"თუ ასეთი რამ გამოვლინდება, დავაჯარიმებთ და დავაკისრებთ კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურებას"
გვანცა წულაია
09.01.2023

ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება კლინიკებისთვის პრობლემად იქცა. რიგი სამედიცინო დაწესებულებები ხელფასის გაზრდისგან თავის არიდებას ცდილობენ და ექთნები სხვადასხვა, უფრო დაბალ, პოზიციაზე გადაჰყავთ. შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმირებულია ჯანდაცვის სამინისტრო. შრომის ინსპენქციაში ამბობენ, რომ, თუ მსგავსი ფაქტი ნამდვილად დადასტურდება, კლინიკები დაჯარიმდებიან.

2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნებისთვის მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა. კერძოდ, ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურება 1 საათში 7 ლარით, თვეში, საშუალოდ, 1 260 ლარით, ხოლო ექთნების 1 საათში 4.4 ლარით, თვეში, საშუალოდ, 792 ლარით განისაზღვრა. საერთო ჯამში, ხელფასის ზრდა  9 000-მდე ექიმსა და 8 000-ზე მეტ ექთანს შეეხო, თუმცა, როგორც ირკვევა, სამედიცინო დაწესებულებები ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილებას გაურბიან და ექთნებს პოზიციურად „აკნინებენ“.

კლინიკების მიერ ექთნების სხვა პოზიციებზე გადაყვანასთან დაკავშირებით განცხადება თავდაპირველად „სოლიდარობის ქსელმა“ გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პრობლემის მოგვარების თხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართეს.

„ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გარკვეული კლინიკები ცდილობენ ექთნები გადაიყვანონ სხვა პოზიციებზე, რადგან სახელმწიფოს მიერ ექთნებისთვის დაწესებული გაზრდილი მინიმალური ხელფასი მათ 2023 წლის იანვრიდან არ გადაუხადონ. ძვირფასო ექთნებო, თუ ეს ხდება თქვენს კლინიკაში, კატეგორიულად არ მოაწეროთ არაფერს ხელი და იმ წუთასვე დაგვიკავშირდით საქართველოს ნებისმიერი კუთხიდან 557996534 ან 593138087.

იმავდროულად, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაგვეხმაროს აღკვეთოს მსგავსი მანიპულაციები კლინიკების მხრიდან, რომლებიც ექთნებს ართმევენ გაზრდილი ხელფასის შესაძლებლობას და აკნინებენ მთავრობის წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოში მედპერსონალისთვის მინიმალური ხელფასის შემოღებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია „სოლიდარობის ქსელის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში და მათგან ირკვევა, რომ პრობლემა შეიქმნა, როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების კლინიკებშიც,

„კლინიკებს, იმისთვის რომ ექთნებს ხელფასები არ გაუზარდონ, დაბალ პოზიციებზე იძულებით გადაჰყავთ. გვირეკავენ რეგიონებიდან და გვიხსნიან, რომ მათთვის დამსაქმებელთან დაპირისპირება რთულია, რადგან სხვა სამუშაოს მოძებნა უჭირთ. ზარები შემოვიდა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მოქმედი 4 კლინიკიდან. ექთნების ზუსტ რაოდენობას ვერ გეტყვით, თუმცა მათი რაოდენობა განცხადების გავრცელების შემდეგ მზარდია. "სოლიდარობის ფონდში" ამ ინფორმაციის შემოსვლის შემდეგ ჩვენ შრომის ინსპექციას მივმართეთ და მათგან პასუხს ველით“, - განაცხადა „სოლიდარობის ქსელის“ ხელმძღვანელმა სოფო ჯაფარიძემ „ბიზნეს მედიასთან“.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო შესაძლო შემთხვევების შესახებ ინფორმირებულია. სანიმიტროში შემავალ სტრუქტურაში - შრომის  ინსპენქციის სამსახურში ამბობენ, რომ თუ ინსპექტირებისას მსგავსი ფაქტი დადასტურდება, შემთხვევა ჩაივლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, ასევე კლინიკას დაეკისრება ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.

