ფინანსთა მინისტრმა მინიშნება უკვე გააკეთა და ეკონომისტებიც ამ აზრს იზიარებენ
გვანცა წულაია
10.01.2023

გასულ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა, თითქმის ყოველთვიურად ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აჩვენებდა. დიდია ალბათობა იმისა, რომ დეკემბერშიც ანალოგიური შედეგი დადგება, რაც რეგიონსა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიმდინარე წლისთვის კი სხვადასხვა პროგნოზები კეთდება. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ 2023 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ფინანსთან მინისტრმა კი განახადა, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური მაჩვენებელი 10%-ზე შენარჩუნდება. მათგან რომელი უფრო რეალურია?

მსოფლიოს მასშტაბით რეცესიული რისკების ზრდის მიუხედავად, გარე ფაქტორების წყალობით, 2022 წელი საქართველოსთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რასაც თითქმის ყველა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაცია აღიარებს.

ექსპერტების შეფასებით, 2023 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავე იქნება. რუსეთ-უკრაინის ომის საკითხი ჯერაც გადაუჭრელია, აშშ-ჩინეთის ურთიერთობები იძაბება, რეკორდულად მაღალი ინფლაციისა და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ფონზე კი დასავლეთი რეცესიის საფრთხის წინაშე დგას.

მიუხედავად საკმაოდ რთული გლობალური ვითარებისა, ექსპერტები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ვარაუდობენ, რომ 2023 წელი საქართველოსთვის საკმაოდ კარგ შედეგებს მოიტანს.

რაც შეეხება პროგნოზებს, მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტი, წელს 5%-იანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. საქართველოს ეროვნული ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს 4%-იან მაჩვენებელს ვარაუდობენ. მსოფლიო ბანკი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 4.2%-იან ზრდაზე გავა. აზიის განვითარების ბანკი 6%-იან შედეგს პროგნოზიებს, გალტ ენდ თაგარტი - 5.2%-ს, ხოლო "თიბისი კაპიტალის" პროგნოზი ყველაზე მოკრძალებულია - 3.5%.

სრულიად სხვაგვარი შეხედულებისაა ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. მისი აზრით, მოსალოდნელია 2023 წელს ეკონომიკური ზრდის ტემპი 10%-იან მაჩვენებელზე შენაჩუნდება.

"მინდა გასული წელი ეკონომიკური მიმართულებით შევაჯამო. ბოლო 11 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა, საშუალოდ, 10%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ 2023 წელსაც ეკონომიკური ზრდა ამ მაჩვენებელზე შენაჩუნდება”, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.

სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობის პროგნოზი პესიმისტურია. სტატისტიკოსი, ეკონომისტი სოსო არჩვაძე დარწმუნებულია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5%-ს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს. 

"მთავრობის პროგნოზი უფრო კონსერვანტული შეფასებაა, მოკრძალებული და პესიმისტური. რეალურად, საქართველოს ეკონომიკას აქვს იმის საკმარისი მუხტი და რესურსი, რომ უფრო მაღალი ტემპით განვითარდეს, როგორც რეალურ, ისე მომსახურების სექტორში. საქართველოთი დაინტერესება იზრდება გარე ძალების მიერ. ასევე, იმატებს შიდა პოტენციალი მეტი პროდუქციის წარმოებისა და ექსპორტზე გატანის მხრივ, ამიტომ ვფიქრობ, 5% არის უფრო დაბალი მაჩვენებელი. 

საერთაშორისო სავალუტო ორგნაიზაციები გასული წლის დასაწყისში დაახლოებით 2.8-3.0%-ის ფარგლებში ვარაუდობდნენ საქართველოს ეკონომიკურ ზრდას და შედეგს ვხედავთ. ჯერ დეკემბრის მაჩვენებლები არ გამოქვეყნებულა, მაგრამ 10%-მდე ხომ ნამდვილად გვაქვს, ამიტომ ვფიქრობ, ფინანსთა მინისტრის განცხადებას უნდა მივესალმოთ.

