სომხეთი უკვე გააქტიურებულია და დადებითი ტენდენციებიც შეინიშნება
თიკა სიბოშვილი
29.06.2022

რუსეთის მიერ უკრაინაში წამოწყებული ომი ქვეყანას ეკონომიკური პრობლემების წინაშე აყენებს. ოკუპანტის მიერ წამოწყებული ე.წ. სპეცოპერაციიდან 4 თვეზე მეტი გავიდა და პროცესებმა ახალი მიმართულებაც მიიღო. ძალიან ბევრ დარგს მოუხდა ახალ რეალობასთან შეგუება, მათ შორისაა ავტობიზნესიც.

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მსოფლიო მძიმე ეკონომიკური დარტყმის წინაშე აღმოჩნდა, თუმცა ეს სირთულეც დაძლიეს ქვეყნებმა და მდგომარეობის გაუმჯობესება მოახერხეს, ახლა კი ოკუპანტი ქვეყანა დგას კრიზისის წინაშე, ქვეყანა სანქცინირებულია და, ბევრ სხვა დარგთან ერთად, იქ ავტოინდუსტრიაც გაჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით, ჯერჯერობით, ძალიან კრიტიკული სიტუაცია არ არის, აშკარაა, რომ პრობლემის წინაშე ნამდვილად აღმოჩნდებიან რუსეთიც და მასთან საბაჟო ალიანსში მყოფი სახელმწიფოებიც, რუსეთში საავტომობილო წარმოების კრიზისი კი შესაძლოა, საქართველოსთვის მომგებიანი აღმოჩნდეს და ბიზნესის ეს მიმართულება კიდევ უფრო გააძლიეროს.

როგორც ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელი აღნიშნავს, რუსეთში მანქანების წარმოება მართლაც ძალიან შემცირებულია, რადგან რამდენიმე კომპანიამ ქვეყანა დატოვა.

„რუსეთში ავტომობილების წარმოება მართლაც რომ შემცირებულია, მაგალითად,  „რენომ“ დატოვა რუსეთი, თუმცა მათ ნაცვლად წარმოება კომპანია „კამაზმა“ დაიწყო და ამბობენ, რომ გახდნენ მათი პარტნიორები.

მოთხოვნა რაც არ უნდა გაიზარდოს, არ შეიძლება, საქართველოდან ავტომობილები რუსეთში გავიდეს. თითქმის ყველა ავტომწარმოებელმა კომპანიამ დატოვა რუსეთი და საქართველო ავტობიზნესის გამო სანქციებს დაიდებს.

ჩვენი სექტორი პირდაპირ კავშირშია და დამოკიდებულია დასავლეთზე, ასევე აშშ-სა და ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაზე. ძალიან კარგი იქნებოდა, უფრო მეტად რომ გვეშუამდგომლა მთავრობის ჩართვით, რადგან ეს სექტორზე ძალიან კარგად აისახებოდა“, - აღნიშნა დარბაისელმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ მოთხოვნა საქართველოში გააქტიურებულია იმიტომ, რომ ყაზახები, ყირგიზები და ტაჯიკები შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე.

„ამ ეტაპზე, მოთხოვნა მზარდია, რადგან ყაზახები, ყირგიზები და ტაჯიკები შემოვიდნენ საქართველოს ბაზარზე. ზოგადად, შუა აზიის ქვეყნების სექტორისთვის საქართველო ამჟამად არის ყველაზე დიდი და კარგი გამოსავალი. შესაბამისად, ჩვენ გეოგრაფიული მდგომარეობა სწორად უნდა გამოვიყენოთ“, - დასძინა დარბაისელმა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მხრიდან რეექსპორტი გააქტიურდება, სავარაუდოა, რომ ევრაზიული საბაჟო კავშირის წევრი სახელმწიფოების მხრიდან მოთხოვნა გაიზრდება, რაც ქვეყანაზე პოზიტიურად აისახება. დასავლეთის სანქციებმა რუსეთს შესამჩნევი და მძიმე შედეგები მოუტანა და პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

