"ჩვენ ახლა 40%-ის მიდამოებში ვართ და წლის ბოლომდე კიდევ უფრო შემცირდება"
გვანცა წულაია
19.01.2023

2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, თითქმის ყოველთვიურად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აჩვენებდა. დიდია ალბათობა იმისა, რომ დეკემბერშიც ანალოგიური შედეგი იქნება. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, მთავრობას საგარეო ვალების აღების საჭიროება ნაკლებად არსებობდა და ვალის მოცულობა მშპ-თან მიმართებით მკვეთრად შემცირდა. მთავრობასთან ერთად, ეკონომისტების მოლოდინიც პოზიტიურია. ისინი ამბობენ, რომ მომავალ წლებში საგარეო ვალის თანაფარდობა მაკროეკონომიკურ პარამეტრთან უფრო მეტად შემცირდება.

მართალია, შარშალდელი საბოლოო მონაცემები არ გამოქვეყნებულა, თუმცა არსებობს იმის მოლოდინია, რომ გასული წელი ორნიშნა ან ორნიშნასთან მიახლოებული ეკონომიკური ზრდით ჩაიხურება, თანაც რომ არა მაღალი ინფლაცია ეკონომიკური ზრდა უფრო თვალში საცემი და შედეგს მოსახლეობაც უფრო მეტად იგრძნობდა, თუმცა "ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს ინფლაცია თანდათან დასტაბილურდება. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურმა ზრდამ საგარეო ვალის შემცირების შესაძლებლობა გააჩინა.

"ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საგარეო ვალის შემცირების საშუალება და ძალიან დიდია ეს მაჩვენებელი. იყო დრო, როდესაც 60%-ს გადააჭარბა საგარეო ვალმა და 40%-ს ჩამოსცდება უკვე 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით. მთლიანობაში არის ძალიან დადებითი ტრენდი, მთავარია ეს ტენდენცია შევინარჩუნოთ.

სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, 2027 წელს, საქართველო პირველად გადასცდება 10 ათას დოლარიან ნიშნულს. ეს არის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე, დღეისათვის, გვაქვს 6 800 დოლარი. იყო 4250 დოლარი 2 წლის წინ და შარშანდელი წელი დავასრულეთ 6800 დოლარით, რაც არის ძალიან დიდი ნახტომი. 10 ათას დოლარს გადასცდება 2027 წელს, რაც ნიშნავს რომ ჩვენ უკვე ევროკავშირის მინიმალურ სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ ეკონომიკური განვითარების კუთხით. მთავარია ეს ტემპი შევინარჩუნოთ, მშვიდობა და ეკონომიკური ზრდის სათანადო დონე”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პანდემიური წლებში საქართველოს მთავრობას ბევრი ვალი დაუგროვდა და მისი გასტუმრებაც გაუჭირდა, თუმცა დღეს არსებული ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, რამაც სწრაფმა ეკონომიკურამ ზრდამ განაპირობა.

ეკონომიკის დოქტორი სოსო არჩვაძე ადასტურებს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან შემცირდა.

"2022 წელს ორმაგად დადებითი პროცესები განვითარდა. პირველ რიგში, საქართველს ეკონომიკა სოლიდურად გაიზარდა რეალურ განზომილებაში. წლის საბოლოო შედეგები მალე გამოქვეყნებდა და იმედია, რომ ორნიშნა ან მასთან მიახლოებული შედეგი გვექნება. ამის გამო საგარეო ვალის თანაფარდობა მშპ-სთან შემცირდა. მეორე ფაქტორი კი, რომელმაც ასევე ვალის შემცირების მაშვენებელზე იმუშავა არის, ლარის გამყარება.

მთავრობის საგარეო ვალი, რომელიც 60%-ზე ადიოდა მშპ-სთან მიმართებით, მკვეთრად შემცირდა და ჩვენ ახლა 40%-ის მიდამოებში ვართ. ეს არ არის მხოლოდ წმინდა სტატისტიკა, ეს არის ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მაჩვენებელი. ეკონომიკური იმით, რომ ჩვენ საგარეო ვალის მომსახურება უფრო იოლად შეგვეძლება და ეროვნული პროდუქტის შედარებით მცირე ნაწილი წავა მის გასტუმრებაზე, ვიდრე ძველი კურსი რომ ყოფილიყო დარჩენილი.

