თურქები და იაპონელები უკვე მზად არიან საკუთარი წინადადებები წარმოადგინონ
გვანცა წულაია
17.01.2023

თურქული ჰოლდინგური კომპანია ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტირებითაა დაინტერესებული. ცნობილია, რომ თებერვლის ბოლოს-მარტის დასაწყისში მოხდება გარკვეული საბუთების გადაგზავნა და ასევე იგეგმება დაინტერესებული კომპანიის ხელმძღვანელი პირების ვიზიტი საქართველოში, რომლებიც ადგილზე გაეცნობიან პროექტის დეტალებს და შეხვდებიან ხელისუფლების წარმომადგენლებს.

თურქულ კომპანიასთან ერთად ანაკლიის პორტში ინვესტირებით აზიური კომპანიების ინტერესიც მზარდია. იაპონური კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში გასული წლის ბოლოს უკვე იმყოფებოდნენ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენება, სახელმწიფოს თანამონაწილეობით მოხდება და ამ პროექტში სახელმწიფოს წილი 51% იქნება. სწორედ ამ უკანასკნელი ფაქტორის გათვალისწინებით, აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დავით ცირდავა ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ინვესტორი უფრო დაზღვეულია, ვინაიდან 51%-ს სახელმწიფოს ფლობს.

„ანაკლიის პორტში ინვესტირების ინტერესს აზიიდან საკმაოდ ბევრი კომპანია გამოხატავს. ჯერჯერობით ინვესტირებაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ცნობილია გარკვეული სასამართლო დავა მიმდინარეობს და ახლა მიდის იმაზე მსჯელობა, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს დავა ინვესტირებაზე აისახოს.

ზოგიერთი პოლიტიკოსი ამბობდა, რომ თითქოს ინვესტორი არ წამოვიდოდა, ახლა კი, პირიქით, ვხედავთ, რომ უკვე არის წინადადებები პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის. ინვესტორი უფრო დაზღვეულია ამ შემთხვევაში, ვინაიდან 51% სახელმწიფოს ფლობს. იქ არის გარკვეული საკითხები, რომელსაც შესაძლოა, სრულად ბიზნესი მართავდეს და არა სახელმწიფო“, - განაცხადა დავით ცირდავამ "კომერსანტთან”.

საქართველოს მთავრობა იმედოვნებს, რომ 2023 წლიდან ანაკლიაში სამშენებლო სამუშაოები და პორტის განვითარება დაიწყება, თუმცა რომელი ქვეყნის კომპანია ჩადებს ინვესტიციას, ეს ჯერ გაურკვეველია.

სპეციალისტები ამბობენ, რომ პროექტში ყველაზე მნიშვნელოვანი პირობებია. ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილი ანაკლიის პორტში აშენებაში კერძო კომპანიის ჩართვას მართებულად იმ შემთხვევაში მიიჩნევს, თუკი მმართველი პაკეტი სახელწიფოს ხელში იქნება და ყველანაირ გადაწყვეტილებას საქართველო მიიღებს და არა ინვესტორი. 

"ფაქტია, რომ ანაკლიის პორტის მიმართ დაინტერესება არის. თუ პორტი სტატეგიული ობიექტი უნდა გახდეს და ასეთად მივიჩნევთ, მაშინ, სწორად არ მიმაჩნია, რომ კერძო მესაკუთრის ხელში იყოს. ეს არის მთავარი, თორემ განხორციელებას წინ არაფერი არ უდგას. ამხელა პორტი იმიტომ აშენდება, რომ რომელიღაც კერძო კომპანიამ იხეიროს, თუ სახელმწიფოს მართლაც სტრატეგიული ობიექტი შეემატოს და ქვეყანამ მიიღოს სარგებელი?

თუკი საკონტროლო პაკეტი ექნება სახელმწიფოს, კი ბატონო, მაშინ ვეთანხმები პროექტში კერძო კომპანიის შემოყვანას. გადაწყვეტილებების მიმღები საქართველო უნდა იყოს და არა კერძო კომპანია, რადგან კერძო ინვესტორი იმას არ ნიშნავს, რომ ანგელოზი შემოვა და ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც სახელმწიფოს სურს. 

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა და საკუთარი ფინანსებით ვერ მოახდენს ასეთი მასშტაბური პროექტის მშენებლობას, ამიტომ შეიძლება კერძო კომპანიის ჩართვა, უბრალოდ, ისე არ უნდა მოხდეს, რომ მას ჰქონდეს გადამწყვეტი სიტყვა

როდესაც პირობებზე იქნება საუბარი, დეტალებიც შემდეგ გაირკვევა. ასეთ სტრატეგიულ ობიექტებზე 10-ჯერ მეტი დაფიქრება მართებს ხელისუფლებას, რადგან მათი მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა, მომავალში სხვა მთავრობამ ვეღარც კი გამოასწოროს”, - განუცხადა "რეზონანსს” ჯანიაშვილმა.

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში თურქული კომპანიის მონაწილება გარკვეულწილად რისკის შემცვლელია. სწორედ ამაზე საუბრობს ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი რამაზ გერლიანი და პესიმიზმის მიზეზებსაც ხსნის.

"კომპანია უნდა იყოს საერთაშორისო დონის და, რა თქმა უნდა, პროექტების შესრულების გამოცდილება უნდა ჰქონდეს. მანვე პროექტის უზრუნველყოფა უნდა შეძლოს, რისთვისაც, პირველ რიგში, საჭიროა ფინანსები, რაც უნდა გააჩნდეს. კომპანიას ასევე ხანგრძლივი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს საერთაშორისო საფინანსურ ინსტიტუტებთან. ამ ყველაფრის შემდეგ უკვე შეიძლება იმაზე ფიქრი, რამდენად რეალურის მისი შემოთავაზება.

თურქული კომპანიის შემოსვლას გარკეულწილად მაინც პესიმისტურად ვუყურებ, რადგან შავი ზღვის ყურეში ჩვენი მთავარი ერთი კონკურენტი სწორედ თურქეთია. რაღაც კუთხით რისკის შემცველია, რომ ჩვენი ძირითადი კონკურენტი ქვეყნიდან იყოს პროექტის შემსრულებელი ან პორტის ოპერირების განმახორციელებელი კომპანია.

თუ საერთაშორისო კომპანიაა, მაშინ რისკი ნაკლებია, მაგრამ მაინც საყურადღებოა, თუმცა მაქსიმალურად უნდა იქნას რისკები დაზღვეული. როდესაც კონკურენტი პოტენციალურად გიკეთებს საქმეს, ჩემი პესიმისტური მოსაზრება ლეგიტიმურია”, - განუცხადა "რეზონანსს” გერლიანმა. 

ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი კი ამბობს, რომ ანაკლიის პორტთან დაკავშირებული მიმდინარე საარბიტრაჟო დავა არა პროექტს, არამედ სახელმწიფოს ეხება, შესაბამისად, ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულნი არიან.

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა თებერვლის ბოლომდე გამოცხადდება. თავად პროექტი კი სამ ეტაპად განხორციელდება, პირველი ეტაპის სამუშოები 300 მლნ დოლარი დაჯდება. რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს, როგორც ვიცე-პრემიერი ამბობს, ამის რესურსები სახელმწიფოს გააჩნია. თანხა შესაძლოა, საპენსიო ფონდიდანაც გამოიყენონ, რადგან ეკონომიკაში ეს ფონდი ზუსტად ასეთ როლს ასრულებს. მთლიანობაში, ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელებას კი 10 წელზე მეტი დასჭირდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×