რატომ ვერ ახდენს გავლენას უმსხვილესი მომწოდებლის მიერ ფასის შემცირება ადგილობრივ ბაზარზე?
გვანცა წულაია
17.01.2023

2022 წელი ავტობიზნესისთვის უკეთესი იყო, ვიდრე 2021 წელი, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ მიღებული შედეგი ძალიან კარგია. მართალია, შარშან ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა, თუმცა პარალელურად გაძვირდა მისი ღირებულებაც. გარდა ამისა, ლოგისტიკური ხარჯმაც მოიმატა და მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში მეორადი მანქანები მკვეთრად გაიაფდა, საქართველოში მსგავსს არაფერს ელდებიან.

როგორც ავტოიმპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ლაშა დარბაისელმა განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ ავტომობილების ტრანსპორტირების დრო გაზრდილია, მატულობს ხარჯიც.

"2022 წელს წელს ზრდა გვაქვს დანამდვილად. ყოველთვიურადაც კი იმატებს მანქანების რეალიზაცია, მაგრამ ეს მონაცემები დამაკმაყოფილებელია მაინც არ არის. ჩვენი ასოციცია შედარებას ახდენს 2019 წლამდე პერიოდთან, როდესაც ღია იყო სომხეთის ბაზარი. ჩვენი სურვილი და მიზანი არის ის, რომ დიდი ნაბიჯებით იყოს მატება და არა ისე, როგორც ახლაა, ნელ-ნელა, მინიმალური პროცენტებით. ესეც კარგია, წინა წლებთან შედარებით, მაგრამ ყველაფერი ძალიან კარგად მაინც არ არის.

ავტომობილის ტრანსპორტირება საიდანაც არ უნდა მოხდეს, ყველგან გაძვირებულია. ჩამოყვანის ხარჯი თითქმის მანქანის ღირებულების ტოლია. თანაც რაც უფრო დიდხანს არის ავტომობილი გზაში, იმპორტიორი მით უფრო მეტად ზარალდება, რადგან ჩვენს ბიზნესში დროის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. შეკვეთილი პროდუქციის ჩამოსვლის დრო გაიზარდა, შესაბამისად მოიმატა ხარჯებმაც.

ამ ეტაპზე ავტოიმპორტიორებს ტრანსპორტირება თითქმის ერთი მანქანის საფასური გვიჯდება, შესაბამისად, სანამ ეს პრობლემა, კონტეინერებისა და გემების შემოსვლა არ მოწესრიგდება, მანამ მანქანები არ გაიაფდება, პირიქით,  შესაძლოა, ფასი 10-15%-ით გაიზარდოს”, - განუცხადა "რეზონანსს” დარბაისელმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით დეკემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მეორადი ავტომობილების საფასური 14.9%-ით შემცირდა, რაც ვარდნის რეკორდული მაჩვენებელია.

ლაშა დარბაისელი ამბობს, რომ თუ ჩამოყვანის ფასი არ შემცირდება, მაშინ ქართველი ავტოიმპორტიორი საკუთარი სურვილით ავტომობილს თანხას ვერ დააკლებს.

"რაც შეეხება ამერიკას, იქ ნამდვილად არის მეორადი ავტომობილების ფასი შემცირებული, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე მნიშველოვანი და მთავარი არის ტრანსპორტირება. ავტომობილის შეძენის შემდგომ სხვა პროცედურებია გასავლელი, ყიდვა მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგ არის ტრანსპორტირება,  გასაყიდად მომზადება და ა.შ.

ველოდებით იმას, რომ ლოგისტიკა ცოტა უფრო დალაგდეს, მოწესრიგდეს და შემდგომ ჩვენც ავეწყობით. თუ ავტომობილის ჩამოყვანის ფასი არ შემცირდა, მაშინ ქართველი ავტოიმპორტიორი თავის სურვილით თანხას ვერ დააკლებს”, - დასძინა "რეზონანსთან” ლაშა დარბაისელმა.

პანდემიის დადგომასთან ერთად, მსოფლიო არაერთი უცნაური ტენდენციის წინაშე აღმოჩნდა და, მათ შორის, გამონაკლის არც ავტომობილების ბაზარი ყოფილა. უმოკლეს პერიოდში ახალი და მეორადი ავტომობილების ფასები რეკორდული ტემპით გაიზარდა, რაც ლოქდაუნების გამო ქარხნების დახურვითა და საწარმოო პროცესების შეფერხებით იყო განპირობებული.

კორონავირუსის პერიოდის გადავლის და ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის შემდეგ, ბიზნესმა მუშაობა განაახლა, თუმცა ძალების აღდგენა კვლავინდებურად ჯერჯერობით ვერ ხდება.

გასული წლის შეჯამებისას საავტომობილო სფეროს სპეციალისტი, ავტოიმპორტიორი, კომპანია „რობანი მოტორსის" დამფუძნებელი ელგუჯა ჯამაგიძე ამბობს, რომ 2021 წელი წინა წლებთან შედარებით კარგი იყო.

"2022 წელს გაიზარდა, როგორც იმპორტი, ისე ექსპორტი და შესაბამისად, შემოსავლებიც. ამას დაერთო ის, რომ ფასები ნელ-ნელა ზევით იწევს, თანხები იზრდება, მაგრამ თავად ამ ბიზნესით დაკავებული ადამიანების მოგება - არა. ვიღაცას მიაჩნია, რომ სიტყვაზე, ბრუნვა თუ 10 მლნ-ზე ავიდა, ბიზნესში დასაქმებულებსაც მოემატა შემოსავალი. არა, ასე არ არის, უბრალოდ, გარე ბაზარზე, საიდანაც იმპორტი ხდება, იზრდება ფასი, რაც შიდა ბაზარზე იწვევს ღირებულების მატებას.

ამერიკულ ბაზარზე მეორადი ავტომობილების ფასები საკმაოდ მომატებულია. ღირებულება დაბალი არ არის, არც შემცირებულია. ამერიკაში ფასები ჯერჯერობით არ დარეგულირებულა, რადგან იქ მოთხოვნა ძალიან დიდია. შესაბამისად, მისი უზრუნველყოფა მწარმოებლებს და მიმწოდებლებს ბოლომდე არ შეუძლიათ, ამიტომ მეორად მანქანებზე ფასი შემცირებული არ არის. გამონაკლისია დაზიანებული მანქანები, რომელსაც ამის გამო ღირებულება აკლდება", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ჯამაგიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×