რუსეთსა და უკრაინაში გაჩენილ პრობლემებს დადებით დინამიკაზე გავლენა პრაქტიკულად არ მოუხდენია
გვანცა წულაია
19.05.2022

საქართველომ საგარეო მიმართულებით პოზიციები საგრძნობლად გაიმყარა. ქართული პროდუქცია მსოფლიოში ახლა უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, რასაც ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით, ყოველთვიურად დიდი მოცულობის პროდუქცია გააქვს, რაც იმის მანიშნებლია, რომ საქართველოს საექსპორტო მაჩვენებელი სულ უფრო მეტად უმჯობესდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ექსპორტის მაჩვენებელი სოლიდურად იზრდება და ქვეყანას ნელ-ნელა საგარეო ბალანსის გამოსწორება შეუძლია.

2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უცხოეთში 1.58 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც წინა წელთან შედარებით 33%-ით მეტია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროკავშირში საქართველომ 275 მლნ-ის ღირებულების საქონელი გაიტანა ექსპორტზე, რაც მთლიანი ექსპორტის 17.3% იყო. წინა წელთან შედარებით, ევროკავშირში ექსპორტი 64 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

ქვეყნების მიხედვით, პირველ ადგილზეა ჩინეთი, სადაც საქართველომ 290 მილიონი დოლარის საქონელი გაიტანა, ეს მთლიანად ევროკავშირში ექსპორტზე მეტია. მეორე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, მესამეს კი რუსეთი. მიმდინარე წელს რუსეთში ექსპორტმა მხოლოდ 0.4%-ით იკლო და 156 მილიონი დოლარი შეადგინა. ბევრად უფრო მეტად - 46%-ით არის შემცირებული საქართველოს ექსპორტი უკრაინაში.

წელს საექსპორტო ქვეყნების ათეულში პირველად მოხვდა პერუ, რომელიც მერვე პოზიციას იკავებს. ეს კი 60 მილიონი დოლარის ღირებულების აზოტოვანი სასუქების ექსპორტმა განაპირობა.

საერთოდ კი მთავარი საექსპორტო ქვეყნების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება: 1. ჩინეთი - 290 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 46%, 2. აზერბაიჯანი - 168 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 11%, 3. რუსეთი - 156 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან -0.4%, 4. ბულგარეთი - 129 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 51%, 5. თურქეთი - 128 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 23%, 6. სომხეთი - 109 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 102%, 7. აშშ - 88 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 130%, 8. პერუ - 62 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 1842% 9. უკრაინა - 53 მილიონი დოლარი, კლება წინა წელთან 46%, 10. ყაზახეთი - 42 მილიონი დოლარი, მატება წინა წელთან 198%.

ჩინეთში საქართველოს ძირითადი საექსპორტო საქონელი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია, რაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 82%-ია. აზერბაიჯანში კი საქართველოს ძირითადი სავაჭრო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია, იანვარ-აპრილში საქართველომ აზერბაიჯანში სულ 69 მილიონი დოლარის ავტომობილები გაიტანა.

როგორც ეკონომისტი და სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე აცხადებს, საქართველოს საგარეო სავაჭრო ექსპანსია საკმაოდ ამბიციურია და ქვეყანა თანდათან შეძლებს საგარეო ბალანსის გამოსწორებას.

