ის, რაც ხდება რეგიონში ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს სერიოზულ შემოსავლებს მიიღებს ქვეყანა
თიკა სიბოშვილი
11.05.2022

საქართველოს  შანსი აქვს, რომ  ქვეყნის სატრანზიტო დერეფანს უდიდესი მნიშვნელობა შესძინოს. რეგიონში მიმდინარე ომმა, ბევრი პრობლემა შექმნა და საქართველოც შანსის გამოყენებას შეუდგა. თუ ქვეყანა სწორი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებს, ომმა ზარალზე მეტი, შესაძლოა, სარგებელი მოიტანოს. გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ტვირთების საკუთარ დერეფანში მოზიდვა უკვე დაიწყო და მასშტაბები ალბათ კიდევ გაიზარდება. ყოველ შემთხვევაში, ამის შესაძლებლობა და ინტერესი ნამდვილად არსებობს.

რუსეთისთვის დაწესებული სანქციები, საქართველოს სატრანსპორტო პოტენციალისთვის უდიდესი შესაძლებლობა გახდა. ომის გამო ტვირთის მოზიდვა დაიწყო და კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც ფაქტია, რომ დადებით ეფექტს მოიტანს. ამასთანავე არსებობს დიდი შანსი, რომ მასშტაბები კიდევ გაიზარდოს, რაც ეკონომიკური მაჩვენებელების გასაუმჯობესებლად ნამდვილად მნიშნვნელოვანი იქნება.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, საქართველო სატრანსპორტო დერეფანში ტვირთები გაზრდილია, ხოლო ყაზახეთმა საქართველოზე გამავალი დერეფნით ნავთობის გადაზიდვა უკვე დაიწყო, რაზეც განაცხადი მიმდინარე წლის აპრილში გააკეთა.

“რაც შეეხება სატვირთო კორიდორში ახალი რეალობის გათვალისწინებით მოზიდული ტვირთების საკითხს, განაცხადი უკვე არის და ყაზახეთმა ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო, რაც წელიწადში 2 მლნ ტონას შეადგენს. ამას გარდა, დამატებით სხვა ყაზახური ნავთობპროდუქტები 600 ათასი ტონა იქნება. ასევე იგეგმება 2.5 მლნ სხვადასხვა მშრალი და ნაყარი ტვირთის (როგორებიცაა გოგირდი და სასუქები) ზრდა, გადაზიდვა.

ჩვენი მოლოდინით 40-50 ათასამდე საკონტეინერო ერთეულით მოიმატებს კორიდორში ტვირთების რაოდენობა. ეს, ძირითადად, ჩინეთიდან, ცენტრალური აზიიდან ევროპაში მიმავალი ტვირთია. ამ პროცესში გამოყენებული იქნება როგორც ჩვენი, ასევე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალიც”, - განაცხადა გურამიშვილმა ევროპასთან ინტერგაციის კომიტეტის სხდომაზე.

მიმდინარე მოვლენების პარარელურად საქართველოს სატრანზიტო მიმართულებაზე კიდევ ერთი გადამზიდი, ფინური კომპანია "ნურმინენ ლოგისტიკსი" გადაერთო, რომელმაც რუსეთში ოფისი 17 მარტს დახურა და ამ ქვეყნის გვერდის ავლით დაიწყო ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით გადაზიდვების წარმოება.

„2022 წლის 10 მაისს სამხრეთის ახალი ტრანსკასპიური მარშრუტით უკვე დაიძრა "ნურმინენ ლოგისტიკსის" კუთვნილი პირველი სრულშემადგენლობიანი საკონტეინერო მატარებელი, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. – მარშრუტი ჩინეთის ჩუნცინში იწყება და ყაზახეთზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და რუმინეთზე გადის ცენტრალური ევროპის მიმართულებით“.

მანამდე კი, აპრილის შუა რიცხვებში ჩინეთიდან ევროპაში რუსეთის გვრდის ავლით უკვე გაიარა საკონტეინერო მატარებელმა, რომელიც სიანიდან დაიძრა და გერმანიაში საქართველოს ტერიტორიის გავლით ჩავიდა.

ფაქტია, რომ საქართველოს დერეფანი უალტერნატივო ხდება, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ იმავდროულად რამდენად არის ქვეყანას მზად ამ ოდენობის შემოთავაზებას გაუმკლავდეს. ახლა, მნიშვნელოვანია ბოძებული შანსი ქვეყანამ სწორად გამოიყენოს.

ტრანსპორტის დარგის ექსპერტი გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ ქვეყანაში სატრანზიტო დერეფნების გააქტიურება სხვა სფეროების განვითარებასაც იწვევს და აუცილებელია შესაძლებლობის სწორად გამოყენება.

„საქართველოზე გამავალი დერეფნების გააქტიურება სხვა სფეროების განვითარებასაც გამოიწვევს. მაგალითად, მომსახურების სფეროს, ასევე ლოგისტიკურ ცენტრებს, სატრანსპორტო კომპანიებს. ყველაფერი, რა თქმა უნდა, იმოქმედებს ხარისხზეც, რადგან მოთხოვნები უფრო მაღალი იქნება და ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომ პოტენციური რესურსი, რომელიც ქვეყანას აქვს, მაქსიმალურად იყოს გამოყენებული.

აშკარაა, რომ დერეფნების გააქტიურებას დიდი დადებითი ეფექტი ექნება იმ კუთხით, რომ შემოსავლები სატრანსპორტო მომსახურეობის კუთხიდან გაიზრდება, შეიქმნება ახალი ცენტრები, რაც დადებითად იმოქმედებს ეკონომიკურ აქტივობაზეც. მოცემულობიდან გამომდინარე ჩანს, რომ საქართველო ჩაჯდება ახალ რეალობაში“, - აღნიშნა კვაშილავამ „რეზონანსთან“ საუბრისას.

მნიშვნელოვანია საქართველოს სატრანზიტო დერეფანმა მიმზიდველობა არ დაკარგოს და ახალი პარტნიორი ქვეყნები შეინარჩუნოს. ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა დიდ შემოსავალს მიიღებს, რაც, რა თქმა უნდა, ქვეყანაზე პოზიტიურად აისახება.

„საქართველოს დერეფნების გააქტიურებას კომპლექსური შედეგი ექნება. ამ ინდუსტრიაში უამრავი ხალხია ჩართული, ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით კი ნავსადგურების გარშემო არსებობს ინფრასტრუქტურა, არის სააგენტოები, საბროკეტო კომპანიები, გადამზიდავები, ტერმინალები და ა.შ. ტენდენციას თუ შევხედავთ ჩანს, რომ ყველა ეს კომპანია სრულად დაიტვირთება და სერიოზულ შემოსავლებს მიიღებს ქვეყანა, გაიზრდება ვალუტის შემოდინება და ა.შ. ის, რაც ხდება რეგიონში ძალიან ცუდია, თუმცა ჩვენზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.

მსოფლიოში მიმდინარე პროცესებმა მოიტანა ის, რომ საქართველოს დერეფანი უალტერნატივოდ გადაიქცა. განსაკუთრებით სამხრეთ და ცენტრალური აზიის ქვეყნები აქტიურობენ, რადგან მათი გასასვლელი ზღვაზე, ევროპის ბაზრებისკენ მხოლოდ ჩვენი კორიდორია“, - აღნიშნა იაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×