ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა უკვე დაიწყო, რაც რეცესიის პირველი სიგნალია
გვანცა წულაია
04.01.2023

2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის რეცესია გარდაუვალია. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა შეამცირა. რამდენად რეალურია მსოფლიო რეცესია და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას საქართველოზე? ქართველი ანალიტიკოსების პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია.

რამდენიმე ქვეყანაში ეკონომიკა მკვეთრად შემცირდა, თუმცა მოლოდინი გაცილებით მასშტაბურია. როგორც საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა, გლობალური ეკონომიკის დიდი ნაწილისთვის 2023 წელი რთული იქნება, რადგან გლობალური ზრდის მთავარი ძრავები - აშშ, ევროპა და ჩინეთი - ეკონომიკურ ვარდნას განიცდიან.

„ახალი წელი იქნება უფრო რთული, ვიდრე ის, რომელსაც უკან ვტოვებთ. იმიტომ, რომ სამი დიდი ეკონომიკა - აშშ, ევროკავშირი და ჩინეთი - ერთდროულად განიცდიან ეკონომიკურ ვარდნას”, - აღნიშნა გეორგიევამ და დასძინა, რომ პირველად, ბოლო 40 წლის განმავლობაში, ჩინეთის ეკონომიკური ზრდა, სავარაუდოდ, გლობალური ზრდის დონეზე ან მის ქვემოთ იქნება. „ჩვენ ველით, რომ მსოფლიო ეკონომიკის მესამედი რეცესიას განიცდის“, - დასძინა გეორგიევამ.

მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომი, ინფლაციური ზეწოლა, ცენტრალური ბანკების მიერ შემუშავებული მაღალი საპროცენტო განაკვეთები და სხვა.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენდი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სავალუტო ფონდის პროგნოზი და რეალურად შესაძლოა, სრულიად სხვაგვარად განვითარდეს მოვლენები.

„საერთოდ, რეცესიას მსოფლიო ეკონომიკის ბევრი ქვეყანა განიცდის, მაგრამ საქართველოზე შესაძლოა, არ აისახოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიტუაცია იქნება რუსეთ-უკრაინას შორის. თუ რუსეთმა 2023 წელსაც დააანონსა მობილიზაცია, მაშინ საქართველოს მიგრანტების მორიგი ნაკადი ისევ მოაწყდება და ამ ხალხს თან შემოჰყვება გარკვეული თანხა. ჩვენი ქვეყნის რუსეთთის ეკონომიკასთან დამოკიდებულება გაიზარდა 2-ჯერ და ამის ციფრები, თუ როგორია სავაჭრო ურთიერთობა, სტატისტიკის ეროვნულმა დეპარტამენტმა გამოაქვეყნა კიდეც.

თუ მოვლენები განვითარდა ისე, რომ კონფლიქტი ჩაწყნარდება, მაშინ სავალუტო ფონდის პროგნოზი გამართლდება და საქართველოს აღარ ექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ჯერჯერობით, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას სავალუტო ფონდის პროგნოზი და რეალურად შესაძლოა, სხვაგვარად დადგეს საკითხი“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

ამის პარალელურად, მსოფლიოში ნავთობის ღირებულება ეცემა. ერთი ბრელი "ბრენტი" 78 დოლარზე ჩამოვიდა, მაშინ, რდესაც რამდენიმე დღის წინ 86 დოლარი ღირდა, ამერიკული "ლაითის" ფასი კი 73 დოლარამდეა შემცირებული. რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბოლო სავაჭრო სესიაზე "ურალსის" ტიპის ნავთობის ღირებულება 4.8%-ით შემცირდა და ამჟამად ბარელი რუსული ნავთობის ფასი 55 დოლარს შეადგენს.

ცნობისთვის, ნავთობის ფასების შემცირება, უმეტესწილად, მსოფლიოს წამყვანი საფინანსო და საინვესტიციო ორგანიზაციების მიერ გავრცელებული პროგნოზებითაა განპირობებული."ჯიპი მორგანის", "გოლდმან საქსის" და "დოიჩე ბანკის" ანალიტიკოსები 2023 წელს დასავლეთში რეცესიის განვითარებას პროგნოზირებენ, რომელიც მინიმუმ ორი კვარტლის განმავლობაში გაგრძელდება.

გარდა ამისა, გასათვალისწინებელია აზიის მასშტაბით კოვიდინფიცირების შემთხვევების მკვეთრი ზრდის ფაქტორიც, რასაც აგრეთვე ნეგატიური გავლენა აქვს ენერგეტიკულ ბირჟაზე.

ნიკა შენგელიას აზრით კი, 80 დოლარს ქვევით ნავთობის არ ჩამოვარდება.

