ვახტანგ იობაშვილი: "საწვავის გაიაფებას კიდევ მოველით, ამას ამას ადრეც ხაზგასმით ვამბობდით და ახლაც იგივეს ვადასტურებთ"
გვანცა წულაია
12.01.2023

საქართველოში საწვავი კიდევ გაიაფდება. დადებითი ტენდენცია, რომელიც შარშან დაიწყო, წელსაც გაგრძელდება. ღირებულების კლების მთავარი მიზეზი რუსეთის ბაზარია, სადაც ნავთობპროდუქტები იაფია. სწორედ მეზობელი ქვეყნიდან შემოაქვს საქართველოს საწვავი და ამ ფაქტორის გამო, თითქმის 10 თვეა იაფდება ბენზინიც და დიზელიც.

საქართველოში საწვავის გაიაფების ტენდენცია გასული წლის გაზაფხულიდან დაიწყო და ამ პერიოდში, საერთო ჯამში, ბენზინის ფასმა უკვე 1 ლარით დაიკლო. როგორც ირკვევა, გაიაფების ტენდენცია მომავალშიც შენარჩუნდება და ღირებულება წელსაც შემცირდება. ამაზე პირველი განცხადება კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში უკვე გაკეთდა.

სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, დღევანდელი მოცემულობა იძლება იმის შესაძლებლობას, რომ საწვავზე გაიაფება კვლავ გაგრძელდება.

„მარტიდან მოყოლებული დღემდე საწვავზე ფასმა 1 ლარზე მეტად იკლო. ამის განმაპირობებელი ფაქტორი არის საერთაშორისო ფასები, რომლებიც დღეს მნიშვნელოვნად შემცირებულია და ეროვნული ვალუტის კურსის გამყარების ტენდენცია ბოლო პერიოდში ამას ხელს უწყობს. დღესაც მივიჩნევთ, რომ კიდევ უფრო შესაძლებელია და მოსალოდნელიცაა ფასის კორექტირება შემცირების მიმართულებით. დღევანდელი წინაპირობა ჩვენ ამის თქმის საფუძველს გვაძლევს", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს პოზიციას იზიარებენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში, რომლის ხელმძღვანელი ვახტანგ იობაშვილი ადასტურებს, რომ 2022 წელს დაწყებული ტენდენცია მიმდინარე წელსაც გაგრძელდება და საწვავი კიდევ გაიაფდება. აღსანიშნავია, რომ ნავთობიმპორტიორთა კავშირი ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში პროგნოზირებდა ბაზარზე შეუქცევადი გაიაფების ტენდენციას, რაც სრულად გამართლდა.

"ჩვენ ამას ადრეც ხაზგასმით ვამბობდით და ახლაც იგივეს ვადასტურებთ, რომ საწვავზე ფასი წელსაც შემცირდება, შესაბამისად, ირაკლი ლექვინაძის შეფასებას ვეთანხმები. ტენდენცია ნარჩუნდება და საწვავის პატარ-პატარა ბიჯებით გაიაფებას მოველით.

რაც შეეხება ფასთა კლების მიზეზებს. საწვავი სადაც იაფია, შესყიდვაც იქ ხდება. დღესდღეობით რუსეთის ბაზრის შედეგია ნავთოპროდუქტის გაიაფება. ფასების შედარებაც არ შეიძლება. საწვავის შემოტანა სახმელეთო გზითYუფრო იაფი ჯდება, ვიდრე ზღვიდან.

მიხედავად ყველაფრისა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ სხვა ალტერნატივას არ ვეძებთ და მომავალშიც არ მოვძებნით. საწვავის შესყიდვის სხვა, უფრო იაფი ალტერნატივა თუ გამოჩნდება, საქართველო მასზე გადაერთვება. აქ ხომ მთავრი ფაქტორი არის ფასი და თუ ღირებულება დაახლოებული იქნება რუსეთის ბაზართან, გადამისამართების პრობლემა არ გვექნება.

ბაზარზე მოქმედებენ კერძო კომპანიები და მათ არავინ არაფერში ზღუდავს. ამიტომ საწვავს, სადაც იაფად იშოვნიან, სწორედ იმ ბაზრიდან განახორციელებენ იმპორტს. ეს მხოლოდ და მხოლოდ დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის საბითუმო და საცალო ბაზარზე”, - განუცხადა "რეზონანსს” ვახტანგ იობაშვილმა.   

2022 წლის 11 თვეში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ბოლო 10 წლის პერიოდში რეკორდულ ნიშნულზე იყო და ერთ მილიარდ დოლარს გადააჭარბა. 1 219 842 ტონა პროდუქტიდან, ნახევარი - 583 322 ტონა - რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა, რამაც საქართველოში საწვავი გააიაფა. ამ პროცესს თან დაერთო ლარის კურსის გამყარება, რამაც სიიაფეს უფრო შეუწყო ხელი.

„გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ვერ აკონკრეტებს რა იქნება მომავალში, თუმცა ადასტურებს, რომ ერთთვიან ჭრილში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდება და რიგ კომპანიებს ფასის კიდევ შემცირების შესაძლებლობა ექნებათ.

"ბოლო თვების განმავლობაში საწვავის ღირებულება შეუქცევავად მცირდება, რაც აისახება დიდ და პატარა ქსელებშიც. ფასის კლება, პირველ რიგში, დაკავშირებულია იმასთან, რომ ნავთობის ღირებულება შემცირებულია, ანუ იკლებს საეთაშორისო ფასი და უკვე შეიძლეება ითქვას, რომ ომამდელ ნიშნულს დაუბრუნდა. მეორე მხრივ, საქართველოში ლარის კურსი არის მნიშვნელოვნად გამყარებული. ამ ორი მოცემულობის გამო, ჩვენ გვაქვს გაიაფების რეალობა.

საერთოდ, ძალიან რთულია იმაზე საუბარი, თუ რა იქნება შემდგომ პერიოდში, მაგრამ უახლოეს ერთთვიან ჭრილს თუ ავიღებთ, ფასები ნამდვილად იქნება სტაბილური, ამას წინ არაფერი უდგას და მისი ზრდა გამორიცხულია. მგონია, რომ რიგ ოპერატორ კომპანიებს, ალბათ, უახლოეს პერიოდშიც და მომავალშიც ექნებათ საწვავზე გაიაფების საშუალება”, - განუცხადა "რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა და დასძინა, რომ საბითუმო ბაზარზე ფასები მეტ-ნაკლებად თანაბარია.

"ბოლო ერთთვიან ჭრილს თუ ავიღებთ, საბითუმო ფასები არის ასე თუ ისე თანაბარი, ანუ არც იზრდება და არც იკლებს. სხვათა შორის, საკმაოდ დაბალი ნიშნულზეა და ერთ თვის განმავლობაში გაძვირება გამორიცხულია. შემდგომ პერიოდზე კი საუბარი არასწორი და არაკომპეტენტური იქნება”, - დასძინა ვანო მთვრალაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×