მიკრობების რაოდენობა მობილური ტელეფონის ეკრანებზე 5-ჯერ მეტია, ვიდრე საზოგადოებრივი ტუალეტების უნიტაზებზე
ქეთო გოგოხია
08.08.2022

მობილური ტელეფონების აქტიური გამოყენება ადამიანის სიცოცხლეს სერიოზულ რისკს უქმნის. ტექნიკური პროგრესის ამ მიღწევას ჩვენს ჯანმრთელებაზე შესაძლოა, მომაკვდინებელი გავლენა ჰქონდეს. ერთი შეხედვით, ეს უწყინარი მოწყობილობა, ამავე დროს, ყველაზე საშიშია და ყოველდღიურად უფრო მეტი ადამიანი იწამლება არა საკვებით, არამედ მობილური ტელეფონის ინტენსიური გამოყენების გამო.

ჯერ კიდევ ათეული წლების წინ აკადემიკოსმა რამაზ გახოკიძემ ყურადღება მიაქცია ციფრული ტექნოლოგიების თუ სხვადასხვა სახეობის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მავნე გავლანის შესახებ, რაზეც დღეს უკვე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. ახლა კი აკადემიკოსი ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ სიმსივნური დაავადებები, ცეროზი, ძვლის კიბო, უძილობა, აგრესია, დიდწილად მობილური ტელეფონების აქტიურ გამოყენებას უკავშირდა, რაც კლინიკური კვლევებითაც არის დადასტურებული.

მობილური კავშირი ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა. გამოსხივების წყაროა ყველა  ელექტრომაგნიტური ხელსაწყო (ელექტროტალღური ღუმელები, კომპიუტერები, ტელევიზორები). ყველა ეს ხელსაწყო, მობილური ტელეფონისგან განასხვავებით, ჩვენგან გარკვეული მანძილით არის დაცილებული. მობილური ტელეფონის რადიოსიხშირის ელექტრომაგნიტური გამოსხივება კი შთაინთქმება ტვინის  ქსოვილებით, თვალის ბადურით, მხედველობითი, ვესტიბულარული და სმენითი ანალიზატორების მიერ, ამასთან გამოსხივება მოქმედებს როგორც უშუალოდ ცალკეული ორგანოებსა და სტრუქტურებზე, ისე მთლიანად  ნერვულ  სისტემაზე.       

რამაზ გახოკიძის მტკიცებით, თუკი სამზარეულო ჩვენს სახლებში წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რადიაციულად საშიშ ადგილს, თავისებურ გაზურ კამერას რადიოაქტიური გაზის - რადონის  არსებობის გამო, მობილური ტექნიკის გამოყენება კიდევ უფრო საშიში და ზიანის მომტანია.

,,მობილური ტელეფონები დიდი ხანია თანამედროვე მსოფლიოს შეუცვლელ ატრიბუტად იქცა, მაგრამ, როგორც ცნობილია, ნებისმიერ ტექნიკურ პროგრესს სიკეთესთან ერთად თან ახლავს უარყოფითი შედეგები.

განსაკუთრებით საშიშია მობილური ტელეფონი, როცა იკრიფება ციფრები, ამ დროს მისი ყურთან მიტანა კატეგორიულად დაუშვებელია. თქვენ წარმოიდგინეთ, როდესაც ვანთებთ შუქს, ყველა მწერი მიდის სინათლესთან, ამ გამოსხივებას მიზიდულობის საოცარი ძალა აქვს. ათაიათასჯერ მეტი გამოსხივება აქვს მობილურს, იგი პათოგენურ ვირუსებს, მიკროორგანიზმებს იზიდავს და ადამიანის ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია. მობილური ტელეფონის ზედაპირზე  დიდი რაოდენობით მრავლდება სხვადასხვაგვარი მიკრობი, მათ შორის, დაავადების გადამტანებიც. გამოთვლილია, რომ ასეთი მიკრობების  რაოდენობა მობილური ტელეფონის ეკრანებზე 5-ჯერ მეტია, ვიდრე საზოგადოებრივი ტუალეტების  უნიტაზებზე. ამიტომ ხშირად  გაწმინდეთ ტელეფონის კორპუსი ანტიბაქტერიული ხელსახოცით, დაიბანეთ ხელები, ტელეფონი არ დადოთ სასადილო მაგიდაზე და არ ათხოვოთ  სხვას, ისევე როგორც არ ათხოვებთ სხვას კბილის ჯაგრისს ან სავარცხელს.

არაერთხელ გვითქვამს, რომ სამზარეულოში ძალიან ბევრი  ბაქტერიაა, ათიათასობით, რასაც კაცობრიობისთის დიდი ზიანი მოაქვს, მაგრამ ტელეფონის შემთხვევაში ბაქტერიები ბევრად მეტია. ამ დროს უამრავი ადამიანი ტყუილუბრალოდ იყენებს მას - თამაშობს, მუსიკას უსმენს და ვერც კი ხვდება, რა დიდ რისკს უქმნის საკუთარ თავს“, - განაცხადა რამაზ გახოკიძემ.