„2023 წელს ნავთობზე, საშუალოდ, 80 დოლარზე ნაკლებს არ ველოდები. გასაგებია, რომ დაუწესეს რუსეთს ნავთობზე ზედა ზღვარი, მაგრამ გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის ნავთობპროდუქტებით ვაჭრობას, აქ დაახლოებით 370%-იანი ზრდაა. ჩვენთან რა ფასშიც ავტოგასამართსადგურებში საწვავი იყიდება, იმაზე იაფი უნდა ღირდეს. წესით, 2 ლარის ფარგლებში უნდა იყოს, მაგრამ კარტელს მაინც მაღალი ფასი უჭირავს, თუმცა ამ მასშტაბის იმპორტი რომ არ განხორციელებულიყო, პირდაპირ გეტყვით, რომ დღეს საქართველოში საწვავი 4 ლარამდე ეღირებოდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნიკა შენგელიამ.

საქართველომ მსოფლიო ქვეყნებთან ერთად, რეცესია პანდემიის პერიოდში უკვე გამოაიარა. მას შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკა კვლავ შემცირდა, რუსეთის დაწყებული ომის გამო, თუმცა ამ დროს საქართველოს მშპ, პირიქით, გაიზარდა.

ეკონომისტ გიორგი ცუცქირიძის აზრით, რადგან სავალუტო ფონდი რეცესიას პროგნოზირებს, იმას არ ნიშნავს, რომ მოვლენები  სწორედ ამ მიმართულებით განვითარდება,

„ფონდის პროგნოზი არის პესიმისტური. ძირითადი ზეგავლენა, რასაც ეკონომიკურ ვარდნაზე ექნება, არის ის, რომ რუსეთ-უკრაინის ომზე გაურკვევლობა კვლავ მაღალია. რაც შეეხება საქართველოს, ბუნებრივია, გლობალური ეკონომიკური შოკი ახდენს უარყოფით გადაცემას ამა თუ იმ ქვეყნის განვითარებაზე. ვგულისხმობ, ევროკავშირის ქვეყნებს და აშშ-ს, რომლებიც არიან ჩვენი ძირითადი სავაჭრო პარტნიორები. ეს აისახება საქართველოზეც, მაგრამ როგორ და რანაირად ცოტა რთული სათქმელია.

იგივე სავალუტო ფონდის პროგნოზით, ჩვენ მომავალ წელს უნდა გვქონდეს 3.5%-იანი ეკონომიკური ზრდა. 2022 წლის დასაწყისში გვქონდა 2.8%-იანი პროგნოზი და ამ დროს 10%-იან მაჩვენებელზე გავედით. ამიტომ მათი პროგნოზი ყოველთვის არის კონსერვანტული და რეალურად პესიმისტურიც. რადგან სავალუტო ფონდი პროგნოზირებს მსოფლიო ეკონომიკის ვარდნას, ეს არ ნიშნავს, რომ მართლაც ასე იქნება და თან საქართველოშიც“, - განუცხადა „რეზონანსს“ცუცქირიძემ და დასძინა, რომ საქართველოს მომავლის პერსპექტივა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჩვენ რას ავირჩევთ ეკონომიკის ზრდის პარადიგმად.

„გლობალური შოკი, ხშირად, სხვადასხვა ქვეყნისთვის ყოფილა პოზიტიური განვითარების თანმდევი. ვნახეთ, რომ შოკი, რომელიც დადგა 2020 წელს და გაგრძელდა რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში, საქართველოს ეკონომიკამ საკმაოდ ოპტიმისტურად გადაიარა. 10%-იანი ზრდა პატარა მაჩვენებლი არ არის. მომავლის პერსპექტივა კი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ჩვენ რას ავირჩევთ ეკონომიკის ზრდის პარადიგმად.

ეკონომიკის ხერხემალი თუ გახდება ენერგეტიკა, სწორედ ამ ხერხემლის მთავარი მამოძრავებელი ძალად უნდა იქცეს საფონდო ბაზარი. მიმაჩნია, რომ სახელმწიფო საწარმების პრივატიზირება, მათ შორის აქციონიზირება, უნდა მოხდეს სხვადასხვა მოდელით, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეთ შესაძლებლობა გახდნენ მესაკუთრეები. პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიც უნდა შემოვიტანოთ და თან ჩვენმა მოქალაქეებმაც უნდა ჩადონ ფული საკუთარი ქვეყნის აქტივებში.

ჩვენ თუ ამ კუთხით შევხედავთ სიტუაციას, მოგვეცემა მეორე დიდი პარადიგმა, რაც არის საფონდო ბაზრის განვითარება. ამან განაპირობა წამყვანი ქვეყნის მოცემულობა, სადაც ვგულისხმობ ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებს: ჩილე, ურუგვაი და ბალტის ქვეყნები. მათი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე გაზრდილია დაახლოებით 4-ჯერ. მათი მაჩვენებელი მინიმუმ 3-ჯერ მეტია ჩვენთან შედარებით. საფონდო ბაზარი საქართველოში არის ფორმალურად და მისი კაპიტალიზაცია არის არასაკმარისი. ამიტომ უნდა შევქმნათ სხვა ინსტრუმენტები, მათ შორის საფონდო სეგმენტის განვითარებით. ამაზე უნდა მუშაობდეს მთავრობა“, - აღნიშნა ანალიტიკოსმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×