თამარ ვეფხვაძე
29.06.2022

თბილისში,  სააკაძის მოედანზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის  კორპუსის  პირველი სართულის ერთ-ერთ პატარა ოთახში  რამდენიმე თვის  წინ განლაგებული იყო ავტომატიზაციის სამეცნიერო-კვლევითი და საინჟინრო-ტექნიკური ცენტრი. ამ კორპუსში მიმდინარე რემონტის მიზეზით, ცენტრის თანამშრომლებს  ოთახი დააცლევინეს... ოთახიდან გასახლებულმა თანამშრომლებმა თავიანთი საქმიანობა სახლებში გააგრძელეს და ამ  „უბინაო“ სპეციალისტებმა  დაასრულეს მუშაობა საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვის აღმოსაჩენი „ჭკვიანი“ ხელსაწყოს შექმნაზე, რომელსაც მრავალი ადამიანის გადარჩენა შეუძლია.

პანდემიის   თითქმის ორწლიან  პერიოდში დროებით  მივიწყებული იქნა  აქტუალური და დღემდე გადაუჭრელი საკითხი: გაზის გაჟონვის შედეგად გამოწვეული მატერიალური ზარალი (შენობათა აფეთქებები, ნგრევა)  და ადამიანთა მოწამვლისა  და გარდაცვალების შემთხვევები.

როგორც „რეზონანსს" ავტომატიზაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილმა წევრმა, აკადემიკოსმა ნუგზარ იაშვილმა განუცხადა, ბუნებრივი გაზის გამოყენებას თან ახლავს მეტად მნიშვნელოვანი უარყოფითი მხარე: საყოფაცხოვრებო გაზის (მეთანის) გაჟონვა და მისი დაგროვება მეტად სახიფათოა, რადგან ამას შეიძლება მოჰყვეს დამანგრეველი აფეთქება და ადამიანთა მოწამვლა. ამ დროს, მატერიალური ზარალის გარდა, მოსალოდნელია ადამიანთა მსხვერპლიც.

საცხოვრებელ ბინებსა და სახლებში საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვის აღმოჩენის, ფაქტის გამოვლენისა და ადამიანთა გაფრთხილების მნიშვნელობა ყველასთვის ცხადია. სწორედ ამ პრობლემის გადაწყვეტისა და ადამიანთა უსაფრთხოებისთვის არის განკუთვნილი საცხოვრებელ ბინებში აირის გაჟონვის სიგნალიზაციის მოწყობილობები  და მონიტორინგის სისტემები. დღეისთვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აწარმოებენ აირის გაჟონვის აღმოსაჩენ სხვადასხვა მოწყობილობას. მათ შორის დიდი ადგილი უკავია საცხოვრებელ ბინებში აირის გაჟონვის სიგნალიზატორებს. ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში ბინებისა და სახლების გაყიდვა ან გაქირავება იკრძალება, თუ ისინი, სახანძრო უსაფრთხოების სისტემებთან ერთად, აღჭურვილი არაა გაზის გაჟონვის სიგნალიზატორებითა და სისტემებით.

„ჩვენ თავიდანვე ამბიციური მიზანი დავისახეთ, შეგვექმნა ახალი, ინოვაციური მოწყობილობა, ასევე, მონიტორინგის  კომპიუტერული სისტემა, რომელიც დაიცავდა  ადამიანებს გაზის გაჟონვის თანმხლები აფეთქებისა და ადამიანთა მოწამვლისაგან.

ჩვენს ცენტრში  შექმნილია გაზის მომხმარებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ახალი, ორიგინალური მიკროპროცესული სისტემა (მოწყობილობა), რომელიც შედგება სამი ძირითადი ბლოკისაგან:

- პირველადი  მგრძნობიარე ელემენტი (გადამწოდი) - გაზის აღმოსაჩენად;

-  ჩამკეტი სარქველი, გაზის დაგროვებისას ბინაში გაზის მიწოდების შეწყვეტისათვის;  

- ანალიზურ-გამომთვლელი ელექტრონული ბლოკი (მოწყობილობის „ტვინი“).

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაზე გამოცდების ჩასატარებლად   საკუთარი სახსრებით დამზადებული იქნა  ხელსაწყოს ათი  ნიმუში. დამუშავებულია სისტემის ტექნიკური დოკუმენტაცია, დამზადებულია მოწყობილობის საცდელი  მოქმედი ნიმუშები და  ჩატარებულია მეთანის გაჟონვის აღმოსაჩენი ხელსაწყოს ლაბორატორიული გამოცდა. დამუშავებულ იქნა სისტემის ელექტრული სქემის რამდენიმე ვარიანტი. ამ ეტაპზე შერჩეულ იქნა სქემა, რომელიც აგებულია ერთი ნახევარგამტარული (იაპონური კომპანია „ფიგაროს“  მიერ დამზადებული ) სენსორის ბაზაზე", - განაცხადა ნუგზარ იაშვილმა.

