ქვეყნისთვის მოწოდებული გაზი რეალურად არის გაუფილტრავი, დაუმუშავებელი აირი
ქეთო გოგოხია
16.01.2023

გაზის მოხმარება მოსახლეობის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებას დიდ რისკს უქმნის. მით უმეტეს, როცა იგი დაბალი ხარისხისაა.  ამ დროს მთელი თბილისი და ასევე რეგიონებიც, უხარისხო გაზით მარაგდება, რაც საფრთხეს განსაკუთრებით ზრდის.  სპეციალისტების რეკომენდაციაა, გაზის მოხმარების პირობები სათანადოდ მოწესრიგდეს  და კონტროლი გაძლიერდეს. მით უმეტეს,  ბუნებრივი აირი საშიშია მაშინაც, როცა მხოლოდ გაზქურა მუშაობს, იგი სახლში ჰაერის დაბინძურების დადგენილ ზღვარს არღვევს და ბავშვებში შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემება გამოიწვიოს, განსაკუთრებით ასთმური დაავადებები.

ახალი კვლევის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ვენტილაციის გარეშე გაზქურაზე კერძების მომზადებისას, დახურულ სივრცეში აზოტის დიოქსიდის დონე რეგულარულად აჭარბებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰაერის ხარისხის სახელმძღვანელოსა და ევროკავშირის ჰაერის დაბინძურების სტანდარტების ნორმებს.

გაზის ღუმელები ასევე წარმოქმნის ნახშირჟანგს, ულტრაწვრილ ნაწილაკებს და სხვა დამაბინძურებლებს, რომელთაც ბავშვებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების გამოწვევა შეუძლიათ, განსაკუთრებით კი ფილტვის დაავადებების.

პრობლემა აშკარად სერიოზულია საქართველოსთვის, ვინაიდან, როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მოწოდებული გაზის ხარისხი სტანდარტს მინიმალურ დონეზეც ვერ აკმაყოფილებს. აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე ბუნებრივი აირის მოხმარებასთან დაკავშირებულ საფრთხეს ადასტურებს და აცხადებს, რომ პრობლემა ნამდვილად არსებობს, რასაც იგი საწვავის ხარისხს უკავშირებს.

,,გაზი ზოგადად  საშიში თბომატარებელია, მისი მოხმარებისას სტანდარტის დაცვა არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, რადგან მცირე შცდომაც კი შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს - ჯანმრთელობის დაზიანებით, ზოგ შემთხვევაში, ფატალურად, ამიტომ მოსახლეობას დიდი სიფრთხილე მართებს. უფრო მეტად კი მთავრობას, რომ უსაფრთხოება კანონმდებლობის დონეზე უზრუნველყოს. გაზს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქოლგა - გამწოვი, შუა ოთახში დაუშვებელია გაზის მონტაჟი, ამასთან აუცილებელია სარკმელი, რათა სამზარეულო  სისტემატურად ნიავდებოდეს და ეს პირობები იყოს დაცული.

საბჭოთა პერიოდში აშენებულ ბინებში გამწოვი გისოსები იყო, რაც დღეს იშვიათად კეთდება.  ბოლო დროს ასეთ დეტალებს არავინ აქცევს ყურადღებას, რაც ადრე მაქსიმალურად კონტროლდებოდა და უსაფრთხოება მაღალ დონეზე იყო გათვალისწინებული“, - აღნიშნა სიმონ ბარამიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

რაც შეეხება გაზის ხარისხს, მისი განმარტებით, საქართველოსთვის მოწოდებული გაზი რეალურად არის გაუფილტრავი, დაუმუშავებელი აირი, რომლის მოხმარება სტანდარტის მკაცრად დაცვას მოითხოვს.

,,ყველამ ვიცით, რომ გაზის ხარისხი არ არის მაღალი, რადგან  არ იწმინდება, მოდის პირდაპირ, დაბალკალორიულია და დაბალი ხარისხისაა. ამით აიხსნება ისიც, რომ გაზს დღეს არ უწერია ნომინალური მ/კუბი, რაც ნიშნავს, რომ გაზი აცდენილია ყველა საჭირო სტანდარტს.

