზელზე საკმაოდ მაღალი იყო. საერთოდ, მსოფლიო სანავთობო ბაზარი ომის ფონზე არასტაბილურად გამოიყურებოდა, ძვირი ჯდებოდა ნედლი ნავთობი და მოწოდების ღირებულებაც ჩვენს ქვეყანაშიც. უკრაინის საწინააღმდეგოდ რუსეთის ქმედებებმა თავისი კვალი დატოვა, შარშანდელთან შედარებით დიდი გაიაფება გვაქვს ბენზინზე. 3,75 ღირდა საწვავი საქართველოში, მაგრამ დღეს 2,15-2,20 ლარის ფარგლებშია.

ბენზინის ფასმა შიდა ბაზარზე საკმაოდ დიდი ცვლილება განიცადა გაიაფების მიმართულებით. არის მოლოდინიც, რომ ევრო-5 სტანდარტის დიზელის ფასი დაიწყებს კლებას, როგორც ბენზინის შემთხვევაშია. ტენდენცია კარგია და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რაც დადებითი ფაქტორია. ამ მხრივ გარკვეული გავლენა იქონია რუსეთის ფაქტორმა.

მოგეხსენებათ, რომ ,,დიდი შვიდეულის"  ქვეყნებმა ფასების ზედა ზღვარი დააწესეს, რათა შეამცირონ რუსეთის შემოსავლები და ამგვარად ხელი შეუშალონ მას უკრაინაში ომის გაგრძელებაში. კერძოდ, აშშ-მა და ევროკავშირმა უარი თქვეს რუსეთის სატანკერო ნავთობის შესყიდვაზე, ამიტომ ეს ზომებიგანსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაბალი და საშუალო დონის შემოსავლების მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის. აქამდე გვსაყვედურობდნენ, რატომ ვახორციელებთ იმპორტს რუსეთიდან, თუმცა, ის ქვეყნები, რომლებიც გვიკიჟინებდნენ, რომ ამ ქვეყნდიან არაფერი შემოგვეტანა, რუსეთიდან გაზიც  მიაქვთ და ნავთობპროდუქტებიც", - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" და დასძინა, რომ  საქართველოში ნავთობპროდუქტების  საცალო ბაზრობაზე უკვე დიდი ფასდაკლებაა და ტენდენცია გაგრძელდება.

,,ფასის კლება ჯერჯერობით გრძელდება. სხვანაირად ჩვენ ამ მოცემულობას ვერ მივიღებდით. პროცესს ვალუტის გაცვლითი კურსიც ხელს უწყობს. ვიმედოვნებთ, რომ ეს მდგომარეობა  შენარჩუნდება, თუმცა რისკები მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე მუდმივადაა. გვახსოვს, სუეცის არხში რამდენიმე საათით გაჩერდა ტანკერი და ამან უკვე გამოიწვია კატაკლიზმები მსოფლიო ბაზრებზე. ცუდი ამინდიც კი იწვევს გაუგებრობას. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, რომ ქართველ იმპორტიორებს ხშირად ნავთობის შემოტანისას გზაში უსწრებდათ ფასთა სხვაობა - იკლებდა ან მატულობდა, ეს ტენდენციები სანავთობო ბაზარს მუდმივად ახლავს.

ყველაფერი მოქმედებს, ამიტომ სიტუაციას ალღო უნდა ავუღოთ. ვფიქრობ, ჩვენი კომპანიების დამსახურებაა, რომ მაქსიმალურად ცდილობენ ფეხი აუწყონ პროცესებს და შიდა სანავთობო ბაზარი არ დააზარალონ", - აღნიშნა ვახტანგ იობაშვილმა.

მისივე შეფასებით, 2022 წელს საქართველოში ნავთპობპროდუქტების იმპორტში საგრძნობი ზრდაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობას უკავშირდება.

,,იმპორტი და ტრანზიტი საგრძნობლად მომატებულია. ცხადია, ქვეყანაში, სადაც მოხმარება გაზრდილია, ეკონომიკას აღმავალი ტრენდი აქვს. საქართველოში იზრდება მშენებლობის მასშტაბი, ინდუსტრიული საქმიანობა და ამის მიხედვით მატულობს მოთხოვნაც. მართალია, გაზრდილია ავტომობილების იმპორტიც, მაგრამ მთავარი მაინც წარმოებაა, ასევე ტრანზიტი და სხვა, რაც ნიშნავს, რომ ქვეყანა განვითარების გზაზეა და ნავთობპროდუქტების ბაზარზე ეს ყველაზე მკაფიოდ ჩანს", - დასძინა  ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ვახტანგ იობაშვილმა.

ცნობისთვის, 2022 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1150,3 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით, ანუ 0,1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1148,7 ათასი ტონა) შედარებით.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, 2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 607,4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 542,9 ათასი ტონა.

კატეგორიების მიხედვით, 2022 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" ტიპის ბენზინი - 381 ათასი ტონა (62,7%); "პრემიუმის" ტიპის ბენზინი - 213,3 ათასი ტონა (35,1%); "სუპერის" ტიპის ბენზინი - 13,1 ათასი ტონა (2,2%);

2022 წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 651,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 56,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 240,3 ათასი ტონა - 20,9%; ბულგარეთი - 109,3 ათასი ტონა - 9,5%; თურქმენეთი - 75,2 ათასი ტონა - 6,5%; აზერბაიჯანი - 55,3 ათასი ტონა - 4,8%; თურქეთი - 7,6 ათასი ტონა - 0,7%, საბერძნეთი - 4,8 ათასი ტონა - 0,4%, ყაზახეთი - 2,0 ათასი ტონა - 0,1%, ბელარუსი - 1,0 ათასი ტონა - 0,1% და სხვა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×