ქვეყანას ტოვებენ ახალგაზრდა ადამიანები, რომლებმაც წესით ეკონომიკა ფეხზე უნდა დააყენონ
გვანცა წულაია
29.12.2022

2022 წელს, ეკონომიკური ზრდის პარალელურად, არსებობდა გამოწვევებიც. ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც, სამწუხაროდ, მომავალ წელსაც, შენარჩუნდება, ინფლაცია და ფასების ზრდაა. გაძვირებულ ცხოვრებასთან ერთად, ეკონომისტები სხვადასხვა ეკონომიკურ სიძნელეებზე საუბრობენ.

მაღალი ინფლაცია არა მხოლოდ წელს იყო, არამედ შარშანაც და, როგორც ჩანს, მომავალი წელსაც პრობლემური იქნება. ქვეყანაში ორნიშნა ინფლაცია 2021 წლის ივლისის შემდეგ შეინიშნება. მაშინ, მაჩვენებელმა 11.9% შეადგინა, მას შემდეგ, დღემდე, ინფლაცია მხოლოდ 1.5%-ით შემცირდა და მიმდინარე წლის ნოემბერში 10.4%-მდე ჩამოვიდა.

უფრო კონკრეტულად კი, 2021 წლის იანვარში ინფლაციამ 2.8% შეადგინა, თებერვალში - 3.6%, მარტსა და აპრილში - 7.2%, მაისში - 7.7%, ივნისში - 9.9%, ივლისში - 11.9%, აგვისტოში - 12.8%,  სექტემბერში - 12.5%, ოქტომბერში - 12.8%, ნოემბერში - 12.5% და დეკემბერში - 13.9%.

რაც შეეხება მიმდინარე, 2022 წელს, იანვარში ინფლაციამ 13.9% შეადგინა, თებერვალში – 13.7%, მარტში – 11.8%, აპრილი – 12.8%, მაისი – 13.3%, ივნისში – 12.8%, ივლისში – 11.5%, აგვისტოში – 10.9%, სექტემბერში – 11.5%, ოქტომბერი – 10.6%, ხოლო ნოემბერში - 10.4%.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს როლი გაიზარდა, თავდაპირველად, ამ მხრივაც შეიქმნა პრობლემები. მაგალითად, უძრავი ქონების ბაზარზე, მიგრანტების ნაკადმა ქვეყანაში ბინები გააძვირა და მაღალი ფასები დღემდე ნარჩუნდება.

ამ ყველაფერთან ერთად, 2022 წელს გაიზარდა ემიგრაციის მაჩვენებელიც, რაც ეკონომიკისთვის პრობლემაა, რადგან ადგილზე სამუშაო ძალის დეფიციტი გაჩნდა. როგორც ეკონომისტმა მერაბ ჯანიაშვილმა აღნიშნა, ქვეყნიდან წასვლის მსურველთა ასაკმა ქვევით დაიწია და დღეს, ემიგრაციაში ახალგაზრდებიც მიდიან, ვინც ქვეყანაში დოვლათი უნდა შექმნას.

"პირველ რიგში, რაც ისევ არსებობს და არ გამქრალა, ინფლაცია, ფასების ზრდაა. ალბათ, ყველაზე მეტად სწორედ ეს დააწვა საზოგადოებას კისერზე და გაურთულა ცხოვრება. თუკი საგარეო ფაქტორებსაც გამოვყოფთ, მაშინ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეოპოლიტიკური მდგომარეობა იყო დაძაბული, მაგრამ ერთის მხრივ, თუ ომმა დაგვაზარალა, მეორე კუთხით ჩვენ ამით ვისარგებლეთ და ეკონომიკა 10% გაიზარდა, როდესაც თავდაპირველად 5%-იანი მატება დაგეგმილი. ეს სწორედ შემოსული მიგრანტების დამსახურებით მოხდა.

ჩვენთან მოთხოვნა გაიზარდა და ეს მაღალ ეკონომიკურ მაჩვენებლებში აისახა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ასეთი შედეგები საზოგადოებაზე და დოვლათის შექმნაზე ასახვას არ ჰპოვებს. შესაბამისად, ამიტომ მივიღეთ ასიმეტრიული ციფრები, როდესაც გვაქვს ორნიშნა მშპ და ამის პარალელურად კი, სოციალურად დაუცველთა ოდენობა იზრდება. უმუშევრობაც სათანადოდ არ იკლებს.

