ილია თამარაშვილი: თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ვახორციელებთ მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს სოფლის მეურნეობის ყველა მიმართლების მხარდასაჭერად
თამარ ვეფხვაძე
23.05.2022

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამები აქტიურად გრძელდება. პანდემიური კრიზისის შემდეგ, როცა რეგიონში მიმდინარე ომმა გლობალურ ეკონომიკას შეუქმნა საფრთხე და სასურსათო უსაფრთხოება ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად იქცა, სოფლის მეურნეობის როლი კიდევ უფრო ძლიერდება. შესაბამისად, მთავარი აქცენტები სწორედ ფერმერული მეურნეობების განვითარებაზე კეთდება.

პირველ ეტაპზე, ფერმერებს შესაძლებლობა ეძლევათ, დროულად და ხარისხიანად განახორციელონ საგაზაფხულო სამუშაოები. გარდა იმისა, რომ ყველა მცირემიწიანი მესაკუთრე მთავრობისგან  იღებს ფინანსურ დახმარებას,  წინასწარ ტარდება ზომები რისკების პრევენციის მიმართულებით, რისთვისაც აგროდაზღვევის კომპონენტი უფრო მეტად ფართოვდება.  

უფრო ვრცლად, თუ როგორ ეხმარება მთავრობა აგრარული სექტორს, კონკრეტულად რა ხელშეწყობა აქვთ ფერმერებს, რა იცვლება აგროდაზღვევის მიმართულებით და როგორია ფერმერების ჩართულობა აგროდაზღვევაში? - ამ და სხვა კითხვებს ,,რეზონანსთან“ სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი პასუხობს.

,,რეზონანსი“: რას ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა, როგორ და რა მექანიზმით აპირებს მთავრობა პროგრამის ფარგლებში მცირემიწიანი ფერმერების დახმარებას?

ილია თამარაშვილი: პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  ახალი პროგრამა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის“ სახელმწიფო პროგრამა მოამზადა, რომლის მიზანი მცირემიწიანი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საქონელის შესყიდვაში დახმარებაა. ფასების ზრდის მსოფლიო ტენდენციის ფონზე, მიგვაჩნია, რომ ეს მხარდაჭერა გარდაუვალი აუცილებელობაა. სახელმწიფო პროგრამით მიღებული ფინანსური დახმარება ფერმერებისთვის მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება წარმოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფარად.   

მცირემიწიანი ფერმერებისთვის აგროქულების დარიცხვა მალე დასრულდება, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში,  აგროქულები 100 000 ათასზე მეტ ფერმერს უკვე დაერიცხა. აგრობარათებზე თანხის დარიცხვა ეტაპობრივად ხორციელდება რაც შეეხება პროგრამის პირობებს, პროგრამის ფარგლებში სუბსიდიას მიიღებენ 0.25 ჰა-დან - 1.25 ჰა-ს ჩათვლით მიწის მესაკუთრეები/თანამესაკუთრეები,  1 ჰა-ზე 300 ლარის გაანგარიშებით.  პროგრამით სარგებლობისთვის, ფერმერებმა დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაცია უნდა მიიღონ „ლიბერთი ბანკის“ ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით - https://myliberty.ge/ და შემდეგ მიმართონ ბანკის ნებისმიერ ფილიალს არსებული აგრობარათის გასააქტიურებლად ან ახალი ბარათის ასაღებად. აგროქულების განაღდება, ამ ეტაპზე, საქართველოს მასშტაბით, 180-ზე მეტ სპეციალიზებულ მაღაზიაშია შესაძლებელი; პროგრამის ბენეფიციარ ფერმერებს, ეტაპობრივად, 500-ზე მეტ სავაჭრო ობიექტი მოემსახურება.

ჯამში, პროგრამით 300 ათასზე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს და დარიცხული ქულებით სპეციალიზებულ მაღაზიებში სასოფლო-სამეურნეო საქონელს შეიძენს.  ბენეფიციარს შესაძლებლობა ექნება ბარათზე დარიცხული ქულები გამოიყენოს სასუქებისა და მცენარეთა დაცვის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებების, მცენარეთა მოვლის ქიმიური/ბიოლოგიური საშუალებებისა და სათესლე და სარგავი მასალების შესაძენად. აგრობარათებზე დარიცხული ქულების გამოყენების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.  