უფრო ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი. არ ვიცი, მიდმინარე წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იქნება თუ არა, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, 5%-ს რომ მნიშვნელოვნად გადააჭარბებს, ეს ცალსახაა და ამის იმედი მაქვს”, - უთხრა "რეზონანსს” სოსო არჩვაძემ და დასძინა, რომ ომის დაწყების შემდეგ მთლიანი შიდა პროდუქტი შედარებით სწრაფად გაიზარდა, მაგრამ მივიღეთ მაღალი ინფლაციაც.

"დამატებითმა რესურსებმა და მიგრანტების ნაკადმა გაზარდა მოთხოვნა. ეს რომ არ ყოფილიყო, 1.5-2 პროცენტული პუნქტით დაბალი იქნებოდა. ამ ფაქტორმა გარკვეული სტიმული მისცა ჩვენს ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ მეორე მხრივ, მიგრანტების მოულოდნელი ნაკადი რომ არ შემოსულიყო და მოთხოვნაც ერთბაშად არ გაზრდილიყო, ინფლაციის ტემპიც არ იქნებოდა ასეთი მაღალი. კატეგორიულად ხაზს ვუსვამ, უკვე პირველი კვარტლის შემდეგ, გვექნებოდა ერთნიშნა ინფლაციის მაჩვენებელი. ერთი მხრივ, ეკონომიკური ზრდა მივიღეთ, მაგრამ, მეორე მხრივ, გვაქვს მაღალი ინფლაცია”, - დასძინა არჩვაძემ.

გასულ 2022 წელს, საქართველოს ეკონომიკამ თითქმის ყოველ თვეში ორნიშნა შედეგი აჩვენა: იანვარში ეკონომიკა 18%-ით გაიზარდა, თებერვალში - 14.6%-ით, მარტში – 10,6%, აპრილში – 2.6%, მაისში – 11.6%, ივნისში – 7.2%, ივლისში – 9.7%, აგვისტოში – 10.5%, სექტემბერში – 8.8%, ოქტომბერში – 8.3%, ხოლო ნოემბერში – 9.3%. დეკემბრის მონაცემები კი იანვრის მიწურულს გამოქვეყნდება, რა დროსაც, დიდი ალბათობით, კვლავ ორნიშნა ან მასთან მიახლოებული მაჩვენებელი დაფიქსირდება.

ახლაგზარდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ 2023 წლის დასაწყისში ისევ ორნიშნა ან მასთან მიახლოებული მაჩვენებელი იქნება, შემდგომი პერიოდი კი რთულად საპროგნოზოა.

"სავარაუდოდ, ფინანსთა მინისტრმა მიმდინარე წლის დასაწყისი იგულისხმა და არა მთელი 2023 წელი. პრინციპში, დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, შემიძლია დავეთანხმო. წლის დასაწყისში, იანვარში და ალბათ თებერვალშიც, შესაძლოა, გვქონდეს ორნიშნა ან მასთან მიახლოებული მაჩვენებელი. ეს გამომდინარე იქიდან, რომ ყველა ის პარამეტრი, რამაც გასულ წელს მაღალი ეკონომიკური ზრდა განაპირობა, პრინციპში, წლის დასაწყისში ჯერ კიდევ შენარჩუნდება, მაგრამ ერთწლიან პერსპექტივაში რთულია პროგნოზის გაკეთება და სწორედ ამიტომ, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციები, ვარაუდობენ, რომ იქნება 5%-იანი ზრდა, მათ შორის საქართველოს მთავრობაც.

შარშან საკმაოდ კარგი წელი გვქონდა და რთულია იმის პროგნოზირება, წელს იქნება თუ არა უფრო კარგი მაჩვენებელები. ალბათ, ეს არის მიზეზი ამ სხვაობისა”, - განუცხადა "რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ და დასძინა, რომ ომის დასრულების თუ გაგრძელდების შემთხვევაში, საქართველო ტრანზინტის ფუნქციას მაინც შეინარჩუნებს და ამით სარგებელსაც მიიღებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×