ომის დასრულებას ჯერ პირი არ უჩანს და კიდეც რომ დამთავრდეს, ძველი სატრანსპორტო კავშირებისა თუ ნდობის აღდგენას ძალიან დიდი დრო დასჭირდება
თიკა სიბოშვილი
04.08.2022

რუსეთ-უკრაინის ომის პერიოდში საქართველოს დერეფანმა უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა. დაინტერესება აქამდეც იყო, თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა ტვირთბრუნვა არანორმალურად გაზრდილია. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე საქართველოს ამ შანსის გამოყენება არ გაუჭირდა, თუმცა ახლა მნიშვნელოვანია არსებული მდგომარეობის შენარჩუნება. არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ ომის დასრულების შემდეგ გადამზიდები ძველ მარშრუტს დაუბრუნდნენ.

უკრაინაში ომი უკვე 5 თვეზე მეტია მიმდინარეობს, რამაც საქართველოს გაუჩინა შესაძლებლობა, რომ არსებული სიტუაციიადან ზარალზე მეტი, სარგებელი მიეღო. საქართველოს დერეფნების გავლით ტვირთი მუდმივად გადიოდა, თუმა ომამდე ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა.

ჯერჯერობით არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ომი დასრულდება და რუსეთს სანქციები მოეხსნება, თუმცა ამ ყველაფრის მოგვარების შემდეგ გაჩნდება საფრთხე იმისა, რომ ტვირთების ნაკადმა ისევ გვერდი აუქციოს საქართველოს სატრანზიტო დერეფანს. ამიტომაც ახლავე მნიშვნელოვანია, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ახალი პარტნიორების შენარჩუნება.

როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, მინიმუმ 5 წელი საქართველოს საფრთხე არ ემუქრება, რადგან ომი მალე რომც დასრულდეს, ინფრასტრუქტურის აღდგენას დრო სჭირდება.

„არავინ იცის ომი აქტიურ ფაზაშია თუ პასიურში. შეიძლება უცებ გააქტიურდეს და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი იქნება რა დამოკიდებულება ექნებათ რუსეთისა და უკრაინის მიმართ სხვა სახელმწიფოებს. მინიმუმ 5 წლის განმავლობაში შეუძლებელი იქნება, რომ საქართველომ დაკარგოს ის უპირატესობა რაც დღესდღეობით მოიპოვა. არ არსებობს, რომ 5 წელში დალაგდეს სატრანსპორტო საკომუნიკაციო კავშირები რუსეთსა და უკრაინას შორის.

ამ ქვეყნებში გარკვეული უბნები არის დანგრეული, აფეთქებული, ვგულისხმობ გზებს, პორტებს. ჩემი ვარაუდით, მინიმუმ 5 წლის განმავლობაში ტვირთების ძველ მარშრუტზე დაბრუნება შეუძლებელია. თანაც, უნდა გავითვალისწინებთ ის გარემოება, რომ თუ სატრანსპორტო ნაკადმა დაიმკვიდრა თავისი ადგილი ერთ-ერთ დერეფანში, ის ძნელად იცვლის ამ ადგილს“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ ამ ეტაპზე პრობლემა ის უფრო არის, რომ დოლარი გაუფასურებულია.

„პრობლემას მე სხვა კუთხით ვხედავ. ომის აქტიურ ფაზაში შესვლიდან დოლარი გაუფასურდა ლართან მიმართებაში 11%-ით. საქართველოს რკინიგზა, ანუ სატრანსპორტო დერეფნის ხერხემალი და საქართველოს პორტების შემოსავლის 90% შემოდის ამერიკულ დოლარებში, შესაბამისად ის, რაც ტვირთნაკადის მატების თვალსაზრისით მივიღეთ, დოლარის გაუფასურებამ შესაძლოა, დაგავკარგვინოს. რკინიგზის და პორტების სახელფასო ფონდი ლარებში გაიცემა, ხოლო შემოსავალი დოლარში შემოდის“, - დასძინა ცაგარეიშვილმა.

იმ შემთხვევაში, თუ რუსეთ-უკრაინის ომი მალე დასრულდება რუსეთი სანქციებს თავს გარკვეული პერიოდი თავს მაინც ვერ დააღწევს. მნიშვნელოვანია საქართველომ არსებული შესაძლებლობა სწორად გამოიყენოს და როგორც არსებული პარტნიორები შეინარჩუნოს, არამედ ახალი ტვირთების მოზიდვაც დაიწყოს, რადგან გაზრდილი ტვირთნაკადის დაკარგვა ქვეყნის და ქვეყნის ეკონომიკისთვის ცუდი იქნება.

გადაზიდვის სფეროს სპეციალისტი, გივი თხელიძე მიიჩნევს, რომ ქვეყანამ პარტნიორებს კარგი მომსახურება უნდა შესთავაზოს, რომ მომავალში ძველ დერეფნებს არ დაუბრუნდნენ, თუნდაც ყველა პრობლემის აღმოფხვრის შემდეგაც კი.