იმისათვის, რომ ჩაერთონ პროგარამაში, იმ ფერმერებმა ვისაც ჯერ არ აქვთ დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთები,  არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით უნდა  განახორციელოს  მიწის ნაკვეთის პირველადი რეგისტრაცია. პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება შესაძლებელია ლიბერთი ბანკის ცხელი ხაზის (2 55 55 00) მეშვეობით. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს ნომერზე 1501 (ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა).

,,რ“:  რამდენად აქვთ შესაძლებლობა  ფერმერებს, ჩაერთონ აგროპროექტებში, რომელსაც სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს? რა კონკრეტული პროგრამებია  ხელიმისაწვდომი ამ დროისათვის იმისთვის, რომ მოხდეს ფერმერული მეურნეობების განვითარება ?

ი.თ: სოფლის განვითარების სააგენტო აგრარული დარგის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად ახორციელებს მიზნობრივ პროგრამებსა და პროექტებს სოფლის მეურნეობის ღირებულებათა ჯაჭვის ყველა კომპონენტის მხარდასაჭერად. ეს გულისხმობს, როგორც ფერმერთა და აგრობიზნესით დაინტერესებულ პირთა პირდაპირ, საგრანტო დახმარებას, ასევე ხელს უწყობს სტრატეგიული მიმართულებების მხარდაჭერას სისტემური პროგრამების განხორციელების გზით. სწორედ ამ მიზნით, სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესებისათვის ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათთვის ხელმისაწვდომია შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი.

აქვე აღსანიშნავია რომ, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით პროგრამას  ქვეკომპონენტი დაემატა,   აღნიშნული მიმართულებით სესხების გაცემის მიზანია, ფერმერებს შეუმცირდეთ ერთწლოვანი კულტურების მოყვანისას საბრუნავი საშუალებების ხარჯი და შესაძლებლობა მიეცეთ, მოიყვანონ მეტი ხარისხიანი აგროპროდუქტი. სოფლის განვითარების სააგენტო შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის 12 თვის პროცენტის თანადაფინანსებას ახორციელებს, წლიური 9%-ის ოდენობით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა 18%-ით არის დადგენილი. პროექტის ფარგლებში, ერთ ბენეფიციარზე გაცემული სესხის თანხა განსაზღვრულია 5 000 ლარიდან 100 000 ლარის ჩათვლით. პროექტით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველოს მოქალაქე ფიზიკურ პირებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს (გარდა სახელმწიფო/მუნიციპალური საწარმოებისა). ქვეკომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის მიზნობრიობა მოიცავს, ერთწლოვანი კულტურების სათესი და სარგავი მასალის პესტიციდების, ორგანული და მინერალური სასუქების, მცენარეთა დაცვის ბიოლოგიური საშუალებების მიმდინარე ხარჯების, ერთწლოვანი კულტურებისთვის შრომითი რესურსებისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დაქირავების სამუშაოების, გამოყენებული ტექნიკის საწვავ-საცხები მასალების მიმდინარე ხარჯების დაფინანსებას. ქვეკომპონენტის ფარგლებში, საფინანსო ინსტიტუტები სესხებს 2022 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით გასცემენ.

 რაც შეეხება მიმდინარე სხვა პროგრამებს, გადამამუშავებელი და შემნახველი  საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში, გადამამუშავებელი საწარმოების კომპონენტის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყება 23 მაისს და დასრულდება 6 ივნისს. პროგრამა ითვალისწინებს პროექტის ჯამური ღირებულების 40% თანადაფინანსებას, მაგრამ არაუმეტეს 500 000 ლარის. რაც შეეხება შემნახველი საწარმოების თანადაფინანსებას პროგრამაში განაცხადების მიღება დაიწყება 16 მაისს და დასრულდება 30 მაისს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ თანადაფინანსებით შემნახველი და სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით, რომელიც გათვალისწინებული იქნება მხოლოდ ბოსტნეულის და კარტოფილის შესანახად პროგრამის ფარგლებში, არანაკლებ 500 ტონა ტევადობის შემნახველი საწარმოს მოწყობისთვის, გათვალისწინებულია 80% თანადაფინანსება, არაუმეტეს 450 000 ლარისა.