როგორც აკადემიკოსმა აღნიშნა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და კიბოს შემსწავლელმა საერთაშორისო  ორგანიზაციამ  მობილური  ტელეფონების  რადიოგამოსხივება აღიარა  პოტენციურ კანცეროგენად  და ქლოროფორმის, დდტ-ს, ბენზინს და სხვა მსგავს ნივთიერებებს გაუტოლა.

,,ადამიანები  მობილური  ტელეფონით  საუბრობენ რამდენიმე  საათს დღე-ღამეში. ორგანიზმისთვის კი ეს კოლოსალური დატვირთვაა. გაჩნდა ე.წ.  ,,მობილური“ დამოკიდებულება: ტელეფონი აქვეითებს ინტელექტს  და ლიბიდოს. დამტკიცებულია, რომ ელექტრომაგნიტური ტალღები ადამიანის ორგანიზმში იწვევს ცვლილებებს უჯრედულ დონეზე.

რაც შეეხება უშუალოდ საფრთხეს, პირველ რიგში, დაკავშირებულია ტელეფონის ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედებაზე ტვინში ელექტრულ პროცესებზე. ტვინის ნერვული უჯრედები წარმოქმნის რთულ ელექტრულ ქსელს. ტელეფონის ველის ზემოქმედებით ამ ქსელზე ხდება ტვინის უჯრედების აქტიურობის დარღვევა, რაც იწვევს ჰიპერტონიას, არითმიას, წყლულოვან დაავადებებს, მეხსიერების დაქვეითებას, ხშირ თავის  ტკივილს, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ყურადღების დაქვეითებას,  გულფიცხობას, სტრესის მიმართ დაბალ  გამძლეობას, ეპილეფსიურ რეაქციებს, გონებრივი და შემეცნებითი უნარის დაქვეითებას. აღსანიშნავია, რომ ტელეფონის გამოსხივება არა მარტო  მოსაუბრეზე მოქმედებს, არამედ ყველაზე, ვინც კი 1-3 მეტრ რადიუსში იმყოფება“, - აღნიშნა რამაზ გახოკიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

მისი თქმით, მობილური ტელეფონების გამოყენებასთან ერთად, მნიშვნელოვნად იზრდება  შემდეგ დავადებათა რისკი, როგორიცაა ბავშვთა ლეიკემია, კატარაქტა და თვალის სხვა  დაავადებანი; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა; ლეიკოზი; ტვინის სიმსივნე; მკერდის კიბო; პირის ღრუს  კიბო, ალცაჰაიმერის დაავადება და გულსისხლძარღვთა დაავადებები.

,,ბავშვის  ორგანიზმი უფრო მგრძნობიარეა ელექტრომაგნიტური  ველის მიმართ, ვიდრე მოზრდილი. ელექტრული ველი მოქმედებს უმაღლესი ნერვული სისტემის ფორმირებაზე. დამტკიცებულია, რომ ბავშვის  ტვინი უფრო მეტ ელექტრომაგნიტურ ენერგიას შთანთქავს და ზიანდება ტვინის უბნების  (მათ შორის, გონებრივ განვითარებაზე პასუხისმგებელი უბნების) დიდი რაოდენობა. ბავშვის თავის ქალის ძვლები ბევრად  თხელია, ვიდრე მოზრდილისა, ამიტომ ბავშვის ძვლის ტვინი 10-ჯერ მეტ ელექტრომაგნიტურ  გამოსხივებას შთანთქავს.

მრავალი მეცნიერი  თვლის, რომ  8 წლამდე (ზოგიერთის აზრით, 16 წლამდე) ბავშვებმა არ უნდა გამოიყენონ მობილური ტელეფონები, რადგან ტვინის სიმსივნის განვითარების რისკი ტელეფონის გამოსხივების  გამო ძალიან დიდია. მეცნიერების  მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თავის ტვინის  კიბოს, ალცჰაიმერის  დავადებების, ეპილეფსიის და დეპრესიის განვითარების  საშიშროება  დაკავშირებულია  ბავშვობიდან  მობილური  ტელეფონის  ხანგრძლივ გამოყენებასთან. დიდ ბრიტანეთში აიკრძალა სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენება“, - განაცხადა გახოკიძემ.

ბავშვებში ტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემაზე საუბრობს პედიატრიც მაია აბულაშვილიც. როგორც მან "ბიზნეს-რეზონანსს" განუცხადა, მობილურისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება სხვადასხვა დაავადების პროვოცირებას იწვევს.