„ტრანზიტული ტვირთები, რომ გადაზიდვის ძველ გზებს არ დაუბრუნდნენ ძალიან კარგი სერვისი უნდა შევთავაზოთ, ამასთაავე ფასიც უნდა იყოს ისეთი, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ იმ დერეფნებთან მიმართებით, რომლებიც ახლა არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია დაბრუნდეს.

მოხდება თუ არა საქართველოს კორიდორიდან ტვირთების ძველ მარშრუტზე გადამისამართება კონფლიქტის დეესკალაციის შემდეგ, ამის თქმა რთულია. დღეს იმის პროგნოზირებაც შეუძლებელია საერთოდ როდესმე იქნება თუ არა ამაზე საუბარი, მაგრამ საფრთხე ყოველთვის არსებობს. ამიტომ საქართველო ყოველთვის ყურადღებით უნდა იყოს“, - აღნიშნა თხელიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

არსებული ვითარების მიუხედავად, პოზიტიურ მოლოდინზე მეტად უარყოფითი სჭარბობს. ეკონომისტები მიიჩევენ, რომ ვითარება დროებითია და ეს აუცილებლად შეიცვლება, რაც ძირითადად, ტარიფებისა და ბიუროკრატიული პროცედურებისგან იქნება გამოწვეული. როგორც ეკონომიკის დოქტორი, თსუ–ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი ვახტანგ ჭარაია მიიჩნევს, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულების ან სანქციების შესუსტების შემდეგ, საქართველოდან გაქრება გაზრდილი ტვირთბრუნვა და გადავა ისევ რუსეთში.

„შუა დერეფნის საკითხი ახლა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაზე აქტუალურია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მარტო საქართველოზე არ არის ეს დამოკიდებული. ჩვენ უნდა დავალაგოთ ეკონომიკურ ურთიერთობები მეზობელ ქვეყნებთან და ქვეყნის შიგნითაც ბევრია სამუშაო, მათ შორის თუნდაც ტარიფების გადახედვა, ტრანზიტის პროცედურების გამარტივება, რომ ინვესტორს გასვლა არ მოუნდეს ქვეყნიდან, ამაზე არის დღესვე სამუშაო.

ნაცვლად იმისა, ვიზრუნოთ ტარიფების შემცირებაზე, სატრანზიტო კომპანიებისთვის უფრო მოქნილი პაკეტების შეთავაზებაზე, პირიქით, გვგონია, რომ მათი რაოდენობა იზრდება და რატომ უნდა გავამარტივოთ რამე? რატომ უნდა დავთმოთ როცა ბუნებრივი ზრდა გვაქვს? ეს მიდგომა ჩვენ მიგვიყვანს იქამდე, რომ რუსეთ-უკრაინის ომი დამთავრების შემდეგ, ეს ტრანზიტული ტვირთი საქართველოდან გაქრება და გადავა ისევ რუსეთში. სწორედ ეს არ უნდა დავუშვათ“, - აღნიშნა ჭარაია „კომერსანტთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ მაისიდან, საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვებში ახალ რეგულაციები დააწესა და გადაზიდვების ნებართვები გააძვირა.

1-ლი მაისიდან  საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან საერთაშორისო საავტომობილო ერთჯერადი სატვირთო გადაზიდვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მომსახურების საფასური შეადგენს: დადებითი გადაწყვეტილების 1 სამუშაო დღეში გაფორმებისას – 200 ლარს, 1 სამუშაო დღეზე მეტ ვადაში გაფორმებისას – 140 ლარს.

გადამზიდველს ეზღუდება მესამე ქვეყანაში/ქვეყნიდან სანებართვო დოკუმენტის მიღება, თუ მას უკვე აღენიშნება 2022 წელს მიღებული და 40 დღის განმავლობაში გაუხარჯავი თურქეთის (III), რუსეთის (III) და ყაზახეთის (III) ნებართვის ნაშთი.

გადამზიდველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი გახარჯული სანებართვო დოკუმენტი იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზეც ითხოვს ახალ სანებართვო დოკუმენტს.

იმ შემთხვევაში, თუ მეწარმე სუბიექტს წესრიგში აქვს დოკუმენტაცია და მიიღო ნებართვა, იგი ვალდებულია 90 დღის განმავლობაში გახარჯოს მიღებული დოკუმენტი და წარუდგინოს სააგენტოს. 90 დღის განმავლობაში თურქეთის (III), რუსეთის (III) და ყაზახეთის (III) სანებართვო დოკუმენტიდან ერთ-ერთის გამოუყენებლობის შემთხვევაში, გადამზიდველი ვერ მიიღებს სხვა სახის სანებართვო დოკუმენტს სააგენტოში შესაბამისი გახარჯული ნებართვის წარმოდგენამდე.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×