„შრომის ინსპექციის სამსახურის მანდატს კიდევ ერთი, ახალი მიმართულება დაემატა, 2023 წლიდან უწყება ექიმებისა და ექთნების მინიმალური ხელფასის საკითხსაც შეისწავლის. კერძოდ, 2023 წლის პირველი იანვრიდან, ექიმებისა და ექთნების მინიმალური საათობრივი ანაზღაურება დაწესდა: ექიმების მინიმალური ანაზღაურება საათში 7 ლარია, ექთნებისა კი - საათში 4.4 ლარი.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს. შრომის ინსპექციის სამსახურს აქვს უფლებამოსილება განახორციელოს სრული ინსპექტირება სამედიცინო დაწესებულებებში, როგორც შრომის უფლებების აღსრულების, ასევე ექიმებისა და ექთნების მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. 

კანონმდებლობაში მკაფიოდ არის განმარტებული ექიმისა და ექთნის ფუნქცია-მოვალეობები, შესაბამისად, თუ ინსპექტირებისას დადგინდება, რომ მინიმალური ხელფასის ანაზღაურების თავიდან არიდების მიზნით, ექიმს ან ექთანს დაკისრებული აქვს რანგით უფრო დაბალი ან სხვა პროფესიის ფუნქციები, შრომის ინსპექციის სამსახურის მხრიდან ეს ფაქტი ჩაითვლება დარღვევად, რაც გამოიწვევს სამედიცინო დაწესებულების დაჯარიმებას, კლინიკას ასევე დაეკისრება  ექიმის/ექთნის კუთვნილი ხელფასის სრულად ანაზღაურება.

შრომის ინსპექციის სამსახურს ექნება შესაბამისი, მკაცრი რეაგირება დამსაქმებელების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ არაკეთილსინდისიერ ქმედებაზე და ყველა დასაქმებულის უფლება იქნება დაცული კანონის შესაბამისად!“, - განუცხადეს „ბიზნეს-რეზონანსს“ შრომის ინსპექციაში.

სამედიცინო სექტორში დასაქმებული პირების შრომითი ანაზღაურების მინიმალური ზღვარის დაწესების შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 2022 წლის დასაწყისში დააანონსა. შესაბამისი ცვლილება სულ რაღაც 10 დღის წინ ამოქმედდა, თუმცა კლინიკები დადგენილებას შემოღებისთანავე გაურბიან, 

პრობლემის შესახებ გაერთიანებული პროფკავშირებისთვის ჯერჯერობით არავის მიუმართავს, თუმცა როგორც საქართველოს მედიცინის მუშაკთა პროფკავშირის პრეზიდენტი, ირაკლი ამირანაშვილი ამბობს, მსგავსი ფაქტის არსებობის შემთხვევაში, მზად არიან ექთნებს დახმარება გაუწიონ.

„მსგავსი ინფორმაცია სოციალურ ქსელში მეც წავიკითხე, მაგრამ პროფკავშირების წევრებთან ჯერჯერობით ამ პრობლემით არავის მოუმართავს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე გვექნება შესაბამისი რეაგირება.

ექთნებს, რადგან სამედიცინო განათლება აქვთ და არ იციან იურიდიული ნაწილი, თუ როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ კლინიკებში დავიწყებთ აქტიურ შეხვედრებს. შევხვდებით ჩვენს წევრებსაც და არაწევრებსაც, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მოვიკითხვათ საკითზე ინფორმაციას და თუ მართლაც  მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, ჩაერთვებიამ ჩვენი ადვოკატები და იურიდიულ მხარდაჭერას გამოვუცხადებთ სამედიცინო სფეროში დასაქმებულებს, ისე როგორც ყოველთვის.

თუ ასეთი პრობლემა წამოიჭრება, ჩვენ, რა თქმა უნდა, სამინისტროსაც მივმართავთ და თუ საჭირო იქნება, ვთხოვთ ირაკლი პეტრიაშვილს (საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე), რომ დანიშნოს სამმხრივი კომისია“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ირაკლი ამირანაშვილმა.

ცვლილების დაანონსებისას ითქვა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი სამედიცინო სექტორში თითოეული დასაქმებულის ინტერესების დაკმაყოფილება, მათთვის ღირსეული ანაზღაურებისა და სამუშაო პირობების შექმნაა. სწორედ ამიტომ, ექიმებისა და ექთნების სახელფასო ანაზღაურების მინიმალური ზღვარი, მომდევნო წლებში, ეტაპობრივად, გაიზრდება და უკვე 2025 წელს, ექიმის მინიმალური ანაზღაურება საათში 9 ლარი, ექთნის კი 5.6 ლარი გახდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×