უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეები კიდევ ერთ ბუმს აღარ ელოდებიან
გვანცა წულაია
30.11.2022

საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნისა და სიძვირის შემდეგ, შედარებით სტაბილური ვითარებაა. წინა თვეებში მოთხონასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, მიმდინარე ეტაპზე, ჩამცხრალია. დაქირავების კუთხით ფასებიც მცირედით დაკლებულია და ბაზარზე ახლა, ისეთი სიძვირე აღარაა, როგორც გაზაფხულის, ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში იყო. დიდი ალბათობით ქირის ფასი სამომავლოდ კიდევ უფრო დაიკლებს.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ძლივს დასტაბილურებულმა უძრავი ქონების ბაზარმა, მიმდინარე წელს მკვეთრი ცვლილებები განიცადა. მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომია. მიგრანტების ორმა ტალღამ, რომელიც საქართველოსკენ დაიძრა, ქვეყანაში ბინები გააძვირა. მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი კი დაირღვა და ამ მიმართულებით მდგომარეობა შედარებით მხოლოდ ახლაღა დასტაბილურდა. მცირედი გაიაფება შეიმჩნევა დაქირავების ბაზარზე, თუმცა კლება არ არის განსაკუთრებული და თვალში საცემი.

როგორც კომპანია `კიბეს” ხელმძღვანელმა ნელი გოგუაძემ განაცხადა, დაქირავების ბაზარზე არსებობს მოლოდინი, რომ თითქოს ბინებზე მოთხოვნა ისევ გაიზრება, თუმცა უცნობია, ასეთი ვითარება კიდევ ერთხელ რამდენად შეიქმნება.

"მიმდინარე ეტაპზე, ბინების დაქირავების ბაზარზე ისეთი ბუმი აღარ არის, როგორც ადრე იყო. როდესაც მოთხოვნა მკვეთრად იყო გაზრდილი, მაშინ, რა თქმა უნდა, ფასს არავინ აკლებდა, მაგრამ ახლა ვითარება შედარებით შეცვლილია და ისეთი მოთხოვნაც რომ აღარ არის, ეს ყველასათვის აშკარაა. მნიშვნელოვნად არა, მაგრამ ფასების კლების ტენდენცია მაინც შეინიშნება.

დაქირავების ბაზარზე მოთხოვნის ზრდას ისევ ელოდებიან, მაგრამ ეს რამდენად მოხდება არავინ იცის. უბრალოდ, მათი სუბიექტური მიდგომაა, ჰგონით და ფიქრობენ, რომ მოთხოვნის ბუმი ისევ იქნება და კლვავ გააქირავებენ ბინებს, უმაღლეს ფასად, მაგრამ ახლაუკვე საეჭვოა. აქვე გეტყვით, რომ ეს შეთანხმებები არ იყო გრძელვადიანი, მაქსიმუმ, 6 თვისთ ქირაობდნენ ფართებს”, - განუცხადა "რეზონანსს” ნელი გოგუძემ.

წელს უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი ორჯერ დაირღვა. ორივე შემთხვევაში, ბინებზე მოთხოვნა იმდენად იყო გაზრდილია, რომ მიწოდებას ვერ აბალანსებდა. ასეთი მოცემულობა იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, განსაკუთრებით კი დედაქალაქში.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბინების გაძვირება, გარკვეულწილად, სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგაც მოხდა და მაღალი ფასი მხოლოდ მიგრანტების ტალღას არ უკავშირდება. ასევე გაძვირებულია სამშენებლო მასალებიც, რამაც ასევე გავლენა მოახდინა, თუმცა ფასების ზრდაზე უდიდესი როლი სწორედ მიგრანტებს მიუძღვით.

სამშენებლო კომპანია "ბერუკას” ხელმძღვანელი ავთანდილ გუგეშაშვილი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ყველგან გაზდილი ტარიფები ნარჩუნდება.

"ბინების დაქირავების ბაზარზე, მიმდინარე ეტაპზე, ისეთი აჟიოტაჟური მოთხოვნა აღარ გვავქს, როგორც იყო უკრაინაში ომის დაწყებისა და რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ.

რაც შეეხება ღირებულებას. როდესაც ზემოთ ნახსენები მოცემულობა გვქონდა, მაშინ ბინების ქირაობა მკვეთრად გაძვირდა და ახლა ღირებულება იმ პიკურ ნიშნულზეა გაყინული. შეიძლება ითქვას, რომ ფასები გაიზარდა და გაჩერდა. ჯერჯერობით კლება არ შეინიშნება”, - განუცხადა "რეზონანსს” ავთანდილ გუგეშაშვილმა.

უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ვითარებაზე საუბრობს საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი, საბროკერო კომპანია „კედარო ჯგუფის" დამფუძნებელი ეკატერინე ჭიღლაძეც.

"იჯარასთან დაკავშირებით ფასები მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა და ტენდენცია კლებისკენ მიდის. რაც შეეხება უძრავი ქონების რეალიზაციას, თბილისის მასშტაბით მოთხოვნა კვლავ დიდია და ღირებულებაც შესაბამისად, მაღალი ნიშნულზეა შენარჩუნებული. ასევე, გაზრდილია მოთხოვნა თბილისის შემოგარენში მიწის ნაკვეთის ყიდვასთან დაკავშირებით და ამის შესაბამისად შესამჩნევია ფასების ზრდის ტენდენცია.

ბოლო პეროდში ჩვენს კომპანიაში შემოსული შეკვეთების გათვალისწინებით, თბილისში, მოთხოვნა გაიზარდა ჩუღურეთისა და ისნის რაიონებში”, - განუცხადა "რეზონანსს” ეკატერინე ჭიღლაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×