„30 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხეთ სიღარიბის დაძლევა"
გვანცა წულაია
25.05.2022

საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალი 1000 ლარს აღემატება _  ასეთია სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის მონაცემები, რომლებიც, სპეციალისტების შეფასებით, ყოფა-ცხოვრებისთვის საკმარისი არ არის, განსაკუთრებით - დღევანდელ რეალობაში, როდესაც ყველაფერი გაძვირებულია და გაურკვეველია უახლოესი მომავლის პერსპექტივა.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ საქართველოში ერთი ოჯახის საშუალო შემოსავალი 1221 ლარი და 80 თეთრია. ამ 1221 ლარიდან 86% ფულად შემოსავლებს წარმოადგენს, რაც რეალურ ფულად გამოსახულებაში ოჯახზე 1050 ლარის შემოსავალს ნიშნავს.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ერთი ოჯახი, საშუალოდ, 3.3 წევრისგან შედგება, რაც ერთ თვეში, ერთ წევრზე 318 ლარის შემოსავალს ნიშნავს, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება, საშუალოდ ოჯახის ერთი წევრი იყოს დასაქმებული, დანარჩენი წევრები არ მუშაობდნენ ან ერთი წევრი იყოს დასაქმებული და დანარჩენი ორიდან ერთი მაინც იყოს პენსიონერი.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ოჯახების საშუალო ფულადი შემოსავლიდან, ანუ 1050 ლარიდან ყველაზე დიდი წილი - 45.9% ხელფასზე მოდის, რაც თვეში, საშუალოდ, 482 ლარს შეადგენს.

შემოსავლის მეორე ყველაზე დიდი წყარო პენსიებია, რაც ოჯახების საშუალო თვიური შემოსავლის 22.6%-ს შეადგენს, რაც, საშუალოდ, 237 ლარია.

მესამე პოზიციას იკავებს თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, რაც შემოსავლის 10.2%-ია, ეს თვეში 107 ლარის შემოსავალს ნიშნავს.

ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ოჯახში არის თვითდასაქმებული ან პენსიონერი, ან საერთოდაც დასაქმებული, არამედ ამ სტატისტიკის მიხედვით, ოჯახებს, საშუალოდ, თვეში 1050 ლარის ფულადი შემოსავალი აქვთ, ხოლო მათი წყაროები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ყველაზე პრობლემურია ის ფაქტი, რომ დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი მთლიანი შემოსავლის მხოლოდ 45.9%-ს შეადგენს.

როგორც სტატისტიკოსი გივი მომცელიძე აცხადებს, დღესდღეობით ოჯახის ნორმალური ცხოვრებისთვის 1050 ლარი საკმარისი არ არის და საქართველო ამ მხრივ ღარიბი ქვეყანაა.

„რასაკვირველია, აღნიშნული თანხა საკმარისი არ არის. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯერ ისევ ერთ-ერთი ღარიბი ქვეყანა ვართ. 30 წელი გავიდა, რაც დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხეთ სიღარიბის დაძლევა. ალბათ, კიდევ კარგა ხანს ვიქნებით ასეთ სიტუაციაში და ამის ბევრი მიზეზია.

ის, რაც ყველაზე მეტად გვჭირდება, არის უცხოური ინვესტიციები, სადაც არ გვაქვს კარგი მდგომარეობა. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს, თუნდაც _ პანდემია, ომი. სწორედ ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს არ უნდა დავაბრალოთ, მაგრამ ომამდეც და კოვიდამდეც მარტივად შეგვეძლო, უკეთ ვყოფილიყავით.

მოსახლეობაში, თითქოს, უცხოური ინვესტიციების ფობიაა. რომ ვაკვირდები, საზოგადოება მაინცდამაინც არ მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს. არადა, როცა გვიჭირს და ფული გვჭირდება, ვიღებთ საგარეო ვალს, კრედიტებს. დამატებით ღირებულებას უნდა ვქმნიდეთ და ჩვენ არ ვქმნით. ამას ფულიც უნდა, მოხერხებაც და ალბათ, გონიერებაც. ძალიან გაჩერებული ვართ”, - განუცხადა „რეზონანსს” მომცელიძემ.

