"რეაგირება აუცილებელია, ამისთვის გვყავს მთავრობა, რომ მოსახლეობის ინტერესები დაიცვას“
ქეთო გოგოხია
09.01.2023

ადგილობრივი წარმოებული საქონლის გაძვირების პროცესზე ვერც იმპორტის გაიაფებამ და ვერც  ლარის კურსის გამყარებამ იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენციაა, საქართველოში მხოლოდ შემოტანილი პროდუქტი იაფდება. ადგილობრივ ნაწარმზე კი ისევ მაღალი ფასებია, ზოგიერთი რამ ძვირდება კიდეც. მიზეზები მწარმოებლებს არ ელევათ - იჯარის მაღალი ფასი, ნედლეულის გაძვირება, ლოგისტიკის ხარჯი და სხვა, რაც სინამდვილეში ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

ეს ხდება მაშინ, როცა მსოფლიოში ფასების პიკური პერიოდი დაძლეულია და ბევრი მიმართულებით გაიაფების აშკარა ნიშნებია, მათ შორის სტრატეგიულ პროდუქტებზეც, სამწუხაროდ, საქართველო ამ ტრენდს აცდენილია.

ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ადგილობრივი ნაწარმი ძვირი ღირს, ეკონომისტ რამაზ გერლიანის შეფასებით, ფულადი მასის ზრდაა, რაშიც ეროვნული ბანკი და მთავრობა ნეგატიურ როლს ასრულებენ.

,,ფასების ზრდა ადგილობრივი მოვლენაა და ყოველთვის ეს სიტუაცია გვექნება. რეალურად მოხდა ისე, რომ იმპორტული საქონელი გაიაფდა ადგილზე და საქართველოში სავალუტო კურსის გავლენაც დაემატა. მართალია, ინფლაციის მაჩვენებელმა იკლო, მაგრამ რეალურად მისი ზრდის ტემპი  შენარჩუნებულია, ანუ ფასები უფრო ნაკლები პროცენტული მაჩვენებლით, მაგრამ მაინც იზრდება.

ამ დროს ადგილობრივი წარმოებული პროდუქცია ძვირდება იმიტომ, რომ მიმოქცევაში ფულის მასა არის  გაზრდილი, რაც ინფლაციის დამახასიათებელი ნიშანია - ბევრი ფული და ნაკლები საქონელი და მომსახურება. გამოსავალი არის ის, რომ ბევრი ფული არ გაუშვან ბრუნვაში. ეროვნულმა ბანკმა უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯი. პარალელურად სესხი ბევრი არ უნდა აიღოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რაც ლარზე ზეწოლას გარკვეულწილად მოხსნის.

ვინაიდან დარღვეულია ბალანსი ფულადი მასას, საქონელსა და მომსახურებას შორის, რასაკვირველია მაღალი ინფლაციაა. ჭარბი ფულის ნაწილს გაიწოვს ეკონომიკა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ვინაიდან მუდმივად დიდი რაოდენობით ფულის მასის ზრდაა როგორც სებ-ის, ასევე ხელისუფლების მხრიდანაც", - განაცხადა გერლიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

მაღალი ფასების მეორე მიზეზად  სპეციალისტები  ოლიგოპოლიის გავლენას მიიჩნევენ და ხაზს უსვამენ, რომ სანამ ეს პრობლემა არ დაიძლევა, ფასების დარეგულირების საკითხი საქართველოში რეალურად მოუგვარებადია.

უცხოურ ბაზრებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 8 დოლარს ჩამოსცდა,  ნავთობის ფასიც დაბლა იწევს და 80-დოლარიანი ნიშნული ჩამოიტოვა. იგივე ითქმის სხვა პროდუქტებზე, რასაც სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. ყველა ეს ფაქტორი ფასებზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ არა საქართველოში, სადაც ეროვნული ვალუტაც მკვეთრად არის გამყარებული და წესით, ესეც ფასების კლების დამატებითი ბიძგი უნდა გახდეს, მაგრამ  ამის ნიშნებიც არსად ჩანს.