„სირთულეების და არასტაბილური გარემოს მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ვითარდება, რისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტია ექსპორტის ზრდა. მართალია, წინა წელთან შედარებით, აპრილიში, დაახლოებით, 10%-ზე ოდნავ მეტი ზრდა გვაქვს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ 2021 წლის აღნიშნულ თვეში გვქონდა საკმაოდ სოლიდური მატება, 2020 წლის აპრილთან შედარებით. თუ შევადარებთ პანდემიამდელ, 2019 წლის აპრილის დონს, მიმდინარე წლის აღნიშნულ თვეში გვავქს უკვე 337%-იანი ნახტომი. ადგილორბივი ექსპორტის მაჩვენებელი კი კიდევ უფრო მაღალია, სადღაც 74%-ით გადავაჭარბეთ პანდემიამდელ მონაცემებს. ცალსახად ჩვენი ეკონომიკური პოტენციალი ადასტურებს, ჯერ ერთი - მაღალ ტემპს, მეორე - სტაბილურ განვითარებას და მესამე – მდგრადობას, გარე გამოწვევებთან მიმართებით.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩვენ შევამცირეთ ექსპორტი უკრაინასა და რუსეთში, გასაგები მიზეზების გამო. დაახლოებით, 30%-ით ნაკლები ექსპორტი გვაქვს წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ამ ფაქტის მიუხედავად, დანარჩენ მსოფლიოსთან მაინც გვავქს საკმაოდ სოლიდური ვაჭრობა. თუ რუსეთსა და უკრაინას გამოვრიცხავთ, ექსპორტის 59.7%-იანი ზრდა გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ დივერსიფიცირებული გვაქვს საგარეო ვაჭრობა. ეს ყველაფერი ნიშნავს მეტ კონკურენტუნარიანობას, ქვეყანაში მეტ დასაქმებას, საექსპორტო პროდუქციის წარმოებაზე და ნაკლები ვალუტის გადინებას.

პერუ ათეულშია, ამაზე ძალიან შორსმიმავალ დასკვნებს ნუ გავაკეთებს, მაგრამ ეს მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ ჩვენი საგარეო ვასაჭრო ექსპანსია საკმაოდ ამბიციურია და გვაქვს გრძელვადიანი გეგმები. ვცდილობთ დავიმკვიდრით ადგილი დასავლეთ ნახევარსფეროშიც. ეს სიმბოლური დატვირთვის მაჩვენებლია. არა მხოლოდ პერუ, არამედ ამერიკას, ჩინეთთან საკმაოდ მნიშვნელოვანი მატება გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ თანდათან შევძლებთ საგარეო ბალანსის გამოსწორებას”, - განუცხადა „რეზონანსს” არჩვაძემ.

საქართველომ ექსპორტის მოცულობა განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ მოახერხა. 2020 წლიდან მონაცემები სულ უფრო პოზიტიურია. აკადემიკოსი ავთო სილაგაძე აცხადებს, რომ თუ წარმოებაზე ორიენტირებული ეკონომიკა გვექნება, ქვეყანა აუცილებლად გაძლიერდება. ექსპორტის ზრდას ჯაჭვური ეფექტი აქვს. ასეთ დროს ვითარდება წარმოება და იქმნება სამუშაო ადგილები.

„ეკონომიკური თვალსაზრისით, როდესაც ექსპორტი იზრდება, ბუნებრივია, მტკიცდება და მყარდება ურთიერთობები. ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ადგილზე ნაწარმოები საქონლის მოცულობის ზრდა. ექსპორტი დამატებით ვალუტის შემოტანას უწყობს ხელს, პარალელურად ვითარდება წარმოება, იზრდება იმ დარგების მოცულობა, რისი პროდუქციას ქვეყნიდან გადის. იქმნება სამუშაო ადგილები. გარდა შემოსავლებისა, უმჯობესდება დასაქმების მაჩვენებელი. ყველაერი კი მთლიანობაში, ეკონომიკის გამყარებას და განვითარებას უწყობს ხელს, ანუ აღნიშნული საკითხი უაღრესად მნიშვნელოვანია. ამიტომ, ცენტრალური და პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს, საექსპორტო დარგების განვითარება.  

ბუნებრივია, კიდევ უფრო გაგრძელდება დადებითი დინამიკა და ეს მოსალოდნელიც არის, რადგან საფუძველი დაედო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას ევროკავშირთან, ჩინეთთან და ა.შ.

თუ ექსპორტზე ორიენტირებული ეკონომიკა გვექნება, ქვეყანა აუცილებლად გაძლიერდება. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. ის, რომ საქართველოს ექსპორტი უნდა გაიზარდოს, არის და უნდა იყოს ჩვენი მთავარი მიზანი. ქვეყანაში შემოვა თანხა დიდი რაოდენობით, რაც თავისთავად ცხადია, რომ ეკონომიკის სიძლიერისათვის მნიშვნელოვანია”, - განუცხადა ავთო სილაგაძემ „რეზონანსს”.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×