"სახელმწიფო მოხელეები თუ მოინდომებენ, შეიცვლება მდგომარეობაც!”
გვანცა წულაია
10.05.2022

საქართველოს მთავრობა საწვავის გაიაფების გზებს ეძებს. კონკურენციის სააგენტოს 4 დღე დარჩა იმისათვის, რომ საწვავის ბაზარზე არსებული ვითარება დეტალურად შეისწავლოს და დასკვნა წარმოადგინოს. უცნობია, რა დასკვნას ექნება სააგენტოს და რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუმცა ფაქტია, რომ პრემიერის მოწოდების შემდეგ, ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავი 5-10 თეთრით გაიაფდა. სპეციალსიტები ამბობენ, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება პრობლემა მოგვარდება. 

ბიზნესის გარდა, ყველა ამბობს, რომ საქართველოში საწვავის გაიაფების რესურსი არსებობს, უბრალოდ, ამის პოლიტიკური ნება უნდა იყოს გამოვლენილი და თუ ქვეყანაში ჯანსაღი კონკურენცია იქნება, ვითარება ეტაპობრივად გამოსწორდება. ახლა ყველას ყურადღება კონკურენციის სააგენტოსკენ არის მიმართული.

ანალიტიკოსი მერაბ ჯანიაშვილი აცახდებს, რომ სააგენტომ ბაზარი სრულიად უნდა შეისწავლის და თუ რაიმე დარღვევა იქნება, კომპანიები უნდა დაჯარიმდნენ და თანაც მათ ჯანსაღ კონკურენციაზე გადასვლა უნდა მოეთხოვოთ. რაც შეეხება ფასებს, საქართველოში საწვავის გაიაფების რესურსი ნამდვილად არსებობს და რამდენიმე ფაქტორს ასახელებს, რომელიც სწორედ ამაზე მეტყველებს.

,,არაბრენდირებული ბენზინგასამართ სადგურები 40-60 თეთრით უფრო იაფად ყიდიან საწვავს. ამასთან, ყველა მსხვილ ბენზინგასამართ სადგურს, მაგალითად, 20-თეთრიანი აქციები აქვს ხოლმე, თავისი მომხმარებელბისთვის. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მათ ფასის რეალურად შემცირება შეუძლიათ, მაგრამ ეს არ ხდება.

წლებია ბაზარზე კონკურენციის სერიოზული პრობლემაა, ფასი არ დგინდება ჯანსაღი კონკურენციის შედეგად. ეს აქამდე უნდა შეესწავლა და მიეხედა სახელმწიფოს. არ ვიცი კონკურენციის სააგენტო რა დასკვნას დადებს, მაგრამ ცოტა ხნის წინ თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციააო. პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელიც სამწუხაროდ, არ ხდება. არ ვაკათებთ იმას, რაც პრობლემის გადასაჭრელად არის გასაკეთებელი.

სააგენტომ უნდა შეისწავლოს ბაზარი. თუ აღმოაჩნეს, რომ ფასწარმოქმნა არ არის რეალური, უნდა დაჯარიმდეს კომპანიები. მათ უნდა მოეთხოვოთ ჯანსაღ კონკურენციაზე გადასვლა. იმ შემთხვევაში თუ კომპანიები ამ ნაბიჯს არ გადადგამენ, კიდევ დაჯარიმდნენ და ა.შ.

ის ფაქტი, რომ საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან (აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, რუმინეთიდან და სხვა) საწვავის იმპორტიორი გვყავს და ყველა თითქმის ერთი და იგივე ფასი აქვს, რა თქმა, აჩენს ეჭვს. სანამ კონკურენციის გასაჯანსაღებლად შესაბამისი ნაბიჯები არ გადაიდგმება და დამნაშავე კომპანიები არ იგრძნობენ, რომ შესაძლოა, მათი პასუხისმგებლობა დადგეს, ასეთი სიტუაცია გაგრძელდება. მათ არასოდეს არ დაეზარებათ იმის ძახილი, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობი ძვირდება და ასახვა აქაც მაშინვე მოხდება. წარმოუდგენელია, რომ ასახვა რამდენიმე დღეში მოხდეს. ყველაფერს რომ თავის დავანებოთ, კომპანიებს მარაგი უნდა ჰქონდეთ.

არანაირად არ ვემხრობი იმ ლოგიკას, რომლითაც კომპანიები თავს იმართლებენ ფასის ზრდის მიხედვით, მაგრამ მათივე ლოგიკითაც რომ ვისაუბროთ, მარტში ლარის კურსი 3,35-ზე იყო და აპრილში - გამყარდა, ნავთობი მარტში 130 დოლარმადე მივიდა და აპრილში - გაიაფდა, მაგრამ ჩვენთან მარტში საცალო ბაზარზე რა ფასიც იყო, კი არ დაიკლო, არამედ გაძვირდა და როგორ? მათივე მსჯელობაც არ ჯდება ლოგიკაში.

საერთოდ, ეს პოლიტიკური ნების საკითხია. სახელმწიფო მოხელეები თუ მოინდომებენ, შეიცვლება მდგომარეობაც”, - განუცხადა ,,რეზონანსს” მერაბ ჯანიაშვილმა.

ამასობაში, ლარი მყარდება და კურსი უკვე 3,03-მდე ჩამოვიდა. ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზრებზეც ფასები ნელ-ნელა სტაბილურდება და კარგა ხანია 100-დან 105 დოლარის ფარგლებში მოძრაობს, ადგილობრივ ავტოგასამართ სადგურებში კი პიკური ფასი ნარჩუნდება და იგი უტოლდება იმ დროის ფასებს, როდესაც მსოფლიოში 1 ბარელის ღირებულება 130 დოლარს აჭარბებდა, ხოლო ლარის კურსი 3.30-ს აღემატებოდა.

აშკარაა, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტების გაიაფება და ლარის გამყარება საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ იმპორტორებს გარკვეული ზომები მიეღოთ. სიძვირია საბითუმო ბაზარზეც. უკვე ერთი კვირაა დიზელი 3.95, ხოლო ბენზინი 3.0 ლარი ღირს.

,,საბითუმო ბაზრის ფასები შემდეგნაირად გამოიყურება, 1 ლიტრი ბენზინი ღირს 3 ლარი და დიზელის ღირებულება შეადგენს 3.95 ლარს. ბოლო პერიოდში, დაახლოებით ერთ კვირის განმავლობაში ეს ფასებია.

ერთი სასიამოვნო და კარგი ამბავი ის არის, რომ 2-3 დღეა დიზელზე პლატცის ღირებულება დაბლა ჩამოვდა, თუმცა ბენზინზე პირიქით მოხდა. თუ პლატცმა კიდევ იკლო და ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლოა, დიზელი ცოტა გაიაფდეს”, - განუცხადა ,,რეზონანსს” კომპანია ,,სენტა პერტოლიუმის” დამფუძნებელმა ზაალ იაკობიძემ.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. როგორც მან რამდენიმე კვირის წინ აღნიშნა, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა.

,,ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში. ამის შემდეგ გავაკეთებთ უკვე შესაბამის დასკვნებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და აქამდე უკვე 4-5 დღეა დარჩენილი.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×