კობა გვენეტაძემ სებ-ის პრეზიდენტობის პერიოდში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა
გვანცა წულაია
29.12.2022

2023 წლის მარტში კობა გვენეტაძეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის ვადა ეწურება. მისი საქმიანობის 7-წლიანი მანდატი სულ რაღაც 3 თვეში დასრულდება. გვენეტაძეს მთავარ ბანკირად მოღვაწეობა საკმაოდ რთულ, კორონავირუსის და რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში მოუწია. მისი საქმიანობითაც ზოგი კმაყოფილია, ზოგიც უკმაყოფილო.

კობა გვენეტაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 2016 წელს დაინიშნა. მის შემცვლელს კი პარლამენტი მალე აირჩევს. მომავალ მთავარ ბანკირს, რომელიც, სავარაუდოდ, ნათია თურნავა იქნება, მაღალი ინფლაცია დახვდება და მასთან გამკლავება მოუწევს. სწორედ ეს არის ცენტრალური ბანკის მთავარი ვალდებულება.

თავად კობა გვენეტაძე 7-წლიანი საქმიანობის შეჯამებისას, მთავარ მიღწევად ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას მიიჩნევს.

"ამ შვიდ წელს რომ გადავხედავ, ჩვეულებრივზე მეტი იყო გამოწვევა. მთავარი მიღწევა ვფიქრობ არის ის, რომ ქვეყანამ მიუხედავად გამოწვევების კასკადისა, შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა”, - განაცხადა "ანალიტიკაში” კობა გვენეტაძემ.

სამწუხაროდ, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში საქართველომ საინვესტიციო კატეგორიის რეიტინგი ვერ მიიღო.

"ქვეყანამ 2011 წლის შემდეგ პირველად 2017 წელს გაიუმჯობესა საკრედიტო რეიტინგი, "მუდისი" იყო პირველი, რასაც მოჰყვა სხვები და შემდეგ გაგრძელდა ეს. ამჟამად ორი ბიჯი გვაკლია, საინვესტიციო რეიტინგამდე. რომ არ ყოფილიყო პანდემია და რუსული აგრესია, დღეს ნამდვილად ვიქნებოდით საინვესტიციო რეიტინგში. ყველა ის მიმართულება, იქნებოდა ეს ფისკალური დეფიციტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, ეს იყო ვალის დონე, დედოლარიზაციის შედეგები, ფინანსური სისტემის მაჩვენებლები. აბსოლუტურად ყველაფერი თანმიმდევრულად მიდიოდა ისე, რომ ჩვენ აუცილებლად იქ უნდა ვყოფილიყავით. სამწუხაროდ ორი წელი დაიკარგა. ძალიან მწყდება გული, რომ ჩემი პრეზიდენტობის პირობებში საქართველომ ვერ მიაღწია საინვესტიციო რეიტინგის დონეს”, - დასძინა გვენეტაძემ.

ეროვნული ბანკის მთავარი ვალდებულება - ფასების კონტროლი ბოლო წლებში ვერ შესრულდა. სწორედ ამიტომ, წელიწად-ნახევარია ქვეყანაში ორნიშნა ინფლაციაა, რის გამოც გვენეტაძის საქმიანობით სპეციალისტთა დიდი ნაწილი უკმაყოფილოა.

როგორც საბანკო სფეროს სპეციალისტი, პროფესორი ლია ელიავა აცხადებს, ცენტრალური ბანკის დღევანდელი შემადგენლობა ვერაფერს გუმკლავდა და არც ეკონომიკაზე ჰქონდა დადებითი გავლენა.

"კობა გვენეტაძის საქმიანობა არაფრით გამოირჩეოდა მისი წინამორბედებისგან. იყო აბსოლუტურად მდორე, უსახური და ეკონომიკაზე დადებით გავლენას ვერ ახდენდა. სამაგიეროდ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბრძანებების პირნათლად შემსრულებელი გახლდათ. ამიტომ ქვეყანა ვერ გრძნობდა საერთოდ ჰქონდა თუ არა ეროვნული ბანკი. ეკონომიკა თავისით განვითარდა, ეროვნულ ბანკს კი, სულ სხვა პრობლემები აწუხებდა. ასე რომ, უსახური 7 წელი იყო და სამომავლოდ კიდევ ვის დაგვინიშნავენ, რას გააკეთებენ და ახალი შემადგენლობა რისი მომტანი იქნება, კაცმა არ იცის.

დღევანდელი ხელმძღვანელობა რომ ვერაფერს გაუმკლავდა, ყველა ვხედავთ. წვალობენ, გვატყუებენ, რომ შემდეგ კვარტლაში, მომავალ წელს მიაღწევენ სამიზნე მაჩვენებლებს და ა.შ.

ეროვნულ ბანკს ბიზნესში ავტორიტეტი არ აქვს, რადგან ვერც ინფლაციას თოკავს და ვერც ვალუტის გაცვლით კურსს აწესრიგებს. საქართველოში შემოსული რუსული ფული რომ არა, დღეს, კატასტროფული კურსი გვექნებოდა. ლარი რომ გამყარებულია, ეს ეროვნული ბანკის დამსახურება ნამდვილად არ არის. ძალიან რთულია იმის თქმა, რომ ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკას რაღაც შემატა”, - განუცხადა "რეზონანსს” ლია ელიავამ. 

სპეციალისტთა მეორე ნაწილი აცხადებს, რომ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში, რომელიც ბოლო წლებში ქვეყანამ გამოაიარა, ეროვნული ბანკი თავის ხელთ არსებულ ყველა შესაბამის მექანიზმებს იყენებდა, თუმცა საგარეო ფაქტორების დიდი გავლენის ფონზე შედეგი უმნიშვნელო იყო.

საბანკო სფეროს კიდევ ერთი ექსპერტი მიხეილ თოქმაზიშვილს მიაჩნია, რომ ბოლო წლებში არსებობდა ბევრი შოკი, რომელთა გამკლავებაც ძნელი იყო იმ რესურსების პირობებში, რომელიც საქართველოს გააჩნდა.

"7 წლის განმავლობაში საქართველოზე გაცილებით უფრო ძლიერი იყო საგარეო ეფექტები, ვიდრე საშინაო ცვლილებები. აქედან გამომდინარე, რიგმა საგარეო ეფექტებმა ზეგავლენა მოახდინა მონეტარულ ფაქტორებზე, განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობაზე. საქართველოს შეეძლო გაეკეთებინა მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც შეძლო კობა გვენეტაძემ. სხვანაირად რომ ვთქვათ, არსებობდა მთელი რიგი შოკები, რომლის გამკლავებაც ძნელი იყო იმ რესურსების პირობებში, რომელიც საქართველოს გააჩნდა.

მეორე მხრივ, კობა გვენეტაძე მიჰყვებოდა იმ ტრადიციულ გზას, რომელიც ითვალისწინებდა თავისუფალ მცურავ კურსს, პერიოდული ინტერვენციებს, ინფლაციაზე ძირითად ორიენტაციას და საბანკო სტაბილურობის შენარჩუნებას. შედეგები როგორიც დადგა, ამას ყველა თვალნათლივ ვხედავთ”, - განუცხადა "რეზონანსს” მიხეილ თოქმაზიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×