რა გაზიც შემოდიოდა რუსეთიდან, სტანდარტთან სულ თანხვედრაში იყო - 1 კუბ/მ გაზის წვისგან 9 კვტ/სთ ელექტროენერგიას ვიღებდით. ახლა ეს მაჩვენებელი 6 კვტ/სთ-ს შეადგენს, ვინაიდან გაზი არ სუფთავდება. რუსული გაზი გაცილებით მაღალი ხარისხისაა. ძალიან ძვირია ასევე ირანული, რომელიც 11 კვტ/სთ-ს ელექტროენერგიას იძლევა. იგი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში, ხარისხის მიხედვით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილზე უნგრეთის გაზია, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით იწარმოება და თავის დროზე ჰიტლერმაც ვერ გამოიყენა. კარგი გაზის შემადგენლობაში არის 8600 კილოკალორია, რაც დაახლოებით 9-10 კილოვატის ტოლია. ამ ნორმას რუსული გაზი 100%-ით აკმაყოფილებს“, - განაცხადა ბარამიძემ.

გაზის მოხმარებასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკებზე გაამახვილა ყურადღება გაზის ხარისხის ექსპერტმა, ეკონომისტმა სოსო სიმონიშვილმა. იგი ადასტურებს, რომ პრობლემა კონტროლის სისუსტეა, რის გამოც მოხმარებისას სტანდარტი მინიმალურ დონეზეც არ არის დაცული.

,,გაზის ქურას ვერაფერს უზამ, რომელიც ოთახში ანთია, მაგრამ მის სიახლოვეს აუცილებლად უნდა იყოს სარკმელი, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობაა. მეტალოპლასტმასის ფანჯრების გაკეთებისას სარკლმელზე არავინ ფიქრობს, დიდ ფანჯრებს კი  სიცივის გამო არ აღებენ, არც სავენტილაციო არხები მუშაობს, ამ დროს განიავება ნომერი პირველი უსაფრთხოებაა.

არსებობს ჰაერის საუკეთესო კონდიცია, რომელიც არის მთაში, ტყიან ადგილას და სხვა. ქალაქში ნებისმიერ ადგილას ასეთი ჰაერი წარმოდგენელია. ჩვენი გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ, ისედაც დაბინძურებულია. გაზი და ადამიანი ვართ "კონკურენტები" იმ გაგებით, რომ გაზის ცეცხლიც ჟანგბადით "სუნთქავს" და ჩვენც. ამიტომ გარედან შემოსული ჰაერით უნდა ხდებოდეს ჟანგბადის დანაკარგის კომპენსირება.

თუკი გაზი ანთია და სივრცე დახშულია, ჯანმრთელობის პრობლემას ქმნის, მაგრამ საფრთხის რისკიც იზრდება.  ეს ხდება იმიტომ, რომ მომმარაგებელმა კომპანიებმა უსაფრთხოების მიმართ დამოკიდებულება შეცვალეს. პროფილაქტიკის ღონისძიებები, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს, პარალელურად კი მუდმივად გვესმის, რომ ქალაქში ,,მკვლელი“ დანადგარები და გათბობის სისტემებია, რაც ასე არ არის. ეს დანადგარები ათწლეულების წინათაც გამოიყენებოდა, მაგრამ ,,მკვლელად“ არავინ მიიჩნევდა. ახლა კომპანიამ ხელი აიღო ვალდებულებების შესრულებაზე, მოიხსნა პასუხისმგებლობა, არ უწევს უსაფრთხოების რეკომენდაციებს მოქალაქეებს, რის გამოც ვითარება მძიმეა“, - აღნიშნა სოსო სიმონიშვილმა.

ცნობისთვის, "ევრონიუსის" მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროპის ენერგოკრიზისმა სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს, რადგან სითბოსა და თანხის დაზოგვის მიზნით, ადამიანები ნაკლებად მიმართავენ ვენტილაციას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×