ჩვენი რეგიონისადმი ინტერესი გაათმაგებულია, მთავრობის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს მართავს
ქეთო გოგოხია
23.05.2022

დავოსის ფორუმი საქართველოს ეკონომიკისთვის შეიძლება, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ქვეყანას გაუჩნდა ახალი, რეალური შესაძლებლობები, რომლებიც უშუალოდ უკრაინა-რუსეთის ომს უკავშირდება. ფაქტობრივად, ეკონომიკის ყველა მიმართულებაში ჩნდება გზა, რომ ომის ნეგატიური გავლენა სარგებლად იქცეს. როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ჩვენი ქვეყანა გამონაკლისი არ არის, ომმა ბევრი რამ შეცვალა მსოფლიოში, მათ შორის - ინვესტიციების მარშრუტი და არ არის გამორიცხული, გარკვეული ნაწილი ჩვენკენ წამოვიდეს. მთავარია, ამ შანსს რამდენად მომზადებული დავხვდებით.

მთავარი ფაქტორი, რაც ომის ფონზე საინვესტიციო მიმზიდველობას გვანიჭებს, სტაბილურობაა, რომელსაც საქართველო ინარჩუნებს და უკვე უმნიშვნელოვანესი დერეფანი ხდება გლობალურ ლოგისტიკაში. ასეა დღესდღეობით არა მარტო საქართველო, არამედ - მთლიანად ამიერკავკასიის რეგიონი.

რას წამოიღებს დავოსიდან საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ამაზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. როგორც ცნობილია, ვიზიტის ფარგლებში იგი კომპანია „რიპლის" აღმასრულებელ დირექტორ ბრედ გარლინგჰაუსს შეხვდა. მას პრემიერ-მინისტრმა კომპანიის მომსახურების ცენტრის საქართველოში გახსნა შესთავაზა და აღნიშნა, რომ ქვეყანას სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს, სულ ახლახანს კი მთავრობამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა და ევროკომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს ბაზარი ციფრული აქტივების განვითარების თვალსაზრისითაც ხელსაყრელია და სწრაფად ვითარდება. ახალგაზრდა, გამოცდილი და კონკურენტუნარიანი ადამიანური კაპიტალით საქართველო ხდება გლობალური და რეგიონული მრავალფუნქციური ჰაბი ფინანსური სერვისების, ტექნიკური და ინოვაციური ინდუსტრიებისთვის. რეპუტაციისა და მეგობრული ბიზნესგარემოს წყალობით, საქართველო გლობალურად გახდა ლიდერი ქვეყანა ბიზნესის კეთების სიმარტივით. ქვეყანა განვითარებულ ბაზრებზე იმავე ლიგაშია, რომელშიც ამერიკის შეერთებული შტატები, სინგაპური, დანია, ნორვეგია და დიდი ბრიტანეთი არიან.

ის, რომ საქართველოს ამ შესაძლებლობების გამოყენების მაქსიმალური რესურსი აქვს, „ბიზნეს-რეზონანსთან“ ეკონომისტმა პაატა შეშელიძემაც დაადასტურა. მან განსაკუთრებით სატრანსპორტო დერეფნის გაფართოებაზე გააკეთა აქცენტი და ამავე დროს ყურადღება გაამახვილა სამ ძირითად ფაქტორზე, რა მხრივაც დავოსის ფორუმს საქართველოსთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.

„დავოსის ეკონომიკური ფორუმი თავისთავად დიდი არაფერია, მაგრამ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ბოლო პერიოდში დიდი შესაძლებლობები გამოჩნდა. პირველია ის, რომ სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა გაიზარდა. სატრანსპორტო კომპანიები უფრო მეტად დაინტერესდებიან  ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობით;

მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა, რომ ტურისტული მარშრუტების თვალსაზრისით უკრაინა და რუსეთი გამოირიცხა, ამიტომ მთელი ძალისხმევა უნდა მივმართოთ, რათა მოგზაურთა ის კატეგორია, რომელიც ამ ქვეყნებში აპირებდა დასვენებას, საქართველოთი დავაინტერესოთ. მე ამ მხრივ უპირატესობას მივანიჭებდი მთლიანად სამხრეთკავკასიურ ტურებს. როცა ადამიანი შორიდან ჩამოდის დასასვენებლად, მრავალფეროვნებას დიდ ყურადრებას აქცევს;

მესამე, რაზეც აქცენტს გავაკეთებ, ეს არის ფინანსური მიმართულება - უცხოური ბანკები და საინვესტიციო ფონდები. როცა უკრაინა და რუსეთი თამაშგარე დარჩნენ, საქართველოს შეუძლია, ბევრად კარგი შეთავაზება გააკეთოს და ბანკები, რომლებიც ოპერირებდნენ რუსეთში, მოვიზიდოთ საქართველოში, საიდანაც შემდეგში კავკასიასა და ცენტრალურ აზიას მოემსახურებიან. ეს მიმართულებები უნდა იყოს პრიორიტეტული, პრაქტიკული და რეალური“, - განაცხადა პაატა შეშელიძემ.