,,თვეების ასაკის ბავშვების ყურადღებას უკვე იპყრობს ეკრანზე მოციმციმე ფერადი გამოსახულებები, მულტპერსონაჟების ხმა და ა.შ. უკვე მოზრდილი ბავშვი ეჩვევა მობილურით, პლანშეტითა და ფლეერებით თამაშს. დღეში, მაქსიმუმ, 1 საათი უნდა გაატაროს ბავშვმა ტელევიზორთან და, მაქსიმუმ, ნახევარი საათი კომპიუტერთან, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ წესებს ვერ ვიცავთ. ტექნიკის წინსვლა შეიძლება მრავალმხრივ იყოს ბავშვებისთვის სასარგებლო, მაგრამ ამავე დროს ისინი სერიოზული საფრთხის წინაშეც დგანან, მათ შორისაა კიბოს რისკიც.

პატარები რაც შეიძლება უნდა მოვარიდოთ ტექნიკას, განსაკუთრებით დაუშვებელია, 2 წლამდე ბავშვი თამაშობდეს მობილურით. ამ დროს მის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე ექმნება. ეკრანთან დიდხანს ჯდომაც საზიანოა. ტელევიზორისა თუ კომპიუტერის ეკრანის მავნებლობა თვალებზე, გონებაზე და ბავშვის ფიზიკურ თუ სულიერ განვითარებაზე არაერთხელ შესწავლილა", - განაცხადა მაია აბულაშვილმა.

ცნობისთვის, ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ იქნა ფართომასშტაბიანი სამედიცინო გამოკვლევა 13 ქვეყნის ათასობით პაციენტზე. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანთა იმ ჯგუფში, რომლებიც არ ხმარობდნენ მობილურ ტელეფონებს,  თავის ტვინის სიმსივნეების განვითარების რაოდენობა 40%-ით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე იმ ჯგუფში, რომლებიც მობილური ტელეფონებით საუბრობდნენ დღეში არანაკლებ  30 წუთისა 10 წლის განმავლობაში.

მობილური ტელეფონის გამოყენება არ შეიძლება: ბავშვებისა და მოზარდებისთვის 16 წლამდე;  ფეხმძიმე ქალებისთვის ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში; ნევრასტენიით, ფსიქოაპატიით, ნევროზებით, ეპილეფსიით  დაავადებულთათვის, ასევე შეზღუდული  გონებრივ და ფიზიკურ პირთათვის.

აკადემიკოს რამაზ გახოკიძის რეკომენდაციაა: შევზღუდოთ მობილური  ტელეფონის გამოყენების დრო და სიხშირე არა უმეტეს 2-3 წუთისა ერთ დარეკვაზე და 10-15 წუთი  დღეში. არ დაიძინოთ მობილურ ტელეფონთან ახლოს. ლოდინის რეჟიმშიც კი მობილური ტელეფონის ელექტრომაგნიტური გამოსხივება  უარყოფითად მოქმედებს  ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, არღვევს ძილის ფაზების ნორმალურ მონაცვლეობას. თუ შესაძლებელია, ისარგებლეთ ქალაქის  და არა მობილური ტელეფონით. არ ატაროთ  ტელეფონი  ჯიბით, მოათავსეთ ჩანთაში, სხეულისგან მოშორებით.  ტელეფონი არ მიიდოთ ყურზე, სანამ არ დამყარდება აბონენტთან კავშირი ამ დროს ყველაზე ძლიერია გამოსხივება. სასურველია, საუბრისას ტელეფონი თავისგან მოცილებით დაიჭიროთ. სახლში ყოფნისას ტელეფონი მოათავსეთ თქვენგან მინიმუმ 1.5 მეტრის მოცილებით. გაითვალისწინეთ, ეკრანირების პირობებში (ავტომობილი, რკინაბეტონის შენობები) ელექტრომაგნიტური გამოსხივების ნაკადის სიმკვრივე, რომელიც ადამიანზე ზემოქმედებს, მრავალჯერ ძლიერდება.

ეცადეთ, ტელეფონი არ გამოიყენოთ ისეთ ადგილებში, სადაც ცუდი მიღებაა (ლიფტი, მიწისქვეშა ადგილი, ტრანსპორტი და ა.შ.), რადგან  ასეთ დროს მობილური ტელეფონი ცდილობს, მოძებნოს ანტენა გადამცემი, რის  გამოც გამოსხივება მრავალჯერ ძლიერდება. მობილური ტელეფონით საუბრისას მოიხსენით მეტალის  ჩარჩოიანი სათვალე, რასაც შეუძლია  გააძლიეროს  ელექტრომაგნიტური ველის ინტენსივობა და, შესაბამისად, მისი ზემოქმედება მომხმარებლის თავის ზოგიერთ უბანზე.

ცხადია, ცხოვრება მობილური ტელეფონის, ტელევიზორისა და კომპიუტერის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ასევე შესაძლებელია, რომ მათ ზიანის ნაცვლად სარგებლობა მოიტანონ!

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×