პოლიტიკური დატვირთვა კი ის არის, რომ პოტენციური ინვესტორები, საერთაშორისო ფინანსური და ეკონომიკური ინსტიტუტები როდესაც ხედავენ საქართველოს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას, მაშინ უფრო მეტი ნდობით არიან გამსჭვალული და უფრო თამამად მონაწილეობენ სრულმასშტაბიან საინვესტიციო პროექტებში. საქართველოს თანდათანობით იმკვირდებს ადგილს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ რუკაზე, როგორც სერიოზული მოთამაშე, რომელსაც ანგარიში უნდა გაუწიონ”, - განაცხადა "რეზონანსთან” სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ ერთ სულ მოსახლება მშპ-ს 10 ათას დოლარზე მიღწევა რეალურია.

"ქვეყნის  ეკონომიკას აქვს ისეთი პოტენციალი და ისეთი სიჩქარე აქვს აკრეფილი, რომლის შეჩერებაც უკვე შეუძლებელია, თუ რაიმე ფორმსმაჟორული გარემოება და აპოკალიფტური დატვირთვა არ მიიღო გარე ფაქტორებმა. ეს 10 ათასიანი მიჯნა არ მიმაჩნია შეუძლებლად, პირიქით, ეს უნდა ჩავთვალოთ, როგორც ეტაპობრივი და შუალედური ეტაპი იმისათვის, რომ უფრო მაღალი მიზნებისთვის განვეწყოთ და დავიგეგმოთ”, - დასძინა სოსო არჩვაძემ.

ექსპერტები ამბობენ, რომ 2023 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავე იქნება, მაგრამ მიუხედავად საკმაოდ რთული გლობალური ვითარებისა, წლევანდელი და შემდგომი წლებიც საქართველოსთვის საკმაოდ კარგ შედეგს მოიტანს. `ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებლის პაატა შეშელიძის აზრით, საგარეო ვალზე დამოკიდებულება შემცირებულია.

"ბოლო ორი წელიწადი რეალური ეკონომიკური ზრდა 10%-ზეა. თანაც ინფლაცია ნაკლები რომ იყოს, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მეტი იქნებოდა.

რაც შეეხება საგარეო ვალს, მისი მოცულობა ან ახალი ვალდებულების აღება შენელებულია. შესაბამისად, უცხოურ სესხებზე დამოკიდებულება არის შემცირებული, რაც სხვადასხვა მიზეზის გამო მოხდა. მთლიანობაში, საგარეო ვალების დამატება, ისეთი ტემპით, როგორც ადრე ხდებოდა, შარშან ნამდვილად არ მომხდარა. რა თქმა უნდა, ეს გავლენას ახდენს თავად საგარეო სესხების გასტუმრების პროცესზე და ამ მხრივ საქართველოს, ბოლო ორი ათწლეულია, სირთულე არ ჰქონია. ასე რომ, ვალების გადახდა მიდის გეგმიურად და ახალი სესხების აღების ტემპიც შემცირებულია. ეს ტენდენციად იქცევა, თუ გასული წელი, უბრალოდ, გამონაკლისი იყო, ძნელი სათქმელია”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა შეშელიძემ.

ეკონომისტი ამბობს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს 10 000-დოლარიანი ზღვრის დაძლევა შესაძლებელია, თუმცა ამისთვის შესაბამისი პოლიტიკა უნდა არსებობდეს.

"პრემიერის ეკონომიურმა მრჩეველმა თქვა, რომ მშპ ერთ სულ მოსახლეზე 6500 დოლარია და ამ ნიშულიდან 10 ათასამდე ასვლა შეუძლებელი არ არის, მაგრამ ამას ხელს უნდა უწყობდეს სათანადო პოლიტიკა. საქართველოს აქვს ძალიან დიდი რესურსი, რომ სწრაფად აამუშავოს და ძალიან ბევრი ადამიანი ჩართოს ეკონომიკურ საქმინობაში, თუმცა პოლიტიკა ამის მხარდამჭერი ყოველთვის არ არის. შედეგი მიღწევადია, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ იქნება საკმარისი”, - აღნიშნა შეშელიძემ "რეზონანსთან” საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×