გვანცა წულაია
18.05.2022

ამერიკის შეერთებული შტატები ვენესუელის ენერგეტიკულ სექტორზე დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს. აშშ იმ დისბალანსის შევსებას ცდილობს, რომელიც ნავთობის მოთხოვნა-მიდოების მიმართულებით არსებობს. რა ცვლილებებს შეიძლება დაედოს საფუძველი და მოახდენს თუ არა საქართველოზე გავლენას ვენესუელასთვის შეზღუდვების შემსუბუქება?

მალე კომპანიებს ვენესუელაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ევროპის ბაზარზე გატანის საშუალება მიეცემათ, ხოლო უმსხვილეს ამერიკულ ენერგოკომპანია "შევევრონს" უფლება ეძლევა ვენესუელურ სახელმწიფო ნავთობკომპანია PDVშA-სთან მოლაპარაკების აწარმოოს და ბიზნესშეთანხმებასაც მიაღწიოს.

ამერიკის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადებით, უახლოეს მომავალში აშშ არ გეგმავს ვენესუელის მთავრობასთან აქტიურ თანამშრომლობას და დაწესებული სანქციების სრულად გაუქმებას, თუმცა ზემოხსენებული გადაწყვეტილებით შედარებით გამარტივდება ენერგოკომპანიებს შორის თანამშრომლობის მიღწევა.

ექსპერტების შეფასებით, თეთრი სახლის მიერ "შევრონსა" და PDVშA-ს შორის მოლაპარაკებების წარმოების უფლების მიცემა იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-მა, შესაძლოა, ვენესუელის ენერგორესურსები ევროპის დასახმარებლად და საერთაშორისო ბაზრისთვის ნავთობის მიწოდების გასაზრდელად გამოიყენოს.

საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია აცხადებს, რომ ვენესუელასთვის შეზღუდვების შემსუბუქება ევროპისა და ამერიკისთვის შვების მომტანი იქნება, საქართველოზე კი ეს ფაქტი რაიმე გავლენას არ მოახდენს.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება იმიტომ, რომ თვითონ სანქციებმა, ევროკავშირშიც და ამერიკაშიც კრიზისი გამოიწვია. აშშ-ში მაღალხარისხიანი საწვავი ვერ მზადდება თუ ე.წ. მძიმე ნავთობპროდუქტების არ შეერია. ასეთი კი მას არ მოეპოვება. მძიმე ნავთობის ძირითადი მიმწოდებლები არიან რუსეთი, ვენესუელა და ირანი. სამივე ქვეყანა დღესდღეობით სანქციების ქვეშაა.

რაც შეეხება საქართველოს, ვენესუელასთვის შეზღუდვის შემსუბუქება ჩვენზე არ აისახება. საქართველო სანქციებს არ შეერთებია და ამიტომ, საწვავზე მაინც მაღალი ფასი დარჩება. ევროპისთვის და ამერიკისთვის კი იქნება შვება.

საქართველოში საწვავის ფასებს აკონტროლებს ნავთობის კონსტრუციუმი, რომელიც შეიქმნა აზერბაიჯანში 1994 წელს და აზერბაიჯანული კომპანია სოკარი”, - განუცხადა „რეზონანსს” ნიკა შენგელიამ.

ამჟამად მოქმედი სანქციების რეჟიმის მიხედვით, ამერიკულ კომპანიებს ეკრძალებათ ვენესუელაში ნავთობის მოპოვება, ენერგორესურსებით ვაჭრობა და ქვეყანაში მოპოვებული ნედლი ნავთობის ექსპორტზე გატანა.

ემბარგო აქვს დაწესებული ირანსაც. ქვეყანას ნავთოპროდუქტები ექსპორტზე შეზღუდული რაოდენობით გააქვს. დისბალანსის შესავსებად, რომელიც მოთხოვნა-მიწოდების მიმართულებით არსებობს, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ირანთანაც.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაიხარტარი ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სხვადასხვა გზებით ცდილობს ის დისბალანსი შეავსოს, რომელიც ნავთობის მოთხოვნა-მიწოდების მიმართულებით არსებობს.

„პირვველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ბოლო რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს. ზოგადად, შეერთებული შტატები ცდილობს, რომ ნავთობის ბაზარზე არსებული დისბალანსი, გარკვეულწილად, აღმოფხვრას, ამისათვის კი იყენებს ნებისმიერ საშუალებას, დაწყებული სტრატეგიული მარაგების გახსნიდან, ირანთან წარმოებული მოლაპარაკებებით დამთავრებული, რომელიც ახლაც აქტიურად მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, საქმე ეხება ე.წ. სანქციებს, რომელიც ირანს თავის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აქვს დაწესებული. მეორე მიმართულება კი არის ვენესუელა, რომ ამ ქვეყნის ნავთობი ბაზარს სრულფასოვნად მიეწოდოს.

ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზანი, რომ სხვაობა, რომელიც არის მოთხოვნა-მიწოდებას შორის, როგორმე გასწორდეს. მოგეხსენებათ, ეს არის პრობლემა, რომელიც ამერიკის ეკონომიკიდან დაწყებული, მთელ ევროპას უქმნის პრობლემას. ინფლაციური პროცესები ბოლო წლებში გლობალურ პრობლემად გადაიქცა. მისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია პიკური ფასი ნავთობპროდუქტებზე. აქედან გამომდინარე, აშშ ცდილობს, ნავთობის მიწოდების პრობლემა, მოაგვაროს და ამის საპირწონედ სხვადასხვა ნაბიჯებს დგამს, რათა მეტ-ნაკლებად არსებული შოკი გაანეიტრალოს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ნავთობპროდუქტების ბაზარზე”, - განუცხადა „რეზონანსს” ბაირახტარა.

რუსეთის აგრესიამ და უკრაინაში დაწყებულმა ომმა, მსოფლიოში ახალი გარემოებების შექმნას დაუდო საფუძველი. იმ შემთხვევაში, თუ ვენესუელას ნავთობის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვა შუმსუბუქდება, მსოფლიოში დადებითი ტენდენციები დაიწყება, დისბალანსის პრობლემა აღმოფხვრება.

ირანთან დაკავშირებით მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში კი, ვითარება იმდენად გამოსწორდება, რომ ძვირი ნავთობის ეპოქა შესაძლოა, საერთოდ დასრულდეს კიდეც.

ამჟამად კი, სანამ 3 უდიდეს ნავთობმწარმოებელ (ვენესუელა, ირანი, რუსეთი) ქვეყანას სანქციები აქვს დაკისრებული. ვითარება სულ უფრო იძაბება, ნავთობი ძვირდება. მსოფლიოში დიზელისა და ბენზინის ფასი თითქმის ერთნაირია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "პლატცის" მიხედვით, 1 ტონა ბენზინისა და დიზელის ღირებულებამ 1100 დოლარს მიაღწია.

ვენესუელასთვის და ირანისთვის შეზღუდვების შემსუბუქებას საქართველოზე პირდაპირი ეფექტი არ ექნება, თუმცა მსოფლიო ბაზარზე მათი ნავთობის შეტანით, ნავთობპროდუქტების გაიაფებას დაედება საფუძველი და რადგანაც საქართველოში შემოსული საწვავის ღირებულება დამოკიდებულია მსოფლიო ბაზარზე არსებულ ფასებთან, ვითარება თანდათან ქვეყნის შიგნითაც გამოსწორდება.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×