 ცენტრის მთავარი ინჟინერი, ელექტრონიკის დარგის  ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი იური ხუტაშვილი განმარტავს იმ უპირატესობებს, რომლებიც

შემოთავაზებულ ახალ სისტემას, სხვა არსებულ დეტექტორებსა და მოწყობილობებთან შედარებით, გააჩნია:

„სენსორის გახურებისთვის სტაბილიზირებული დენის გამოყენება ამცირებს სენსორის დეგრადაციის სიჩქარეს და ზრდის მისი მუშაობის ხანგრძლიობას, ხოლო ორდიაპაზონიანი გამზომი სქემა უზრუნველყოფს მოწყობილობის მაღალ მგრძნობიარობას ჰაერის როგორც მცირე, ისე დიდი დაგაზიანებისას; ნახევარგამტარული სენსორის მიერ მოხმარებული სიმძლავრე თითქმის 100- ჯერ ნაკლებია ზღვრულ მნიშვნელობაზე; პერიოდული ავტომატური კალიბრების გამო შესაძლებელია, ავიცილოთ ყოველწლიური პერიოდული დამოწმება და კალიბრება, რაც ამცირებს დანახარჯებს", - აღნიშნა ხუტაშვილმა.

გარდა ამისა,  ხაზი გაესვა იმას, რომ ახალ ქართულ ხელსაწყოს შეუძლია  არა მარტო ბუნებრივი გაზის გაჟონვის დაფიქსირება,  არამედ  ე.წ. „მხუთავი  გაზის“ აღმოჩენაც.

ავტომატიზაციის  ცენტრისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო  ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა და სპეციალისტთა გვერდში დგომა. მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე  ხდებოდა საკითხების განხილვა, მსჯელობა და სამუშაოს მიმდინარეობის დაგეგმვა. „ჭკვიანი ქართული ხელსაწყოს“  შექმნაში თავიანთი წვლილი აქვთ შეტანილი სტუ-ის პროფესორებს: შოთა მესტვირიშვილს, გია არაბიძეს, ლევან იმნაიშვილს, ზაალ აზმაიფარაშვილს, ვლადიმერ ფადიურაშვილსა და სხვებს.

აუცილებელია აღინიშნოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატენტო სამსახურის ხელმძღვანელის, ღვაწლმოსილი პროფესორის,  გივი სიბაშვილის მხარდაჭერა და დახმარება  გამოგონებების  არსებითი ნიშნების გამოვლენასა და საპატენტო მასალების  გაფორმებაში. დაგეგმილია  ქართული „ჭკვიანი“ ხელსაწყოს  სხვა ქვეყნებში დაპატენტებაც.

სამუშაო პროცესში სხვადასხვა ეტაპზე  ჩართული იყვნენ იაპონიის, ჩინეთის, უკრაინის, ბელარუსის, ჩეხეთის, ესტონეთისა და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ცნობილი  ფირმები.  განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს საქმიანი და მეგობრული  ურთიერთობა უკრაინელ კოლეგებთან, კიევის უკრაინული კომპანია „სეა ელექტროტექნიკსის“ წარმომადგენელმა კი უშუალოდ მიიღო მონაწილეობა  თბილისში ჩატარებულ სამეცნიერო  ექსპერიმენტებში.

უკრაინელებმა ქართველ სპეციალისტებს უსასყიდლოდ გადმოსცეს აუცილებელი რადიოდეტალები და სასარგებლო რჩევებიც არ დაიშურეს.

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების  ეროვნულმა ცენტრმა „საქპატენტმა“ გამომგონებლებს _ ნ. იაშვილს, ა. ფრანგიშვილსა და ი. ხუტაშვილს  გადასცა სამი პატენტი გამოგონებაზე.

„ჩატარებულმა მრავალრიცხოვანმა ექსპერიმენტებმა  ჩვენ წინაშე დააყენა  კიდევ ერთი საკითხი: შეგვექმნა ახალი სპეციალური საგამოცდო  მეტროლოგიური სტენდი, რადგან არსებული მსგავსი სტენდები ვერ აკმაყოფილებდნენ სტენდებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. ჩვენი ძალებით დავამზადეთ ახალი ტიპის სტენდი, რომლითაც შევძელით ექსპერიმენტების სრულყოფილად ჩატარება.

გვინდა რამდენიმე სიტყვა ვთქვათ  ცენტრის უახლეს პერიოდში  განსახორციელებელ  სამუშაოებზე:

- გაგზავნილი უნდა იქნას ხელსაწყოს საცდელი  ნიმუშები  სერტიფიცირების ორგანოში (მაგ. ქ.კიევში, უკრაინა);

- საერთაშორისო სერტიფიკატის მიღების შემდეგ ქ.თბილისის ერთ-ერთ ქარხანაში უნდა დაიწყოს ქართული ხელსაწყოს სერიული  დამზადება;

- შესაძლებელია, თბილისის ერთ-ერთ  უბანში (მაგ. საბურთალო ან  ვაზისუბანი)  განხორციელდეს საპილოტე პროექტი და სამ-ოთხ  საცხოვრებელ კორპუსში  დამონტაჟდეს 200-250 სერტიფიცირებული დეტექტორი.

ცენტრის სხვა უახლეს გეგმებშია მიწისქვეშა პარკირების ადგილებზე  ჰაერის დაგაზიანების კონტროლის სისტემის, აგრეთვე საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში ჰაერის დაბინძურების შემოწმების მოწყობილობის  შექმნა", - დასძინა „რეზონანსთან" საუბრისას ნუგზარ იაშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×