„რობანი მოტორსის“ ხელმძღვანელი ელგუჯა ჯამაგიძე მიიჩნევს, რომ რუსეთში მიმდინარე პროცესები ოკუპანტ ქვეყანაზე ნამდვილად ცუდად აისახება, თუმცა ეს რამდენად გაზრდის მოთხოვნას საქართველოდან ავტომობილების რეექსპორტზე, ამ ეტაპზე რთული სათქმელია.

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთის ბაზრიდან გამოვიდნენ მწარმოებლები, რომლებსაც კონტრაქტები ჰქონდათ რუსეთის ავტოწარმოებასთან, ეს ნიშნავს, რომ ახალი მოდელების გამოშვება და ბაზრისთვის მიწოდება არ მოხდება. ეს, რა თქმა უნდა, რუსეთზე ცუდად აისახება და გაუჭირდებათ, მაგრამ ნაკლებ გავლენას იქონიებს აზიურ ქვეყნებზე, რომლებიც ერთ საბაჟო სივრცეში არიან მოქცეული. მათ აქვთ თავიანთი წარმოება, რაც არ შეჩერებულა. ყაზახეთს, ასევე ტაჯიკეთს სხვა კომპანიებთან აქვთ ხელშეკრულებები.

საქართველოდან რეექსპორტი დამოკიდებულია იმაზე, ევრაზიულ საბაჟო სივრცეში განბაჟების ტარიფები როგორი იქნება. დღესდღეობით იქ ძალიან ძვირია განბაჟება და თუ განაკვეთები არ შეამცირეს, რთული სათქმელია, მოვლენები როგორ განვითარდება. ამ ეტაპზე, ჯერჯერობით, არანაირი შეღავათი არ არის“, - აღნიშნა ჯამაგიძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სამომავლოდ პოზიტიურ ტენდენციებზე კომპანია „ავტო იმპორტ ჯორჯიის" ხელმძღვანელი, გურამ როსტიაშვილიც საუბრობს. როგორც ის მიიჩნევს, რეგიონში ავტომობილებზე მოთხოვნის გაზრდა და ბიზნესის გააქტიურება საქართველოზე დადებითად აისახება.

„რუსულ ავტოინდუსტრიაში რთული ვითარებაა,  ეს კი საქართველოში დადებით ძვრებს გამოიწვევს. ბოლო პერიოდში თითქოს ამ მიმართულებით შეინიშნება კიდეც ტენდენცია და რუსეთში უკვე დაიწყო ჩვენგან რეექსპორტი. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე სომხეთი უფრო ამოძრავებულია, მაგრამ თუკი რუსეთიდან იქნება მოთხოვნა, ჩვენ გვაქვს დიდი ბაზარი და ქვეყნისთვის ეს კარგი მოგების მომტანი იქნება“, - აღნიშნა როსტიაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ევროპული ბიზნესის ასოციაციის მონაცემებით, მხოლოდ მაისის თვეში რუსეთში ავტომობილების გაყიდვა 83.5%-ით შემცირდა. ამის მიზეზი დასავლეთის სანქციებია, რომლებმაც რუსეთში ავტოინდუსტრია „გაანადგურა“. რუსეთში 24 268 ავტომობილი გაიყიდა მაშინ, როცა 2021 წლის მაისში გაყიდული მანქანების რიცხვი ექვსჯერ მეტი იყო.

უკრაინაში წარმოებული ომის გამო, რუსეთის ბაზარს ეტაპობრივად ტოვებენ დასავლური კომპანიები, მათ შორის _ საავტომობილო ინდუსტრიის წარმომადგენლები. რუსეთის ბაზარი სრულად დატოვა ფრანგულმა „რენომ“.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2024 by Resonance ltd. . All rights reserved
×