ახლა მთავარია, ეროვნული ვალუტის რევალვაციამ ფასებზეც დროულად იმოქმედოს
თიკა სიბოშვილი
23.05.2022

ლარი მყარდება და დადებითი ტენდენცია მომდევნო თვეების გამვალობაში კიდევ გაგრძელდება. ომის ფონზე, ქართული ვალუტა პოზიციებს დღითი დღე იუმჯობესებს და ახლა ზუსტად ის პერიოდია, როცა კურსი სტაბილურობას დიდხანს შეინარჩუნებს. საინტერესოა, როდემდე გაგრძელდება გამყარების ტენდენცია და რა ნიშნულამდე ჩავა ლარის კურსი.

რეგიონში მიმდინარე ომის პარალელურად, ქვეყანაში ბოლო დღეებია, ლარი სწრაფად მყარდება. ქართული ვალუტა სწრაფად იუმჯობესებს პოზიციებს, რომელიც ომამდელ ნიშნულს უკვე დაუბრუნდა და 2.90-საც ჩასცდა. ახლა უკვე რეალურია, რომ კურსი 2.80-მდე ჩავიდეს და არც 2.70-იანი ნიშნულია შორეული პერსპექტივა. ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ ასახელებს იმ არგუმენტებს, თუ რატომ მყარდება ლარი. როგორც ის აღნიშნავს, პანდემიის დასასრული, ტურიზმის აღდგენა და უცხოური ინვესტიციები ის მიზეზებია, რომლებიც კურსის გამყარებაზე დადებითად მოქმედებს.

„ლარის გამყარებას ფუნდამენტური საკითხები განაპირობებს, რაც დაკავშირებულია ზოგადად სავალუტო შემოდინებების ბალანსთან. პირველ რიგში, ეს არის ექსპორტის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი; საერთაშორისო ტურიზმი თითქმის 70%-ით აღდგენილია, რაც კოვიდპანდემიამდე იყო; მესამე, ძირითადი ფაქტორი ფულადი გზავნილებია, რაც თითქმის 4-ჯერ არის გაზრდილი და ეს დაკავშირებულია, გარკვეულწილად, უკრაინაში მიმდინარე ომსა და აქ ჩამოსულ ლტოლვილებთან.

ნიშანდობლივია, რომ ტურიზმი მართალც აღდგა, თუმცა ისე არა, როგორც 2019 წელს იყო. ამასთანავე, მართალია, ექსპორტი გაზრდილია 30%-ით, თუმცა, იმავდროულად, გაზრდილია იმპორტიც, რადგან ეკონომიკური აქტივობა არის მომატებული და უარყოფითი სავაჭრო ბალანსი გვაქვს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რა ამყარებს ლარს? შეიძლება ვთქვათ, რომ უცხოური ინვესტიციები და გაზრდილი რეინვესტირება კურსს გამყარებაში ეხმარება“, - აღნიშნა ცუცქირიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ და დასძინა, რომ კურსი რა ნიშნულზეც არ უნდა ჩავიდეს ახლო მომავალში, ყველაზე რეალური 2.80-ის ფარგლებში იქნება.

„ზაფხულში კურსი, ძირითადად, მყარდება ხოლმე, რადგან ადგილობრივი პროდუქცია იზრდება, ტურიზმი ბოლო წლების პიკზეა, იმპორტირებულ პროდუქციას ქართული ნაწარმი ანაცვლებს, რაც, ბუნებრივია, სავალუტო გადინებას ამცირებს. ეს შესაბამისად მოქმედებს ლარის გამყარებაზე. შეიძლება, კურსი 2.75-ის ფარგლებშიც ჩავიდეს, თუმცა შენარჩუნება რამდენად მოხერხდება, რთული სათქმელია. სავსებით რეალურია, რომ ახლო მომავალში გაცვლითი ნიშნული 2.80-დან 2.90-მდე დიაპაზონში შენარჩუნდეს. დანარჩენს მომავალი აჩვენებს“, - აღნიშნა ცუცქირიძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

რუსეთ-უკრაინის ომის ეკონომიკური ფასი დიდი იქნება მთელი რეგიონისა და მსოფლიოსთვის. ომით გამოწვეული დანაკარგების ზუსტი პროგნოზირება ამ ეტაპზე რთულია, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა ცხადყო, რომ მას ლარის კურსზე გავლენა არ ექნება. გარემოებები, რომლებიც ეროვნულ ვალუტაზე გავლენას ახდენს, გაუმჯობესებულია, თუმცა კიდევ უფრო პოზიტიური მოლოდინი უკვე ზაფხულის სეზონიდან არსებობს. ტურიზმის მიმართულებას ეროვნულ ვალუტაზე საკმაო გავლენა აქვს, თუმცა, ამის გარდა, მნიშვნელოვანია ეკონომიკის ბოლომდე აღდგენა, ექსპორტის გაზრდა და ფულადი გზავნილების წილიც.

სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის სწრაფი გამყარება არცთუ ისე კარგია, თუმცა დღეს ეს უკვე რეალობაა. ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე მიიჩნევს, რომ მიმდინარე მოვლენები, ტურიზმის გამოცოცხლება და ეკონომიკური აქტივობა ლარის კურსს გამყარებაში ძალიან ეხმარება.

„ძალიან დიდი ეტაპი, რასაც პანდემია და ჩაკეტილი სივრცე ერქვა, მთავრდება, შესაბამისად, აქტივობა და კაპიტალის მოძრაობა იმატებს, ეკონომიკა ცოცხლდება, ნეგატიური ფაქტორები ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის. თუ არაფერი შეიცვლება, ორი რამის გამო შეიძლება, ლარის კურსის გამყრების მოლოდინი გვქონდეს: გამომდინარე იქიდან, რომ პანდემიის დასასრულის გამო საზღვრები იხსნება და ტურისტული ნაკადი მატულობს, რასაც ემატება ზაფხულის ტურისტული სეზონი. საერთოდ, გაზაფხულიდან ეროვნულ ვალუტაზე გამყარების კუთხით წნეხი ყოველთვის მოდის, რაც შეიძლება, შემოდგომის მეორე ნახევრამდე გაგრძელდეს.

დადებითად მოქმედებს ასევე, ფულადი გადმორიცხვები და საინვესტიციო აქტივობები. ასევე, რუსეთ-უკრაინის პოლიტიკური კრიზისის გამო, ქვეყნების ჩაკეტვა და პრაქტიკულად საქართველოსკენ გადმონაცველება, მაგალითად, სატრანსპორტო ნაკადის. ეს უცხოური ვალუტის  შემოდინებას ზრდის“, - განუცხადა კუკულაძემ „ბიზნეს-რეზონანსს“ და დასძინა, რომ კურსის ასე სწრაფი გამყარება ბიზნესს წინასწარი გათვლების შესაძლებლობას არ აძლევს, რაც, საბოლოოდ, ფასების შემცირებაში არ გამოიხატება.

„მაქვს მოლოდინი, რომ ლარის გამყარების ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა ასეთი სწრაფი ტემპიც არ არის კარგი, რადგან ეკონომიკა უნდა შეეჩვიოს იმას, რომ ეროვნული ვალუტის კურსი იქნება კონკრეტული ნიშნულის ფარგლებში. მაშინ, როცა ბიზნესს არ შეუძლია გათვლების გაკეთება, ეს მათთვის პრობლემურია. ისინი ფიქრობენ, რომ, გამყარების შემდეგ, სწრაფადვე გაუფასურდება კურსი, ამიტომაც დადებითი ეფექტი ამას ფასებთან დაკავშირებით ვერ ექნება. მთავარია, გაკეთდეს სწორი განცხადებები და სწორი მოლოდინი შეექმნას ბიზნესს.

ბიზნესი ყოველთვის სიფრთხილეს იჩენს და ამიტომ ფასების შემცირებას ასეთივე ტემპით ვერ აჰყვება. ხანდახან ერთ დღეში 8-10 პუნქტით მყარდება ეროვნული ვალუტა და შესაბამისი პროპორციით პროდუქტი ვერ გაიაფდება. ამას უნდა შეჩვევა, რომ როგორმე დაიწყოს ფასებმა შემცირება. საბოლოოდ, თუ სამომხმარებლო ბაზარზე არაფერი შეიცვალა და ინფლაცია იგივე დარჩა, ვიტყვი, რომ ეროვნული ვალუტის გამყარება ცუდი იქნება, რადგან იმპორტირებულ პროდუქტს მაინც ვიყიდით ძვირად, ხოლო თუ ჩვენი ნაწარმი ექსპორტზე იაფად გავა, გამოვა, რომ ქვეყანაში შემოვა ნაკლები ლარი“, - დასძინა კუკულაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×