გვანცა წულაია
10.01.2023

2023 წელი სამედიცინო სფეროსთვის რთულად დაიწყო. სასწრაფო დახმარების ექიმებს და მძღოლებს პირობები შეეცვალათ და მდგომარეობა გაუუარესდათ. შესაბამისად, ისინი 11 იანვარს 12:00 საათზე აქციას გამართავენ და საგანგებო განცხადებასაც გააკეთებენ, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები, მათი პრობლემებისა და ცენტრის ხელმძღვანელობის ქმედებების შესახებ, ჯანდაცვის მინისტრს წერილობით მიმართავენ.

სასწრაფო დახმარების ექიმებს და მძღოლებს პრობლემის მოგვარებაში საქართველოს პროფკავშირები ეხმარება. მათგან ირკვევა, რომ ექიმებსა და მძღოლებს შარშან მხოლოდ 70%-იანი დანამატი გადაუხადეს, ნაცვლად 100%-ისა და ასევე, მათ მიმდინარე წლის იანვრიდან გააუქმდათ ჯანმრთელობის დაზღვევა.

„ნაცვლად იმისა, რომ სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობას პროფკავშირთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა, მის წევრ ექიმებსა და მძღოლებთან, დამსაქმებელი აუარესებს დასაქმებულთა შრომით პირობებს, კერძოდ: 2022 წლის დეკემბერში 10 წლის განმავლობაში პირველად, დასაქმებულებმა დეკემბრის თვის ხელფასის ერთჯერადი 100%-იანი დანამატის ნაცვლად, მიიღეს 70%-იანი დანამატი. 2023 წლის იანვრიდან გაუქმდა: ჯანმრთელობის დაზღვევა. სასწრაფო დახმარების მანქანების დაზღვევა და დეზინფექციის პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემია არ დასრულებულა და ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია“, - ნათქვამია  მედიცინისა და ტრანსპორტის პროფკავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი ამირანაშვილი ამბობს, რომ პრობლემა სასწრაფო დახმარების ყველა ექიმსა და მძღოლს შეეხო, როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც.

"პირველ რიგში, იმიტომ მოგვმართეს, რომ ჩვენი წევრები არიან და ყოველთვის გვერდით ვუდგავართ. ძირითადი და პირველი პრობლემა არის ის, რომ დაიწყეს პროფკავშირების დისკრიმინაცია, დევნა. თხოვნით, მუქარით, დაპირებებით, რომ დაეტოვებინათ პროფკავშირები, რადგან მათ ნახეს ჩვენი ძალა, რომ ჩვენი აქციებით დასაქმებულებმა მიიღეს ბენეფიტები.

ამდენი წლის განმავლობაში ისინი მეცამატე ხელფასს იღებდნენ, რაც პროფკავშირების მიღწევით მოხდა. 100%-იანი ხელფასის დანამატი ჰქონდათ და 2022 წელს მხოლოდ 70%-იანი მიიღეს, ანუ 30% დააკლეს.

გარდა ამისა, სხვა პრობლემებისაა. შეიძლება პანდემია აღარ არის, მაგრამ კორონავირუსი ხომ ისევ არსებობს? მიუხედავად ამისა, სასწრაფო დახმარების მანქანების დეზინფენქცია აღარ ხდება, არადა დაინფიცირდა ჩვენი მედპერსონალი.

რაც მთვარია დაზღვევა, ჯანმრთელობის დაზღვევა შეუწყვიტეს. არ არის ისეთი ვითარება, როგორც ხატავენ და რეალურად ძალიან ბევრი და დიდი პრობლემები აქვთ, რაც ყველას შეეხო, თბილისსაც და რეგიონებსაც”, - განუცხადა "რეზონანსს” ირაკლი ამირანაშვილმა.

შექმნილ პრობლემებზე საუბრობენ თავად სასწრაფო დახმარების ექიმები და მძღოლები.

"ეს პირველი აქცია არ არის. აქამდეც გაგვიპროტესტებია ის პირობები, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით. დანამატი, რომელიც პანდემიის პერიოდში დაგვინიშნეს, შეგვიჩერეს. გვაჩერებდნენ, რაღაც პირობებს გვაძლევდნენ, რომ ამ საკითხზე არ გვესაუბრა. საერთოდ, ჩვენი ხელფასის ნორმალური მატება ბოლოს მოხდა 2013 წელს. მას შემდეგ არსებობს მოთხოვნა, რომ ჩვენი შემოსავალი ყოლილიყო მეტი, იმ ინფლაციის და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და არსებობს. ყოველთვის გვაჩერებდნენ, გვივადებდნენ, გვეუბნებოდნენ, ახლა არა, ცოტა მერე.

გიორგი გახარიას პრემიერობისას გამოიცა ეს 50%-იანი დანამატის განკარგულება, თუმცა თავიდან გადაწყვიტეს, რომ ეს ჩვენ არ გვეხებოდა, რატომ არ ვიცი, თურმე ჩვენ პანდემიასთან მებრძოლები არ ვყოფილვართ. რამდენიმე თვე იქაც შეიჭამა, მერე ცოტა ხმა ამოვიღეთ და დაგვინიშნეს. 2020 წელს მოლაპარაკება იყო ასეთი, რომ მთელ წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო ეს დანამატი და წლის ბოლოს გადავიდოდა ხელფასში. სადღაც მაისში თუ აპრილში გამოგვიცხადეს, რომ ვეღარ ავიღებდით.

რაღაც-რაღაცები 1-2-ჯერ გამოგვიგდეს. მეცამეტე ხელფასის სახით, წლის ბოლოს ვიღებდით სრულ ხელფასს. ასე იყო ყველა მთავრობისა და ადმინისტრაციის პირობებში, მაგრამ ახლა რატომღაც გადაწყვიტეს და მხოლოდ 70% ჩაგვირიცხეს”, - განუცხადა "რეზონანსს” თბილისის სასწრაფო დახმრების ექიმმა, ნუგზარ ფოცხიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ სასწარფო დახმარების ექიმებისა და მძღოლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციები სხვა დროსაც გაიმართავენ. 

"ჩვენი ხელფასები ინფლაციას და გაძვირებულ ცხოვრებას ვეღარ ეწევა. დაანონსებულია, რომ ამ წლიდან 10%-ით მოგვემატება ანაზღაურება, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. გვქონდა კოვიდდანამატი, რომელიც შარშან გაზაფხულზე მოგვიხსნეს. გვითხრეს, რომ ამ დანამატს ხელფასში ასახავდნენ, მაგრამ მოგვატყუეს.

საგანგებო სტატუსი გვაწერია, მაგრამ ამით თანამშრომლები ვერ ვსარგებლობთ, არ გვაქვს სოციალური შეღავათები. ჩვენზე არაფერი ვრცელდება, პირიქით, ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს. არ ვიცი, რატომ გვერჩიან. იმის მაგიერ, რომ დაფასებული იყოს ჩვენი სამსახური.

თუ პირობები არ დაკმაყოფილდა და მდგომარეობა არ გამოსწორდა, აქციებს აუცილებლად გავაგრძელებთ. გაფიცვაზე საუბარი მაინც არ გვაქვს, რადგან ვიცით, ჩვენი საქმე რაშიც მდგომარეობს, რამდენად მნიშვნელოვანია და არ გვინდა, რომ ვინმე შეეწიროს ჩვენს გაფიცვას, მაგრამ შესაძლოა, სხვა გამოსავალი არც დაგვრჩეს”, - განუცხადა "რეზონანსს” თემურ გურგენიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×