გადააქვთ ჯავშნები იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვალში ან საერთოდ აუქმებენ
თიკა სიბოშვილი
04.01.2023

რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ზამთრის სეზონი გაიხსნა. კურორტები დამსვენებლების დიდი ნაკადის მოლოდინში იყვნენ, თუმცა მდგომარეობა ამ ეტაპზე საგრძნობლად შეცვლილია. იანვრისთვის უჩვეულოდ მაღალი ტემპერატურის გამო, თოვლი არსად არ არის. რთულია იმის პროგნოზირებაც თუ როდის მოვა თოვლი. ეს კი დიდ პრობლემას უქმნის როგორც სტუმრებს, ასევე ადგილობრივებს, ვინც ტურიზმით არის დაკავებული.

წლევანდელი სამთო-სათხილამურო კურორტების გახსნა დროში საკმაოდ გაიწელა. დეკემბერში თითქოს თოვლი წამოვიდა, მაგრამ მალევე ამინდი სრულიად შეიცვალა. ზამთრის სეზონის დაწყებამდე კი კურორტებზე ტარიფები საგრძნობლად გაიზარდა, რაც პრობლემას წარმოადგენდა დამსვენებლებისათვის, თუმცა სასტუმროებში როგორც აცხადებდნენ, ჯავშნები კეთდებოდა, ამიტომ სტუმრების ჩასვლის მოლოდინი ჰქონდათ.

ბაკურიანი, გუდაური და მესტია დამსვენებლებს მომზადებულნი დახვდნენ, მაგრამ მაღალმა ტემპერატურამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფაქტია, რომ დღევანდელ ვითარებას ვერც ხელოვნური გათოვლიანება შველის. საბოლოო ჯამში კი, კურორტებზე ჯავშნები უქმდება.

როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმრო „ჰილსის“ მფლობელი ნათია ლეჟავამ "რეზონანსთან" აღნიშნა, ზამთრის კურორტი თოვლის გარეშე წარმოუდგენელია. დღევანდელი სიტუაცია აშკარად პრობლემებს ქმნის და დამსვენებლებს ჯავშების გაუქმებისკენ უბიძგებს.

„თბილი ამინდი სეზონის მიმდინარეობას ხელს ძალიან უშლის, რადგან ჯავშნების უმეტესობა გაუქმდა. ნომრები წინასწარ დაჯავშნული იყო როგორც "ბუქინგზე", ისე ქართულ საიტებზე, მაგრამ რეკავენ და აუქმებენ. ასევე კითხულობენ როგორი ამინდია, არის თუ არა თოვლი, რის შედეგადაც გადააქვთ ჯავშნები იანვრის შუა რიცხვებიდან თებერვალში ან საერთოდ აუქმებენ.

პროგნოზიც არ არის სახარბიელო. გაურკვევლობაში ვართ, შეიძლება 2 დღე იყოს თოვლი და მერე საერთოდ აღარ მოვიდეს. შესაბამისად, ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ კუთხით.

ბაკურიანი თოვლის გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს სათხილამურო კურორტია, ყველას უნდა სრიალი  და გართობა. ამისთვის ამოდიან ბაკურიანში, სხვა მეტი ისეთი არაფერია აქ და ახლა გამოდის, რომ ამასაც მოკლებულნი ვართ“, - განაცხადა სასტუმრო „ჰილსის“ მფლობელმა.

უჩვეულოდ თბილი დღეები პრობლემას დამსვენებლებსაც უქმნის. როგორც ბაკურიანში დასასვენებლად ჩასულმა ამირან დარბაისელმა აღნიშნა, ტემპერატურა საკმაოდ მაღალია და არც იგრძნობა, რომ ზამთარია.

„კურორტზე ჩამოსვლამდე მოლოდინი მქონდა, რომ თოვლი დამხვდებოდა. რა თქმა უნდა, მინდოდა დამესვენა და მესრიალა, თუცმა ამ სიტუაციაში ეს წარმოუდგენელია. უკვე რამდენიმე დღეა, რაც აქ ვარ და არც ერთხელ არ უთოვია პირიქით, სულ მზიანი ამინდია და ქუჩაში სეირნობის გარდა, სხვას ვერაფერს აკეთებ.