საშუალო შემოსავალი მთლიანად უნდა უზრუნველყოფდეს მოსახლეობის სამომხმარებლო მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას, მათ შორის _ კომუნალური გადასახადების გადახდასა და გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის გარკვეული თანხის გადადებასაც, თუმცა დღევანდელ სიტუაციაში, როცა ყველაფერი ძვირდება, საშუალო ხელფასის ოდენობის განსაზღვრაც უფრო რთულია.

ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ერთ-ერთი მათგანია, ვინც მიიჩნევს, რომ 1050 ლარი ოჯახისთვის საკმარისი არ არის და იმ გზებზე საუბრობს, რომლებიც მოსახლეობის კეთილდღეობას გამოასწორებს.

„ცხადია, 1050 ლარი არ არის საკმარისი. ჩვენი მთავრობა ამაყობს იმით, რომ ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ამის გამო კმაყოფილია. საქართველო განვითარებული და მეტ-ნაკლებად ნორმალური ქვეყნებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩვენთან აინტერესებთ და საუბრობენ მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ ზრდაზე და ზოგჯერ _ ინფლაციაზე, მაგრამ არ საუბრობენ ისეთ თემაზე, როგორიც არის მოსახლეობის კეთილდღეობა.

მოსახლეობის კეთილდღეობა იზომება ისეთი პარამეტრებით, როგორებიც არის სრულფასოვანი კვება, ჩაცმა, ჯანდაცვა, განათლება და ა.შ. ეს ყველაფერი იზომება, რის შემდეგაც გამოდის კეთილდღეობის კოეფიციენტი. ჩვენთან ამას არ ზომავენ, ევროპის ქვეყნებში კი ამას ზომავენ და დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენთან ამაზე საერთოდ არ საუბრობენ, ხალხს ამის შესახებ არ ესაუბრებიან და არც აინტერესებთ. თუ მოვითხოვთ, მოგვეცემა კიდეც.

ხშირად გვსმენია, რომ დიდი მონოპოლიები ცუდია. ცუდი იმიტომ არის, რომ ფული ვიღაცის ჯიბეში იყრის თავს და სხვა დანარჩენ ხალხს ფული არ აქვს, რომ რაიმე შეისყიდოს, ამის გამო კი მთლიანი ეკონომიკა მუხრუჭდება. 

გამოსავალი არის მთლიანად ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა. ეს, პირველ რიგში, უნდა აისახოს იმაზე, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა შეცვალოს ინფლაციასთან ბრძოლის ხერხი. კრედიტი კი არ უნდა ძვირდებოდეს, არამედ უნდა იაფდებოდეს. რეალური სექტორისკენ უნდა იყოს მიმართული გრძელვადიანი საინვესტიციო კრედიტები, რათა ქვეყანაში გაჩნდეს საქონელწარმოება. ასეთი დარგები ასაქმებს ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანს. საწარმოში ხომ იქმნება სამუშაო ადგილები და, ამის გარდა, ქმნის სამჯერ უფრო მეტ სამუშაო ადგილს. ეს არის გადაზიდვა, ლოგისტიკა, სარეკლამო და ა.შ. 

სებ-მა ასევე უნდა შეცვალოს ფულადსაკრედიტო პოლიტიკა. მოკლედ, მაკროეკონომიკური ცვლილებებია საჭირო, რისი მიზანიც უნდა იყოს ის, რომ ფული გაიშალოს მთელ საზოგადოებაში. როცა ქვეყანას ფული აქვს, მაშინ არის ეკონომიკა დინამიკური, კარგად და სწრაფად მოქმედი, რის შედეგადაც ღარიბი მდიდრდება და მდიდარი კიდევ უფრო მდიდრდება”, - განუცხადა „რეზონანსს” სოსო სიმონიშვილმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×