"როცა არ არის დენი, არ თბება სასტუმრო და არ არის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები ვის მოუნდება მოსვლა და დასვენება?"
თიკა სიბოშვილი
11.01.2023

წლევანდელი ტურისტული სეზონი პრობლემებით დაიწყო. სამთო-სათხილამურო კურორტებისთვის სირთულეს ჯერ უჩვეულოდ თბილი ამინდი ქმნიდა, ახლა კი სვანეთისთვის ხელის შემშლელი, სათანადო პირობების არქონა აღმოჩნდა. როგორც ტურისტული სააგენტოები აღნიშნავენ, „თეთრ კურორტზე“ დამსვენებლებს აღარ წაიყვანენ, რადგან იქ არ არის ელექტროენერგია და გაზი, რაც მოთხოვნას ამცირებს. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია არსებობს თუ არა კურორტზე პრობლემა და ამან ტურისტების მაღალ  ნაკადზე რამდენად იმოქმედა.

ზამთრის სეზონზე სვანეთში მდებარე სასტუმროები მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდნენ. ტურისტული სეზონის ოფიციალურად გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ ელექტროენერგია არასტაბილურად, გრაფიკით მიეწოდებოდათ, ამის გამო კი მოქმედი ბიზნესის წარმომადგენლები ტურისტებს კარგავდნენ.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მესტიაში მოსახლეობის ნაწილი კრიპტოვალუტის მაინინგის პროცესშია ჩართული, რაც საყოფაცხოვრებოსთან შედარებით, უფრო ჭარბ ელექტროენერგიას საჭიროებს.

დღეს შექმნილ პრობლემებზე და მისგან გამოწვეულ სირთულეებზე არა მხოლოდ ტურისტული სააგენტოები საუბროებენ, არამედ სასტუმროების მფლობელებიც. ისინი აღნიშნავენ, რომ არსებული ვითარება მათ ბიზნესს უკვე ხელს უშლის.

როგორც, სვანეთში მდებარე ერთ-ერთი „გესთ ჰაუსის“ მფლობელი აღნიშნავს, იმ პირობებში, რაც სვანეთშია, არავის სურს იქ ჩასვლა.

„სვანეთში დენის და გაზის პრობლემებით უკვე დიდი ხანია შეწუხებულები ვართ. ეს ჩვენს სეზონურ მუშაობაზეც უარყოფითად აისახება. მაშინ, როცა არ თბება სასტუმრო, არ არის ელემენტარული საყოფაცხოვრებო პირობები ვის მოუნდება მოსვლა და დასვენება. მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები ხანდახან ჩამოდიან, ვერ ვიტყვი, რომ ზამთარში სვანეთში კარგია სიტუაციაა. არსებული პრობლემები ძალიან გვაზარალებს განსაკუთრებით ჩვენ, ვისაც სასტუმროები გვაქვს“, - აღნიშნა საოჯახო სასტუმროს მფლობელმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას სასტუმრო „ფოსტას“ მფლობელიც. როგორც თეა ჟორჟოლიანი აღნიშნავს, ბოლო რამდენიმე დღეა სვანეთში ელექტროენერგია პრაქტიკულად არ არის და ეს ტურისტული ნაკადის შემცირებაზე მოქმედებს, რასაც ახლა უკვე თბილი ამინდისგან გამოწვეული პრობლემებიც ემატება.

„ბოლო რამდენიმე დღეა სასტუმრო მართლა ვერ მუშაობს, რადგან დენი, ფაქტობრივად, არ არის. რა თქმა უნდა სვანეთში ტურისტების კლება შეინიშნება, თუმცა არა მხოლოდ ელექტროენერგიის დეფიციტის, არამედ უჩვეულო თბილი ამინდის გამოც. ახლა თოვლი არ არის და ესეც უარყოფითად მოქმედებს“, - აღნიშნა სასტუმრო „ფოსტას“ მფლობელმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

აშკარაა, რომ ენერგეტიკული პრობლემები სვანეთში უკვე კარგა ხანია არსებობს, თუმცა მისი მოგვარება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რაც ადგილობრივებსა და სასტუმროს მფლობელებზე უარყოფიუთად აისახება. ამას ადასტურებს, „ბუდე მესტიას“ მფლობელი თათია თეთრაშვილიც. როგორც ის აღნიშნავს, ელექტროენერგიის პრობლემების მოგვარების საკითხი კვლავ ღიად რჩება.