ეკონომისტის ვარაუდით, უცხოური მსხვილი საწარმოების საქართველოში შემოყვანისთვისაც შეიძლება მომწიფდეს ნიადაგი, თუმცა ამ გამოწვევისთვის ქვეყანა, ჯერჯერობით, მზად არ არის.

„ნაკლებად რეალურად მეჩვენება საწარმოების სიმძლავრეებზე საუბარი. არ მაქვს ილუზია, რომ საქართველოში სერიოზული წარმოების რეალიზება წარმატებით შეგვეძლება, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ეს თავისუფლად მოხერხდება, მით უმეტეს, საქართველოს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ნებისმიერი ტვირთი ამ მიმართულებით ტექნიკურადაც და ფინანსურადაც მომგებიანია.

მსუბუქი მრეწველობა ბევრად უფრო პერსპექტიულად მეჩვენება და ამ მიმართულებით საქართველომ გარკვეული ნაბიჯები უკვე  გადადგა. შეგვიძლია, ეს შანსი უფრო აქტიურადაც გამოვიყენოთ. ახლა იმაზე კი არ უნდა ვსაუბრობდეთ, ვერთვებით თუ არა ომში, არამედ იმაზე უნდა ვფიქრობდეთ,რისი შეთავაზება შეგვეძლება ამ მოცემულობაში დანარჩენი მსოფლიოსთვის. ჩვენი პოტენციალი მაქსიმალურად გაზრდილია ომის გამო და ეს შანსი ბოლომდე გამოსაყენებელია“, - განაცხადა „ბიზნეს-რეზონანსთან“ პაატა შეშელიძემ.

სპეციალისტები საუბრობენ იმაზეც, რომ, მიმზიდველობასთან ერთად, არის გარკვეული საფრთხეც, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების პოტენციალზე ნეგატიურად მოქმედებს. აკადემიკოს ავთო სილაგაძის აზრით, ქვეყანას ყველა კუთხით შეეძლება ინვესტიციების მოზიდვა, მაგრამ რისკების პრევენციის მიმართულებითაც არის ზომები გასაძლიერებელი.

„დიდი შესაძლებლობებია ასეთ შეკრებებზე, როგორიც დავოსის ფორუმია, რომ  სამთავრობო დონეზე პოლიტიკური კავშირები დამყარდეს და განსაკუთრებით  ახალი ეკონომიკური ურთიერთობისთვის მოვემზადოთ. დავოსში წარმოდგენილია   ყველა ქვეყნის მნიშვნელოვანი ბიზნესმენები, ხოლო მათთან შეხვედრისას აუცილებლად უნდა გაესვას ხაზი იმ მიღწევებს, რომლებიც პანდემიურ პერიოდში ქვეყნის ეკონომიკამ აჩვენა. ეს იქნება მანიშნებელი, რომ ინვესტიციებს კიდევ უფრო აქტიურად მოვიზიდავთ ჩვენს ეკონომიკაში.

თითქმის ყველა მიმათულებით გვაქვს ამის საშუალება - როგორც სოფლის მეურნეობაში, ასევე _ მრეწველობაშიც, მომსახურების სფეროში, ტურიზმში, ენერგეტიკაში. სადაც გაიხედავთ, ყველა კუთხით შეგვიძლია, საინტერესო ვიყოთ ინვესტორებისთვის, თუმცა საფრთხეებიც არსებობს. უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა უნდა იქნას შენარჩუნებული, არ უნდა  გაიხსნას ახალი ფრონტი საქართველოს ტერიტორიაზე. ამის საფრთხეს ინვესტორები ხედავენ, ამიტომ რუსეთთან ურთიერთობაში ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევინარჩუნოთ  დელიკატურობა“, - განაცხადა ავთო სილაგაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“.

შეგახსენებთ, რომ  შვეიცარიის ქალაქი დავოსი, ორწლიანი პაუზის შემდეგ, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს მასპინძლობს. განხილვის მთავარი თემა უკრაინაში რუსული აგრესიაა. ფორუმის სახელია „უკრაინა - სახლი დავოსში“, რომელიც უკრაინისა და საერთაშორისო მხარდამჭერებისთვის შეიქმნა.

ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრები ორიოდე დღის წინ დაიწყო. საქართველოს მთავრობის დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უმნიშვნელოვანეს შეხვედრებს მართავს და დაინტერესებულ დელეგაციებს ქვეყნის გაზრდილ შესაძლებლობებს აცნობს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×