დედაქალაქის ხელმძღვანელობას, სავარაუდოდ, კანონის გამკაცრება კიდევ მოუწევს
გვანცა წულაია
28.11.2022

უკანონო, უნებართვო მშენებელობებს დედაქალაქში ჯერ კიდევ უამრავია. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია ამ საკითხს მკაცრად მიუდგა, თვითნებური შენობებიც არაერთხელ დაანგრია, მდგომარეობა მაინც კრიტიკულია. ამ მიმართულებით კანონმდებლობაც გამკაცრდა, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ეს საკმარისი. მეტიც, პრობლემა დანაშაულად გადაიქცა და თაღლითობის სახეც კი მიიღო.

ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მოქალაქეს სინამდვილეში საერთოდ არ აქვს არც საცხოვრებელის და არც ფინანსური პრობლემა, მაგრამ უკანონო მშენებლობას მაინც ეწევა და თავს იმით იმართლებს, რომ  სხვაგან წასასვლელი არსად აქვს. არის შემთხვევები, როდესაც მათი ნათქვამი სიმართლეს შეესაბამება, მაგრამ ასეთ ფაქტებზე თბილისის მერია ამბობს, რომ ყველა უსახლკარო თბილისელს დაეხმარება და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფს.

სწორედ ამაზე საუბრობს ურბანისტი, „სითი ინსტიტუტ საქართველოს” დირექტორი მამუკა სალუქვაძე და ადასტურებს, რომ ნამდვილად არის ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანები უკანონო მშენებლობის გზით შემოსავალს იჩენენ.

„ეჭვი მეპარება, რომ უკანონო, უნებართვო მშენებლობებს ვერ აკონტროლდებდნენ, ქალაქის გარეუბნებში, სადაც მიწების მიტაცება და პატარა ფარდულების და მცირე ზომის საცხოვრებლების ჩადგმა ხდება, თბილისის მერიას კარგად შემუშავებული მონიტორინგის სისტემა აქვს. ზოგადად ბევრი აზრია, უნდა დაინგრეს თუ არა უნებართვო მშენებლობები და სწორია თუ არა ეს მიდგომა, მაგრამ თუ ვთანხმდებით, რომ უკანონობა ყველასთვის უკანონობაა, მაშინ, მსგავსი ფაქტები არ უნდა მოხდეს. თუ ვინმეს საცხოვრებელთან დაკავშირებით გადაუჭრელი პრობლემები აქვს, ამის მოგვარება მერიასთან ურთიერთობით უნდა მოახერხოს.

საზოგადოებამ პოზიცია სწორად უნდა დააფიქსიროს. ყველაზე არ მაქვს საუბარი, რა თქმა უნდა, მაგრამ მერე ირკვევა, რომ ადამიანები ამ გზით ვაჭრობენ. აიშენებენ ფართს, რომელსაც შემდეგ ყიდიან. ასეთი ხმებიც დადის, რომ უკვე თაღლითობის სახეც მიიღო. შეიძლება, ადამიანს აქვს სახლიც, კარიც და ყველაფერი, მაგრამ მიწის მიტაცებით ცდილობს, შემოსავლების რაღაც ახალი წყარო გაიჩინოს. ამიტომ არსებობს კანონი, რომელსაც არავინ არ უნდა გადაუხვიოს. თუ გვინდა საკითხის მოგვარება, მაშინ როგორღაც უნდა მოვახერხოთ, რომ მერიასა და იმ ადამიანებს შორის, ვისაც მართლა უჭირს, კონტაქტი შედგეს და პრობლემა ცივილურ დონეზე გადაწყდეს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ მამუკა სალუქვაძემ და დასძინა, რომ ყვლაფერი 100%-ით მოგვარებული არ არის, თუმცა უკანონო მშენებლობის მასშტაბები დედაქალაქში იკლებს, რადგან თბილისის მერია გააქტიურდა. 