„ვფიქრობ,არაფერი მოგვარებულა და პრობლემა პრობლემად რჩება. ჩვენ საჭირო ტექნიკით აღჭურვილი ვართ, რამდენიმე გამაძლიერებელი გვაქვს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სტუმრების მიღებას ვერ მოვახერხებთ, სარეცხ მანქანებსაც კი ვერ ვამუშავებთ გამაძლიერებლების გარეშე,“ - განაცხადა თეთრაშვილმა.

აშკარაა, რომ არსებული მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს, რადგან სვანეთი ტურისტებისთვის მიმზიდველი ადგილია, განსაკუთრებით კი ზამთრის სეზონზე, თუმცა ეს ჯერჯერობით მოუხერხებელი და შეუძლებელია, რადგან ელემენტარული პირობები არ არსებობს.

ელექტროენერგიისგან გამოწვეული პრობლემების გამო ტურისტების ნაკადის შემცირებას „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძეც ადასტურებს. როგორც მან აღნიშნა, კურორტზე იმდენად ცუდი პრიოებებია, ვიზიტორები აღარ დაჰყავთ.

„შარშან სვანეთში ტურისტები წავიყვანე და ვთქვი, თუ ამ რეგიონში რამე არ გამოსწორდება, მათ აქ აღარ ამოვიყვანდი. ჩვენ უკვე მეორე წელია ზამთარში სვანეთის ტურებს აღარ ვყიდით. შარშან იყო შემთხვევა, რომ სეზონის განმავლობაში დენი, ფაქტობრივად, არ იყო. წყალი არ ცხელდებოდა, საბაგიროები გამორთული იყო და არ მუშაობდა და სხვა მრავალი. ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ სვანეთს არ შევხებოდით და ასეც მოხდა“, -  უთხრა „რეზონანსს“ ჯაფარიძემ.

სვანეთისთვის პრობლემას არა მხოლოდ დენი და გაზის არარსებობა ქმნის, არამედ გაუმართავია ინფრასტრუქტურაც. ზუგდიდიდან მესტიამდე და შემდეგ პირიქით ორი დღეა საჭირო გადაადგილებისთვის, თბილისიდან კი კიდევ უფრო მეტი სჭირდება, რაც კიდევ უფრო მეტად არამიმზიდველს ხდის კურორტს დამსვენებლისთვის.

"სვანეთი სამთო-სათხილამურო მიმართულებით ვერასდროს გახდება ბიზნესისთვის მიმზიდველი, სანამ არ აშენდება ის გვირაბი, რომელიც დაგეგმილი იყო და დააკავშირებდა ზემო იმერეთსა და ზემო სვანეთს. ამ გვირაბის არსებობით, ჩვენ საშუალება გვექნებოდა ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირ მოვხვედრილიყავით ზემო სვანეთში. ახლა გვირაბის პროექტიც გაჩერებულია, როგორც ბევრი სხვა, შესაბამისად, საშუალო სტატისტიკური ტურისტისთვის, ზუგდიდიდან მესტიაში ასვლა არის ყოვლად შეუძლებელი და ეს ქვეყანას ბევრ ტურისტს და მათ შორის თანხას აკარგვინებს. ორი დღის დაკარგვა შიდა გადაადგილებისთვის ტურისტისთვის ძალიან ბევრია და ისინი უარს ამბობენ მესტიაში წასვლაზე", - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×