ასევე ძალიან თვალშისაცემი გახდა ემიგრაცია, რაც ყველაზე მეტად დააზარალებს ჩვენს ქვეყანას და ეკონომიკას უახლოეს წლებში, რადგან თუ 90-იანებისა და 2000-იანი წლების დასაწყისში უფრო ასაკიანი - 40-50 წლის ადამიანები მიდიოდნენ ქვეყნიდან, ახლა სახეზეა ახალგაზრდების გადინებაც. ქვეყნიდან "ტვინები", ეკონომიკურად აქტიური ადამიანები მიდიან, ვინც დოვლათი უნდა შექმნას. მათ ახლა სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკაში შეაქვთ თავიანთი წვლილი და გამოცდილებებს ახმარენ”, - განუცხადა "რეზონანსს” ჯანიაშვილმა.

ომის დაწყების შემდეგ საქართველოსა და უკრაინის სავაჭრო ურთიერთობა პრაქტიკულად ნულის დონემდე დავიდა. არადა 2022 წლის გაზაფხულამდე ეს ქვეყანა ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი იყო. ომის ფონზე, საქართველოს ახალი ბაზრების ათვისება მოუწვია, რაც ერთგვარი პრობლემა იყო.  სწორედ ამ მიმართულებას ასახელებს აკადემიკოსი ავთო სილაგაძე 2022 წლის ერთ-ერთ ეკონომიკურ გამოწვევად.

"გამოწვევები იყო ასეთი: 2022 წელს გაგრძელდებოდა თუ არა, პოსტპანდემიამდელი პერიოდის დონის გადაჭარბება, რომელიც რეალურად, გარკვეულ ასპექტში 2021 წელს დაფიქსირდა. შევინარჩუნებდით თუ არა, იმ მაჩვენებლებს, რომლითაც პანდემიმადელ შედეგებს მივუახლოვდით და გადავაჭარბეთ. ამას წელს განსაკუთრებით ამწვავებდა რუსეთ-უკრაინის ომი. რაღა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები არსებობდა, რადგან მოგეხსენებათ, ორ ქვეყანასთან ურთიერთობაში, განსაკუთრებით უკრაინასთან, ეკონომიკური მაჩვენებლები რა დონეზეც იყო და ახლა როგორ არის შემცირებული.

მეზობელ სახელმწიფოებში საქართველოს ბევრი მოქალაქე იყო დასაქმებული და საკმაოდ ბევრი ჩამოვიდა, ესეც გამოწვევა იყო. ამას დაემატა მიგრანტების ნაკადები და ამ თვალსაზრისით არსებული ფონი, იყო საკმაოდ დამძიმდა.

ინფლაცია ნამდვილად იყო და არის გამოწვევა. ფასები გაიზარდა, მაგრამ არა იმ ტეპმებით, როგორ ეს გასულ წელს მოხდა. პრობლემას რჩება, მაგრამ, ვფიქრობ, მთავრობას გამოკეთილი აქვს პოზიცია ფასების ზრდის ტემპის შემცირების კუთხით”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთო სილაგაძემ და დასძინა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ქეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა მივიღეთ.

"შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკაში გაგრძელდა მოსალოდნელი პოზიტიური ცვლილებები. განსაკუთრებული იყო ექსპორტის მაჩვენებლების ზრდა, ბაზრების დივერსიფიცირება, დასაქმების მონაცემების გაუმჯობესება, ფულადი გზავნილების მატება, შედარებით ფართო მასშტაბები მიიღო ტურიზმის სფერომ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დიდი ნაკადიც შემოვიდა.

საბოლოო მაჩვენებელი ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ უკვე აშკარაა, რომ ძალიან სახარბიელო და მაღალი სტატისტიკური მონაცემები გვექნება. საქართველო, როგორც ტრანზიტული სახელმწიფო, კიდევ უფრო მეტად გახდა საჭირო დასავლეთისათვის, განსაკუთრებით ევროპისათვის. რაც მთავარია, ქვეყანაში გვაქვს სტაბილურობა და მშვიდობა”, - აღნიშნა "რეზონანსთან” საუბრისას ავთო სილაგაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×