ეს არა მხოლოდ ჩემზე არამედ სხვებზეც ძალიან მოქმედებს. უკვე ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებმაც კურორტზე ამოსვლა გადაიფიქრეს, რადგან არ სურდათ ასეთ ამინდში აქ ყოფნა“, - უთხრა ამირან დარბაისელმა „რეზონანსს“.

მდგომარეობა მართლაც გაურკვეველია. როდის შეიცვლება ამინდი, ამის თქმა ძალიან რთულია. პარალელურად წლევანდელი სამთო-სათხილამურო სეზონი თეთრი კურორტებისთვის როგორ დასრულდება, პროგნოზი შეუძლებელია.

როგორც გუდაურში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა დაადასტურა, ეს მოცემულობა სეზონის წარმატებით მიმდინარეობას ხელს ნამდვილად უშლის.

„დეკემბრის ბოლოდან სასტუმროში ჯავშნები გვქონდა. ამინდიც თითქოს ნორმალური იყო, თუმცა ახლა, როცა თოვლი საერთოდ აღარ მოდის, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. სტუმრებს ჩამოსვლა აღარ სურთ, ჯავშნები ერთმანეთის მიყოლებით უქმდება, მიზეზი კი ისევ და ისევ ამინდია. ყველა იმას გვეუბნება, რომ სიტუაცია თუკი შეიცვლება, მხოლოდ შემდეგ ჩამოვლენ დასასვენებლად.

რაც ხდება ნამდვილად უშლის სეზონის წარმატებით მიმდიანრეობას ხელს და როგორ დასრულდება ეს ყველაფწერი არცკი ვიცით. ასეთი მდგომარეობა არა მხოლოდ ჩემს სასტუმროშია, იგივე სიტუაცია არის თითქმის ყველასთან“, - აღნიშნა გუდაურის სასტუმროს მენეჯერმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

უთოვლობისგან გამოწვეულ პრობლემაზე საუბრობს გუდაურიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული თეონა ხუხუნაიშვილი. ის აქტივობები, რაც კურორტზე უნდა მიმდინარეობდეს, ვერაფრით ხერხდება, რადგან ამის შესაძლებლობა ფიზიკურად არ არსებობს.

„ძალიან ცუდია, როცა გუდაურში მიდიხარ, მოლოდინი გაქვს, რომ გაერთობი, ისრიალებ და სხვადასხვა აქტივობებეში ჩაერთვები, თუმცა ადგილზე ჩასულს თოვლი საერთოდ არ გხვდება. იმის თქმაც კი შეუძლებელია, როდის შეიცვლება მდგომარეობა, ასეთ სიტუაციაში ზამთრის კურორტებზე ჩასვლა დარწმუნებული ვარ, არვის მოეწონება“, - აღნიშნა თეონა ხუხუნაიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

შედარებით უკეთესი ვითარებაა მესტიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სეზონზე ამინდმა იქაც პრობლემა შექმნა, დამსვენებლები ჯერ მაინც არიან.

როგორც სასტუმრო „ფოსტას“ მენეჯერი აღნიშნავს, უჩვეულოდ თბილი დღეებისგან გამოწვეული პრობლემები მათთანაც იგრძნობა. „ფოსტაშიც“ გაუქმდა ჯავშნები, თუმცა სტუმრები მაინც ჰყავთ.

„ამინდის პროგნოზით მესტიაში ხვალ და ზეგაც თოვლია გამოცხადებული და მოლოდინიც კარგი გავქვს, თუმცა თვითონ შიგნით კურორტზე თოვლი აღარ არის და შეიძლება ითქვას, რომ სულ დადნა. მთებზეც არ ვარგა სასრიალოდ, ხალხი უბრალოდ ადის და ხედებით ტკბება, რადგან ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არის.

ასეთი სიტუაციის გამო ბევრი ჯავშანიც გაგვიუქმდა, თუმცა სტუმრები მაინც გვყავს და მდგომარეობა რაღაცნაირად კომპენსირდება“, - დასძინა "რეზონანსთან" საუბრისას სასტუმრო „ფოსტას“ მენეჯერმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×