გაძვირების ტალღა, რომელიც ომმა მოიტანა, წარსულს ჩაბარდა. აღარაფერი საპანიკო მსოფლიოში არ ხდება ფასებთან დაკავშირებით.  საერთაშორისო მიმომხილველები თამამად აცხადებენ, რომ პიკი გადალახულია. ამ დროს პროდუქტების დიდი ნაწილი ადგილობრივ ბაზარზე ისევ ძვირდება.

სპეციალისტები საქართველოში წარმოებული გაძვირებული პროდუქტების ფასების კლებას ნაკლებად ელიან. მათი შეფასებით, მაღალი ინფლაცია და მონოპოლიები ძირითადი ფაქტორია, რაც გაიაფების ტრენდს ხელს უშლის, ამიტომ არსებული ტენდენცია, სავარაუდოდ, არ შეიცვლება და მომდევნო პერიოდის განმავლობაშიც მაღალი ფასები დიდი პრობლემა იქნება საქართველოსთვის.

ასე ფიქრობს ეკონომისტი გივი მომცელიძე, რომლის განცხადებითაც, ფასებთან მიმართებაში ხელს გვიშლის ინფლაციური პროცესი და მონოპოლია.

,,ინფლაციის ტემპის მცირე შემცირების მიუხედავად, ფასები პროდუქტებზე ძალიან მაღალია, ამ მხრივ საერთაშორისო ფაქტორის გავლენა თითქმის არ იგრძნობა, განსაკუთრებით ადგილობრივ წარმოებაში. მით უმეტეს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგ ქვეყანაში მიმდინარე ინფლაცია საქართველოსთვის შეიძლება სასარგებლოც იყოს, ვინაიდან იმპორტი გვიიაფდება.

რაც არ უნდა შეიცვალოს გლობალურად, ქართულ ნაწარმის რეალური გაიაფება არ ხდება. რიგ შემთხვევაში ეს სუბიექტური მიზეზების გამოა, მთავარი პრობლემა არის ოლიგიპოლია. ამ შემთხვევაში სახელმწიფო ბევრს ვერაფერს იზამს გარდა იმისა, რომ  ხელი  შეუწყოს კონკურენციას და ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს. ოლიგოპოლია კი ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხის და უფრო და უფრო აუარესებს  მოსახლეობის კეთილდღეობას, მაღალ ფასებს ხალხი უკვე ვერც უმკლავდება", - განაცხადა მომცელიძემ და დასძინა, რომ  ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სოციალური გარანტიები მაღალ დონეზე  უნდა იყოს, მაგრამ ბევრი დამაბრკოლებელი გარემოებაა.

,,პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, 40-50%-ით და მეტადაც არის ფასები გაზრდილი, მაგრამ ამის გამოსწორებას არავინ ცდილობს მაშინაც, როცა შანსი გვეძლევა. გლობალურ ბაზრებზე ფასების კლების ტენდენცია აქაც უნდა აისახებოდეს, მაგრამ საპირისპირო ვითარებაა. არავითარი საფუძველი არ აქვს ბიზნესს, რომ ქართული ნაწარმი ძვირდებოდეს. ამაზე რეაგირება აუცილებელია, ამისთვის გვყავს მთავრობა, რომ მოსახლეობის ინტერესები დაიცვას“, - განაცხადა ეკონომისტმა  ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა. სებ-ის შეფასებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს, მაგრამ ადგილობრივი წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13.8%-ს შეადგენს.

ადგილობრივ ნაწარმის თვალში საცემი სიძვირე, ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია ბინის ქირის (წვლილი ინფლაციაში 0.7 პპ) და სანოტარო გადასახდელის გაძვირებაა (0.3 პპ)“- ნათქვამია მიმოხილვაში.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×