„მასშტაბები მცირდება და ამის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ თბილისის მერია ამ საკითხში აქტიურად არის ჩართული. კანონმდებლობაც გამკაცრდა. ხშირ შემთხვევაში, დიდი ჯარიმებიც არის გარკვეულ დარღვევებზე. გენგეგმამ რაღაც მიმართულება დაარეგულირა. სხვა მარეგულირებელი აქტებიც არის. ახლა უფრო მეტი სიმკაცრეა და კონტროლიც გარზდილია, ამიტომ ბუნებრივია, რომ მასშტაბებიც იკლებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 100%-ით იდეალურად არ არის, თუმცა ვინც ობიექტურია, ყველა გეტყვით, რომ უკანონო, უნებართვო მშენებლობების მასშტაბები შემცირებულია“, - დასძინა სალუქვაძემ.

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძეცადასტურებს, რომ დედაქალაქში გაჩნდნენ ჯგუფები, რომლებიც გაჭირვებულის მანტიას ამოფარებულები, უკანონო მშენებლობებას ეწევიან.

„ეს დედაქალაქისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. მიუხედავად კანონმდებლობის გამკაცრებისა, უბნების ქაოსური განაშენიანება მაინც მიმდინარეობს. ჩვენ ვაპირებთ, მუნიციპალიტეტის წინაშე საკითხი აქტიურად დავაყენოთ და იმედი გვაქვს, რომ ოპოზიციონერი კოლეგებიც მხარს დაგვიჭერენ. უკანონო მშენებლობების მიმართულებით კანონი გამკაცრდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს საკმარის არ არის. ამ მიმართულებით კიდევ უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო“, - განაცხადა სოხაძემ.

სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის მიტაცების შემდეგ, მოქალაქეები ადგილზე სხვადასხვა სახის მშენებლობას იწყებენ. დემონტაჟის განხროციელებამდე თბილისის მერიისგან ისინი გაფრთხილებას იღებენ, რომ უკანონოდ აშენებული შენობის თავად დაანგრიონ. თუ მოქალაქე დემონტაჟს თავისი სურვილით არ დაიწყებს, საქმეში უკვე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები ერთვებიან.

ურბანისტი მერაბ ბოლქვაძე რამდენიმე ადგილს ასახელებს, სადაც შენობა-ნაგებობების ინტენსივობა გადაჭარბებულია.

„როდესაც გენერალური გეგმა მუშავდებოდა, მაშინ გამოვავლინეთ არეალები, სადაც იყო ძალიან დიდი აქტივობა. ყიფშიძის ქუჩის მიმდებარე სიბრტყე, სპორტის სასახლის უკან რამდენიმე არეალი არსებობდა, სადაც მშენებლობის ინტენსივობა იყო გადაჭარბებული და იქ კიდევ ნამატის გაჩენა არ იყო სასურველი. ჰექტარზე მოსულ ადამიანთა რიცხვი უკვე იყო გადაჭარბებული. ნორმატიული მაჩვენებელია, 280-290 კაცს არ უნდა აჭარბებდეს და ამ არეალებში იყო გაცილებით ბევრი, ამიტომ, როგორც მაგალითი, რამდენიმე ფრაგმენტი ანალიზის თვალსაზრისით ამოვიღეთ. ამ დროს სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები უარესდება, არ არის ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები, გამწვანება, პარკირების ადგილები, სოციალური ობიექტები და ა.შ. ასე რომ, მაშინ ზოგადად სიბრტყეების ანალიზი გაკეთდა და ისინი ჩაითვალა ძალიან გადაჭარბებული სიმჭიდროვის არეალებად“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ მერაბ ბოლქვაძემ და იმ გზებზე ისაუბრა, რისი მეშვეობითაც პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

„იქ, სადაც ინტენსივობა მაღალია, მაკომპენსირებელ ღონისძიებებზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ მიმდებარე ტერიტორიებზე, თუკი არის საშუალება, შეიქმნას რეკრეაციული სივრცეები, რათა მოხდეს დაბალანსება. 1-2 მოხერხდა კიდეც და კარგი შედეგიც გამოიღო. მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტის უკან ბარაკული სისტემის შენებები აიღეს და გაკეთდა ბავშვთა ბაქნები, სპორტული მოედნები და გაწვანებული სივრცე, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ამ მიმართულებით კიდევ უნდა გადაიდგას ნაბიჯები“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ ბოლქვაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×