აღსანიშნავია, ტექნიკური დახმარების პროგრამა,   რომელიც  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს  აძლევს საშუალებას  მიიღონ  მართვის საკონსულტაციო მომსახურების ღირებულების თანადაფინანსება.  პროგრამის  ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ასევე ეძლევათ  შესაძლებლობა, პროდუქციის საბოლოო სასაქონლო სახის მისაცემად საჭირო აღჭურვილობისა და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის ღირებულების თანადაფინანსება მიიღონ.  პროგრამაში რეგისტრაცია  გამოცხადდება პირველ ივნისს დაიწყება.

მიმდინარე სახელმწიფო პროგრამები  მოიცავს როგორც სასოფლო-მეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამებს, მოსავლის ამღებსა და  სხვა ნებისმიერი სხვა ტიპის ტექნიკას, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას, ასევე აღსანიშნავია საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომლიც ოთხ რეგიონში ხორციელდება და ფარავს იმერეთი, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი რეგიონებს. სოფლის განვითარების სააგენტო ახალი საწარმოების შექმნის, ასევე არსებული საწარმოების გაფართოების ან/და გადაიარაღების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს ამ პროექტს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.   კიდევ ერთი პროექტი რომელსაც  სოფლის განვითარების სააგენტო (RDA) ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის” (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს არის მწვანე გრანტების პროგრამა, რომლის მიზანია სოფლად არასასოფლო-სამეურნეო სამეწარმეო საქმიანობის განვითარების მხარდაჭერა. პროგრამა ქედას, ხულოს, ბორჯომის, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, ყაზბეგის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში ხორციელდება. პროგრამა 18 მაისს დაიწყო და   ითვალისწინებს მარტივი მზის გამათბობელი და  მზის წყლის გამაცხელებელების, ასევე  ვაკუუმური ტიპის მზის წყლის გამაცხელებელებისა და შენობის თბოიზოლაციის თანადაფინანსებას, სადაც  სააგენტოს მიერ  დასაფინანსებელი გრანტის  თანხა 3 000 დან 25 000-მდე მერყეობს და თანადაფინანსება 60%-იდან 90%-მდე.

,,რ“:  როგორ ხდება სასოფლო-სამეურნეო რისკების დაზღვევა საქართველოში  სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში და რომელი მცენარეული კულტურების დაზღვევაა შესაძლებელი?

ი.თ: აგროდაზღვევის პროგრამა  შესაძლებლობას აძლევს ფერმერებს კლიმატური რისკებისგან დაიცვან  საკუთარი მოსავალი. ამასთანავე, აგროდაზღვევა თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის. სადაზღვევო პოლისი ფარავს ისეთ სადაზღვევო  რისკებს როგორიც არის სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და  საშემოდგომო ყინვა (მხოლოდ ციტრუსოვანი კულტურებისათვის). აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა ყველა კულტურაზე 70%, ხოლო  ვაზზე 50%-ია. აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 10 ჰა (ხორბლის მოსავლის დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 50 ჰა) ფართობის ჩათვლით სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. დასაზღვევად მიიღება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთები.  

,,რ“:  დღეის მდგომარეობით, რამდენი პოლისია გაცემული და ჯამში რა მოცულობის მიწის ფართობია დაზღვეული?

ი.თ: მიმდინარე წლის მონაცემებზე ამ დროისთვის  ნაადრევია საუბარია, რადგან სწორედ ახლა ხდება პოლისების გაყიდვა და მოგვიანებით აუცილებლად გავასაჯაროებთ ამ ინფორმაციას.  რაც შეეხება გასული  წლის მონაცემებს. რაც შეეხება ჯამურ მონაცემებს, პროგრამის დაწყებიდან, 2014 წლიდან, გასული წლის ჩათვლით გაცემულია 135 ათასზე მეტი პოლისი, დაზღვეულია 122 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, სულ სადაზღვევო პრემიამ შეადგინა 85.2 მლნ ლარი, საიდანაც სააგენტოს თანადაფინანსება 57.6 მლნ ლარია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მიერ გადახდილ 100 ლარის სადაზღვევო პრემიის თანადაფინანსებაზე 114.67 ლარი სადაზღვევო ანაზღაურება მოდის.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×